სტატისტიკის მიხედვით გაერთიანებულ სამეფოში ყოველ მეათე ქალს ენდომეტრიოზი აქვს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით რეპროდუქციული ასაკის ქალების 10 პროცენტი ამ ქრონიკული დაავადებით ცხოვრობს.

რა არის ენდომეტრიოზი

ეს არის ქრონიკული დაავადება, როდესაც ქალის სხეულში არსებული საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი უჯრედები საშვილოსნოს გარეთ იზრდება. ამ დაავდების სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს და სისხლდენას მენსტრუაციის დროს, ქრონიკულ მენჯის ტკივილის და ზოგ შემთხვევაში უნაყოფობა.

ენდომეტრიოზი, როგორც უკვე აღინიშნა, მსოფლიოში ქალების 10 %-ს აქვს დადასტურებული. ამის მიუხედავად, სტატისტიკის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ქალს დიაგნოზის მისაღებად დაახლოებით ცხრა წელი და ექიმთან ათი ვიზიტი ესაჭიროება.

დღემდე ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და ზოგიერთ შემთხვევაში ლაპაროსკოპია — ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც მუცლის მცირე მონაკვეთში კამერა შეჰყავთ

ორი ახალი ტესტი

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და მოვლის ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) რეკომენდაციით, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში (NHS) სამი წლის ვადით დაინერგება ორი ახალი დიაგნოსტიკური მეთოდი — Endotest და EndoSure. ამ პერიოდში სპეციალისტები დამატებით მონაცემებს შეაგროვებენ, რათა საბოლოოდ შეფასდეს მათი ეფექტიანობა.

Endotest

ამ ტესტისთვის პაციენტი ნერწყვის ნიმუშს აბარებს.

ლაბორატორიაში ნიმუშში იკვლევენ მცირე ბიოლოგიურ მარკერებს — მიკრო-რნმ-ებს (microRNAs), რომლებიც ენდომეტრიოზის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. მიღებული შედეგი ექიმს ეხმარება გადაწყვიტოს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

EndoSure

ამ ტესტის დროს პაციენტის მუცელზე სპეციალურ სენსორებს ათავსებენ, რომლებიც ნაწლავის ელექტრულ აქტივობას აფიქსირებს. გამოკვლევის წინ საჭიროა 6–8 საათით შიმშილი, ხოლო ტესტის მიმდინარეობისას, რომელიც დაახლოებით 45 წუთს გრძელდება, პაციენტი წყალს სვამს, რათა ნაწლავის აქტივობა უფრო ზუსტად შეფასდეს. ტესტის შედეგი მაშინვე ხელმისაწვდომია პაციენტისთვის.

ექსპერტების თქმით, ახალი მეთოდები არ ჩაანაცვლებს არსებულ დიაგნოსტიკურ პროცედურებს, თუმცა მნიშვნელოვნად დააჩქარებს დაავადების გამოვლენას, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომელთა კლინიკური გამოკვლევა ნორმალურია, ხოლო ულტრაბგერითი ან MRI კვლევის შედეგები უარყოფითი ან გაურკვეველია.

NICE-ის ჯანდაცვის ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორის, დოქტორ ანასტასია ხალკიდუს თქმით, ზოგიერთ ქალს ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმას თითქმის ათწლეული სჭირდება.

„დიდ ბრიტანეთში დიაგნოზის დასმის საშუალო დრო ცხრა წელი და ოთხი თვეა, ხოლო ეთნიკურად მრავალფეროვანი თემების წარმომადგენელი ქალებისთვის ეს პერიოდი 11 წლამდე იზრდება. დაგვიანება ნიშნავს, რომ ქალებს წლების განმავლობაში უწევთ ქრონიკული ტკივილით ცხოვრება, რაც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაზე.

ამ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლია მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ისინი პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებს ენდომეტრიოზის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად უკეთეს, არაინვაზიურ ინსტრუმენტებს შესთავაზებს, რაც უფრო სწრაფი დიაგნოსტიკისა და დროული, ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას შექმნის,“ — განაცხადა ხალკიდუმ.

მანჩესტერის უნივერსიტეტის NHS Foundation Trust-ის კონსულტანტმა გინეკოლოგმა, დოქტორმა გეილ ბასბიმ, აღნიშნა, რომ მის ბევრ პაციენტს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, თითქოს მათი ტკივილი ნორმალური მოვლენა იყო.

„სინამდვილეში ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ, ეს ტესტები შეიძლება მართლაც რევოლუციური აღმოჩნდეს. ისინი პასუხებს გაცილებით ადრე გვაძლევს და ინვაზიური ქირურგიული ჩარევის საჭიროებას ამცირებს. შედეგად, სწორი მკურნალობის დაწყება ბევრად ადრე შეგვიძლია.

ადრეული დიაგნოზი არა მხოლოდ კონკრეტული პაციენტის ცხოვრებას ცვლის, არამედ ჯანდაცვის სისტემასაც ამსუბუქებს — ათავისუფლებს სპეციალისტებთან ვიზიტებისა და ქირურგიული ჩარევების რიგებს, რაც სხვა პაციენტებსაც უფრო სწრაფად ეხმარება საჭირო მკურნალობის მიღებაში,“ — განაცხადა ბასბიმ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.