მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ ლისის ტბასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტაქსიდან გადმოსვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტელეფონი წაართვეს და ერთ საათზე მეტხანს გადაადგილება შეუზღუდეს. მისი თქმით, პირები თავს სამართალდამცავებად ასაღებდნენ, თუმცა ვინაობა არ გაუმხელიათ. სულუხია აცხადებს, რომ მათგან გაქცევა მოახერხა და დახმარებას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველთან შეხვედრას.

"მეგობრებო, ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.

მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს.

დათვალიერებისას არ აღმომაჩდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი მაგრამ ამაოდ.

ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა.

ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ.

რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.

მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.
SOS გთხოვთ ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება", — წერს სულუხია სოციალურ ქსელში.