როგორ ამუშავებენ ქართული საიტები თქვენს კომპიუტერებს კრიპტო-ვალუტის მოსაპოვებლად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ინტერნეტის მომხმარებლებმა რამდენიმე ქართულ საიტზე ე.წ. JavaScript Crypto Miner-ები აღმოაჩინეს. ამ გზით, საიტების მფლობელები, საიტზე შესული მომხმარებლის კომპიუტერის რესურსს, კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად იყენებენ.

ვერაფერი გავიგე...

ალბათ გაგიგიათ ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი ან სხვა მრავალი კრიპტო-ვალუტა. ესენი "ციფრული ფულის ერთეულებია", რომელთა მოსაპოვებლად, კომპიუტერის გამოთვლითი რესურსია საჭირო. (ძალიან) მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფულის გამომუშავება (ე.წ. mining, მაინინგი) კომპიუტერის მიერ მისთვის მიცემული "ამოცანების ამოხსნით", მათი გამოთვლით ხდება.

ასეთი გამოთვლების საკეთებლად, სპეციალური მოწყობილობებიც კი არსებობს, რომლებსაც ჩვეულებრივ კომპიუტერებთან შედარებით, ბევრად მძლავრი გამოთვლითი რესურსი აქვთ, სპეციალურად შემუშავებული ჩიპების ან ძლიერი ვიდეო-ბარათების ხარჯზე.

ბოლო პერიოდში კი გამოჩნდა რამდენიმე ვებ-სერვისი, რომლებიც საიტების მფლობელებს, მათივე მომხმარებლების კომპიუტერებისგან კრიპტო-ვალუტების მოპოვებას სთავაზობს.

როგორ იყენებენ ჩემს კომპიუტერს?

მუშაობის სქემა მარტივია: წარმოიდგინეთ, თქვენ შედიხართ საიტზე, სადაც მფლობელმა მსგავსი კოდი მოათავსა. თქვენთან ერთად, საიტზე შედის კიდევ 100 სხვა მომხმარებელი და ჯამში ამ საიტზე ატარებთ 20 წუთს (ვთქვათ, უყურებთ ვიდეოს).

სანამ საიტი გახსნილია, მასში მოთავსებული სპეციალური კოდი თქვენს კომპიუტერს მაქსიმალურად "ამუშავებს", რათა შეასრულოს გამოთვლითი სამუშაოები და მოიპოვოს კრიპტო-ვალუტა. ასეთ დროს გამოდის, რომ ასივე მომხმარებელმა საკუთარი კომპიუტერები "მიაქირავეთ" საიტის მფლობელს, ვალუტის mining-სთვის.

რომელი საიტები აკეთებენ ამას?

მსგავსი "ფარული" მეთოდებით ფულის გამომუშავება დაბალი ხარისხის ან სპამ-საიტებისთვის მიღებული პრაქტიკაა. იქნება ეს კრიპტო-მაინერი, ფონად ამომხტარი პორნო-რეკლამა თუ წონის დაკლების აბების რუსული სტატიების ბმულები — შესაბამისი ხარისხის საიტებისთვის, გავრცელებული ფორმაა.

თუმცა, ქართველი მომხმარებლების ნაწილის პროტესტი, მსგავსი მეთოდის უფრო "წონიანი" კომპანიების მიერ გამოყენებამ გამოიწვია.

სამი კვირის წინ, ასეთი მაინერი translate.ge-ზე პირველად შენიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, იგი საიტიდან გაქრა.

დღეს დილით, აღნიშნული კოდი ფეისბუქის მომხმარებლებმა დააფიქსირეს გასართობ პორტალზე Adjaranet, სადაც ის ამ მომენტამდე აქტიურია. თბილისის ფორუმზე ასევე განთავსდა Ambebi.ge-ს რამდენიმე კვირის წინანდელი ფოტო, სადაც პროგრამა მომხმარებელს საიტზე კოდის არსებობას ატყობინებს, თუმცა, ამ დროისთვის კოდი საიტზე არ ფიქსირდება.

განახლება 18:20 — მაინერის კოდი ამ დროისთვის Adjaranet-დანაც ამოღებულია.

განახლება 19:40 — Ambebi.ge-ს წარმომადგენელი On.ge-სთან საუბარში უარყოფს, რომ მათ საიტზე მსგავსი კოდი არსებობდა. ასევე, დაზუსტებულია ინფორმაცია თბილისის ფორუმზე განთავსებული სურათის შესახებ, რომელიც არის 18 ოქტომბრის და არა დღევანდელი.

რამდენად კანონიერია ეს?

კონკრეტული კანონი მსგავსი მეთოდების წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა, ყველაფერი ამ ქმედების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

ზოგის აზრით, ასეთი ვებ-მაინერები, შესაძლოა, ინტერნეტის მომავალი იყოს, როგორც უფასო სერვისების მონეტიზაციის გზა. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, კრიპტო-ვალუტის მომხმარებლის კომპიუტერზე მოპოვება, რეკლამის ალტერნატივაც კი იყოს.

თუმცა, თუ მსგავსი ქმედება (მომხმარებლის კომპიუტერის რესურსების დაუკითხავად გამოყენება) წინასწარი შეთანხმების ან გაფრთხილების გარეშე ხდება, იგი, როგორც მინიმუმ, არაეთიკურად შეიძლება შეფასდეს.

მომხმარებელთა უმრავლესობის პროტესტიც სწორედ ამ მიდგომამ გამოიწვია — ზევით აღნიშნული საიტები მომხმარებლებს წინასწარ ან/და საკმარისად გასაგებად არ აფრთხილებდნენ, რომ საიტი მათ კომპიუტერს მაინინგისთვის გამოიყენებდა.

მე რა მაკლდება?

ეს ყველაზე საინტერესო კითხვაა — თუ ჩავთვლით, რომ საიტი გაფრთხილებთ მაინინგის შესახებ და ამას რეკლამის ალტერნატივად გთავაზობთ, შესაძლოა, თქვენთვის მისაღები იყოს საკუთარი პროცესორის რესურსის "დათმობა" რეკლამის გათიშვის სანაცვლოდ.

ასეთ დროს, თქვენი პროცესორი ფონურ რეჟიმში იწყებს მაინინგისთვის საჭირო გამოთვლების შესრულებას და ამით საფრთხე არც თქვენს პირად მონაცემებს ემუქრება და არც — კომპიუტერს (თუ არ ჩავთვლით hardware-ის სტანდარტულ "ცვეთას"). თუმცა, მეტი დატვირთვიდან გამომდინარე, კომპიუტერი უფრო მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას დაიწყებს და, თუ საიტის მფლობელს კოდი ზედმეტად "მაღალ წარმადობაზე" აქვს დაყენებული, შესამჩნევი იქნება მუშაობის შენელებაც და ე.წ. "გაჭედვები".

მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც ასეთი საიტი გექნებათ გახსნილი. შესაბამისად, საიტის დახურვის შემდეგ, ყველაფერი ნორმაში დაბრუნდება.

როგორ დავიცვა ჩემი კომპიუტერი ფარული მაინერებისგან?

მომავალში, შესაძლოა, ვებ-მაინინგი საიტის შემოსავლიანობის გაზრდის ბევრად უფრო მიღებული და გავრცელებული ფორმა გახდეს.

თუმცა, სანამ ასეთი ქმედებები შედარებით ახალია და არის საფრთხე, რომ ერთი შეხედვით სანდო საიტმაც ისარგებლოს თქვენი კომპიუტერის რესურსით დაუკითხავად, ბევრი არჩევს, ავტომატურად დაბლოკოს ასეთი მაინერები.

ამ ეტაპზე არსებობს ორი გაფართოება Google Chrome ბრაუზერისთვის, რომელიც ავტომატურად ბლოკავს ყველა ცნობილ და გავრცელებულ მაინერს, რომელიმე საიტზე მისი პოვნის შემთხვევაში. ასეთი გაფართოებებია minerBlock და No Coin.

ამ გაფართოებების ერთ-ერთი კარგი ფუნქცია დაბლოკვის შერჩევითობაა. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე საიტზე წააწყდებით მაინერს, რომელიც თქვენთვის მისაღები ფორმით გაფრთხილებთ ამის შესახებ, შეგიძლიათ მოხსნათ ბლოკი მხოლოდ ამ საიტიდან და მისცეთ მას ფულის გამომუშავების საშუალება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…