როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue-ს მაისის ნომერში
მერილიც და ანაც ყვითელი შარფებით მოდიან, როგორც გენერლები შესაბამისი სამხრეებით. ჩვენ სასტუმრო Crosby Street-ის ვრცელ აპარტამენტში ვართ და შეხვედრის მიზეზი დროული წინაპირობაა: რა ხდება, როცა ერთ ოთახში ორ მირანდას სვამ? აქვეა კინორეჟისორი გრეტა გერვიგიც, რომელმაც 2019 წელს მერილი პატარა ქალებში გადაიღო. როგორც ეშმაკს აცვია პრადას (The Devil Wears Prada) ფილმების თავგამოდებულმა ფანმა, თავაზიანად იკისრა მოდერატორის როლი. ჩემი ფუნქცია კი სასამართლო სტენოგრაფისტის მსგავსია.
აპარტამენტის ხალისიანი დეკორი მერილის ჰაეროვან, მზიან პაშმინას ეხამება. ანასი უფრო კვერცხისგულისფერია, სქელი, ფოჩებიანი ქაშმირის. ისინი ძველი მეგობრებივით საუბრობენ თეატრზე, პოლიტიკაზე, შვილებისა და შვილიშვილების აღზრდაზე. გრეტა აღწერს იმ ემოციურ ქარიშხალს, რომელიც ნარნიას ახალი ფილმის რამდენიმეთვიანი გადაღებებიდან შემდეგ შინ, პატარა შვილებთან დაბრუნებას ახლავს ("FaceTime-ით არ მელაპარაკებოდნენ და ასე მსჯიდნენ", — ამბობს ის და მერილი თანაგრძნობით უქნევს თავს). გარეთ რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა, შიგნით კი თითქმის მყუდროება სუფევს.
თუმცა დრო ძვირფასია. ეს შეხვედრა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. შედეგი კი შთამბეჭდავი გადაღებაა: ენი ლეიბოვიცი ფოტოს უღებს ანას და მერილს, გრეის კოდინგტონი კი სტილისტია.
ანა ვინტური და მერილ სტრიპი Vogue-ის ყდაზე
ფოტო: ენი ლეიბოვიცი / Vogue
ქვემოთ მოცემულია მათი საუბრის ოდნავ შემოკლებული ვერსია. მერილმა და ანამ, ბუნებრივია, პალტოებზე საუბრით დაიწყეს, რაც პირველ ფილმში ერთგვარი მოტივი იყო (ვის არ ახსოვს ასისტენტის მაგიდაზე დაყრილი პალტოების აღლუმი? თუმცა, სიმართლე ითქვას, მე მხოლოდ ის მინახავს, როგორ თავაზიანად აწვდის ანა თავის პალტოს სხვას). "მიყვარს პალტოები", — თქვა მერილმა — "ისინი ფარავენ ყველა იმ ცოდვას, რაც მათ ქვეშ იმალება".
"თან მათი მორგებაც ადვილია", — დაამატა ანამ.
აქედან საუბარი სწრაფად განვითარდა.
გრეტა გერვიგი: ის საკითხი, როგორ ახერხებ საკუთარი თავის წარდგენას, ეშმაკს აცვია პრადას მთავარი თემაა. კაცებისთვის არსებობს მკაფიო კოდექსი: იცვამ იმ სამსახურისთვის, რომელიც გინდა, რომ გქონდეს. ქალებისთვის კი ჩაცმა ყოველთვის უფრო ბუნდოვანი იყო. ანა, რამდენად ფიქრობ ამაზე? ფიქრობ, როგორ უნდა ეცვათ ქალებს ძალაუფლების გამოსახატად?
ანა ვინტური: არ ვფიქრობ, რომ ოფისში "ძლიერი ქალის კოსტიუმის" ტარება აუცილებელია. გაიხსენეთ ქალები, რომლებითაც აღტაცებულნი ვართ: მაგალითად, მისის ობამა. ეცმევა მას J.Crew, Duro Olowu თუ მათიე ბლაზის შანელი, ის ყოველთვის საკუთარი თავის ერთგული რჩება. აღტაცებული ვარ ნიუ-იორკის ახალი პირველი ლედით, რადგან ის ძალიან მაგრად გამოიყურება, ბევრ ვინტაჟს ატარებს, არის ახალგაზრდული, თანამედროვე და სრულიად საკუთარი თავი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მელანია ტრამპიც ყოველთვის საკუთარ თავს ჰგავს, როცა იცვამს.
მერილ სტრიპი: ამაზე ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ, ყველაზე... ძლიერი გზავნილი, რაც ჩვენმა ამჟამინდელმა პირველმა ლედიმ გააჟღერა, იყო ის პალტო წარწერით: "მე ნამდვილად არ მაინტერესებს, შენ?" (I Really Don’t Care, Do U?), როდესაც დაკავებული მიგრანტი ბავშვების სანახავად მიდიოდა. ჩაცმა საკუთარი თავის გამოხატვაა, მაგრამ ჩვენ ასევე დიდ ისტორიულ და პოლიტიკურ მოლოდინებზე ვართ დამოკიდებულნი. გაოგნებული ვარ იმით, როგორ მოეთხოვებათ გავლენიან ქალებს ტელევიზიით მოშიშვლებული მკლავებით გამოჩენა, მაშინ როცა კაცები პერანგებში, ჰალსტუხებსა და კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. ქალებში ჩადებულია ერთგვარი ბოდიშის მოხდის მექანიზმი, მათ თავიანთი "სიმცირე" უნდა აჩვენონ. ეს საკომპენსაციოა: მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და ამ საუკუნის დასაწყისში ქალების წინსვლამ ბევრს ნიადაგი გამოაცალა. თითქოს ქალებს უწევთ თქვან: "მე პატარა ვარ. ამ ფეხსაცმლით სიარული არ შემიძლია. სირბილი არ შემიძლია. დაუცველი ვარ, საფრთხეს არ წარმოვადგენ".
გერვიგი: მერილ, ჩვენ ვსაუბრობდით ქალებზე კინოში და იმ დიდებულ როლებზე, რომლებიც ჰქონდათ, მაგალითად, ბეტი დევისს ან როზალინდ რასელს. ამერიკის იმ პერიოდშიც კი, როცა ბევრ ქალს არ ჰქონდა სრულფასოვანი კარიერა, როლები ფანტასტიკური იყო. შენ კი მითხარი: "დიახ, ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ როზალინდ რასელი კერი გრანტის სამსახურს წაართმევდა".
სტრიპი: ან სპენსერ ტრეისისას. ამიტომ ეს სახალისო იყო, თითქმის როგორც "ქროსდრესინგი" (საპირისპირო სქესის სამოსის მორგება).
გერვიგი: ქალები რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ამიტომ შეგვეძლო ფილმებში მასშტაბურები და აღვირახსნილები ვყოფილიყავით...
სტრიპი: შეგვეძლო ვყოფილიყავით უხეშები, მოგვეწია და ვყოფილიყავით მკაცრები.
გერვიგი: რაც ჩემი აზრით საინტერესოა, არის ის, რომ მირანდა პრისლის პერსონაჟი სწორედ ისეთი მასშტაბური როლია, რომლის შესრულების უფლებაც ბეტი დევისს ექნებოდა.
სტრიპი: აბსოლუტურად. ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე.
გერვიგი: მაინტერესებდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ 20 წლის შემდეგ დაბრუნება? სამყაროს ცვლილებას უყურებდით და ფიქრობდით, რა გვჭირდება მირანდასგან ახლა?
სტრიპი: მაინტერესებდა ამ ყველაფრის ბიზნეს მხარე: რას ნიშნავს ატარო პასუხისმგებლობა ამდენი ადამიანის სამუშაო ადგილზე, მართო დიდი ორგანიზაცია და როგორმე შეინარჩუნო ის. ამჯერად ვიფიქრე: აბა, საით წავლენ? ახლა, როცა ყველაფერი იშლება, როცა ეს ინსტიტუტები ირყევა ან ფეთქდება ისე, რომ არავინ იცის, რა ხდება მსოფლიოში, მაინტერესებდა, რას იზამდნენ. და ვფიქრობ, მათ იპოვეს რაღაც ძალიან რეალური თანამედროვე ბიზნესის შესახებ.
ვინტური: რაც მომეწონა პირველ ფილმში, იყო ის, რომ მან სამყაროს აჩვენა, რა გიგანტური ბიზნესია მოდა. ეს ნამდვილი გლობალური ეკონომიკური ძალაა და პირველმა ფილმმა ეს აღიარა. ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ ჩვენ ვვითარდებით და არ ვიშლებით. ჩვენ ისევ აქ ვართ. ყველანი ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, სხვადასხვა გზით და მრავალ პლატფორმაზე, მაგრამ განა ეს შესანიშნავი არ არის? ჩვენ გაცილებით მეტ ადამიანს ვწვდებით.
სტრიპი: ოჰ, "დაშლაში" ეგ არ მიგულისხმია!
ფოტო: ენი ლეიბოვიცი / Vogue
ვინტური: როცა გავიგე ხმები, რომ ეს ახალი ფილმი შეიძლებოდა შემდგარიყო, მერილს დავურეკე და ვკითხე, მართალი იყო თუ არა. ვიცოდი, მეტყოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ არა. სცენარი ჯერ წაკითხული არ ჰქონდა, ამიტომ მითხრა, რომ გადმომირეკავდა. ასეც მოიქცა. წაიკითხა სცენარი, დამირეკა და მითხრა: "ანა, ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე იქნება". ძალიან ცოტა რამ მითხრა იმაზე, რა ხდება ფილმში, მაგრამ უპირობოდ ვენდე.
გერვიგი: კიდევ ერთი რამ, რაც შეიცვალა: მოდა ადრე ელიტარულად ითვლებოდა. რატომ აღიქმებოდა ასე?
ვინტური: შესაძლოა იმიტომ, რომ ათწლეულების წინ მაღალი მოდის სამყაროში ვცხოვრობდით და ძვირადღირებული სამოსი მხოლოდ მაღალი საზოგადოების ქალების მცირე ჯგუფისთვის იყო ხელმისაწვდომი. დღეს მოდა გაცილებით დემოკრატიულია და მისი გავლენა უზარმაზარია. ის კულტურის ცენტრშია. ნახეთ, როგორ აინტერესებთ ადამიანებს, რა აცვიათ პერსონაჟებს ქარიშხლიან უღელტეხილში (Wuthering Heights) თუ ეიფორიაში (Euphoria). ნახეთ, როგორ ქირაობენ დიდი კომპანიები დიდებულ დიზაინერებს, მაგალითად, Zara-მ ჯონ გალიანო აიყვანა კრეატიულ პარტნიორად, Gap-მა ზაკ პოზენი, Coach-მა სტიუარტ ვევერსი, Uniqlo კი ჯონათან ანდერსონთან და კლერ ვეიტ კელერთან თანამშრომლობს. ეს ყველგან ხდება. ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა.
გერვიგი: ძალიან მინდა, ორივემ ისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავს იყო 76 წლის. მე 40 წლის დასაწყისში ვარ, თქვენ გიყურებთ და ვფიქრობ: ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება.
ვინტური: თან ფოტოსაც 76 წლის ქალი გვიღებს!
სტრიპი: ჩემი ცხოვრება... ამაზე ვერც კი ვისაუბრებ. ეს კითხვა ზედმეტად მასშტაბურია. რაც შეეხება მირანდას და ამ პერსონაჟთან 20 წლის შემდეგ დაბრუნებას, მე მართლაც გულწრფელად ვფიქრობდი ანაზე და ვცდილობდი წარმომედგინა, რას ნიშნავს ატარო მისი პასუხისმგებლობა, იყო ისეთივე დაინტერესებული სამყაროთი და ცნობისმოყვარე, როგორიც ის უნდა იყოს. ვფიქრობ, ეს არის სიცოცხლის გასაღები: ყოველთვის ახალი ჰორიზონტების ძიება. და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. მაგრამ ამ პერსონაჟში ისაა სახალისო, რომ ვიყენებდი ჩემს მისაბაძ მაგალითებს, სხვადასხვა ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობ, და მათი უმეტესობა კაცია. ამან გარკვეული თავისუფლება მომცა.
ვინტური: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია, როცა მერილი მირანდას თამაშობს, რაც არ უნდა შორს იყოს ეს პერსონაჟი ჩემგან. ვის არ მოეჩვენებოდა ეს არაჩვეულებრივ საჩუქრად? მომწონს ჩემი ასაკი. თავს ისეთივე ცოცხლად და ენერგიულად ვგრძნობ, როგორც არასდროს. მიყვარს ჩემი შვილებისგან და ჩემი მსოფლიო გუნდებისგან სწავლა. ეს ყოველთვის ამაღელვებელია. ვფიქრობ, გამოცდილებასთან ერთად გიჩნდება ბალანსის და პროპორციის გრძნობა. იცი, რომ ცხოვრება არ არის იდეალური, რაღაცები აუცილებლად წავა არასწორად და შენ უბრალოდ მაქსიმუმს გააკეთებ. თუ არ გამოვა, გზა უნდა გააგრძელო. ვფიქრობ, ასაკი სინამდვილეში უპირატესობაა.
სტრიპი: დიახ.
ვინტური: ვფიქრობ, შინაარსიანი ცხოვრების გამოცდილება მართვას უფრო აადვილებს.
"მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია, როცა ჩემს როლს მერილი ასრულებს, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს არის მირანდას პერსონაჟი ჩემგან", — ამბობს ვინტური.
ფოტო: კადრი Vogue-ის ვიდეოდან
გერვიგი: დანამდვილებით შემიძლია ვთქვა მერილთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნის გამოცდილებიდან, როცა შენ იქ ხარ, ყველა უფრო წელში გამართული ზის.
სტრიპი: ეგ სისულელეა.
გერვიგი: არა, მართალია. ამას ვუყურებდი, როცა პატარა ქალებს ვიღებდით, კოსტიუმში გამოწყობილი იჯექი და ელოდებოდი განათების გასწორებას. ასე სწრაფად განათება არასდროს აუწყვიათ. უბრალოდ ამბობდნენ: "მერილი ზის და ელოდება". არ ვიცი, მოდასა და საგამომცემლო სფეროში თუა ასე, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ კინოწარმოება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მერილ, შენ ეს გამოგიცდია და ზოგიერთი ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს გზა გაიარე, დღეს ჩვენთან აღარ არის. მაიკი [ნიკოლსი] აქ აღარ არის, არც რობერტი [რედფორდი].
სტრიპი: მაიკი აქ არის. [გულზე იდებს ხელს] მაიკი ძალიან აქ არის. ეს არის დაბერების დიდი ნუგეში. აუტანელია, როცა ყოველ კვირას ვიღაც საყვარელი ადამიანი კვდება, მაგრამ ხვდები, ის უნდა "შთანთქა". ყველანი შენში უნდა გყავდეს. ისინი აქ არიან, შენ მათ ინახავ და ისინი იცოცხლებენ. დაუვიწყარი ადამიანები არ მიდიან. ჩვენ არ ვკარგავთ ადამიანებს. ისინი ჩვენთან რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ.
გერვიგი: ანა, შენც გაქვს იმის განცდა, რომ რაღაც უწყვეტად გრძელდება, ან გრძნობ კავშირს იმ დიზაინერებთან თუ ადამიანებთან, რომლებიც უკვე წავიდნენ?
ვინტური: რა თქმა უნდა, Vogue თავისი ისტორიის ღირებულებებსა და ტრადიციებზეა აგებული. დიდი ბედნიერება მქონდა, მემუშავა როგორც ალექსანდრე ლიბერმანთან, ისე სი ნიუჰაუსთან. ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ფანტასტიკური ინსტინქტებით. ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გქონდეს კავშირი წარსულთან. როცა გესმის შენი ისტორია, მხოლოდ მაშინ შეგიძლია წინსვლა.
სტრიპი: ხედავ ვინმეს, ვისაც ექნება ისეთივე კარიერა, როგორიც კარლ ლაგერფელდს ჰქონდა?
ვინტური: დიახ!
სტრიპი: ისეთივე ხანგრძლივობა და გავლენა?
ვინტური: დიახ, ნამდვილად. ვგრძნობ, რომ მათიემ თავისი ოცნების სამსახური იპოვა. Chanel-ის მფლობელები, ალენი და ჟერარ ვერტჰაიმერები, ძალიან მომთმენები არიან. ისინი მუდამ პოულობენ ბალანსს ტრადიციასა და ცვლილებებისადმი ღიად ყოფნას შორის. ეს იყო კარლის მაგია, ის სრულყოფილად ფლობდა ისტორიას, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა ცნობისმოყვარეობა და იყო არაჩვეულებრივი "მულტიტასკერი". ვფიქრობ, მათიესაც იგივე სასიცოცხლო ენერგია და კულტურული ცნობიერება აქვს და შეუძლია იყოს იქ ისე დიდხანს, როგორც კარლი.
გერვიგი: ყოველთვის ისმის კითხვა, განსაკუთრებით ქალების მიმართ, შვილებისა და სამსახურის შეთავსებაზე. ძალიან აღვფრთოვანდი, როცა თქვენს ინტერვიუზე ვფიქრობდი, რადგან ბებიობაზე არავინ არაფერს გეკითხებათ. მერილ, ვიცი, რომ ძალიან ჩართული ხარ...
სტრიპი: ზოგი ამბობს, ზედმეტადაცო.
გერვიგი: როგორ უთავსებ ბებიობას სამსახურს?
სტრიპი: უბრალოდ ყოველ წამს ვიჭერ, რისი დაჭერაც შესაძლებელია, იმის გაცნობიერებით, რამდენად წარმავალია ეს ყველაფერი და რამდენად სწრაფად გადის დრო. დედაჩემი მეუბნებოდა ამას და მე ვპასუხობდი: "ჰო, ჰო". ეს არის ყველაზე გრძელი, მოკლე დრო. და უკან ვერაფერს დააბრუნებ. ამიტომ აიღე იმდენი, რამდენიც შეგიძლია... ეს ღვთიურია. ექვსი შვილიშვილი მყავს, ექვსივე ექვს წლამდე ასაკის. ისინი ექვსის, ხუთის, ოთხის, სამის, ორის და ერთის არიან. იმედია, ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ ვნახოთ. ვერც კი აღვწერ, რას ნიშნავს ჩემთვის ის, რომ ჩემი შვილები ამდენ დროს მაძლევენ თავიანთ შვილებთან. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა სანაპიროზე არიან, ამიტომ ბევრს დავფრინავ.
გერვიგი: და შენც, ანა, გყავს შვილიშვილები.
ვინტური: იმდენი არა, რამდენიც მერილს. მხოლოდ ოთხი მყავს, და ოთხი გერი შვილიშვილი, რომლებიც ჩვენთან გაიზარდნენ. როცა ისეთი სამსახური გაქვს, როგორიც ჩვენ, დედობისთვის დრო თავად უნდა გამონახო. შეუვალი ვიყავი, დავდიოდი მათ თამაშებზე, მშობელთა კრებაზე, იქ ვიყავი, სადაც მნიშვნელოვანი იყო. ვგრძნობდი, რომ Vogue ყოველთვის დაიცდიდა და რომ დაკავებული დედობა ნორმალურია. ამას აგვარებ. ლონგ აილენდზე გვაქვს საოჯახო სახლი და ვცდილობ ის ჩვენს ცენტრად ვაქციო. გვიყვარს დაბადების დღეების და ქორწილების აღნიშვნა; ტრადიციები მნიშვნელოვანია — ინგლისელები ვართ, ამიტომ მუდმივად ვთამაშობთ და უამრავ ჩოგბურთის ტურნირს ვაწყობთ. ვცდილობთ, ერთმანეთზე ჭირსა და ლხინში ვიზრუნოთ. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვუნერგავ, რომ მთავარი ოჯახია და სწორედ ოჯახი მოგცემს სიყვარულსა და მხარდაჭერას. თუ ეს გაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
როცა მირანდა შეხვდა ანას..
ფოტო: ენი ლეიბოვიცი / Vogue
გერვიგი: მერილ, შენ მითხარი რაღაც, რაც თავში მიტრიალებს: "ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ვალდებულებას იღებ". ვფიქრობ, ეს ძალიან ბრძნული ნათქვამია. ცხადია, ოჯახი ყველაზე დიდი ვალდებულებაა, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ორივემ თქვენს სფეროებშიც აიღეთ ეს ვალდებულება.
სტრიპი: ტომ სტოპარდმა თქვა: "წონასწორობის ცვლა უნდა შეგეძლოს". შენ მუდამ, მუდამ არამდგრად ნიადაგზე დგახარ. მსახიობობა ძალიან ბუნდოვანი რამაა, ქრონიკულად უმუშევარი ხარ. აქ არ არსებობს თანმიმდევრული აღმასვლა, რადგან პოპულარობა შეიძლება ერთ წამში მოვიდეს. მაგრამ შექმნა მნიშვნელოვანი შემოქმედება და გქონდეს საკუთარი თავის რწმენა? ამას დრო სჭირდება და ამას მარტო, სახლში გამოკეტილი ვერ იზამ, ეს არც წერაა და არც მუსიკალური კომპოზიცია. მე არ ვფიქრობ ასე: "მიყვარს ეს საქმე და აქ დიდხანს ვიქნები". მე ვფიქრობ: "ესაა სამყარო, არასტაბილური სამყარო". ყველაფერი იცვლება და მთავარია, ისწავლო, როგორ იყო ამისთვის მზად.
ვინტური: მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გამოწვევები სწორედ ისაა, რაც საქმეს საინტერესოს ხდის. კოვიდის დროს სრულიად უნდა შეგვეცვალა მუშაობისა და კომუნიკაციის სტილი. სულ ჩემს შვილზე, ჩარლიზე ვფიქრობდი, რომელიც კორნელის კლინიკაში რეზიდენტი იყო. ის კოვიდ-განყოფილებებში მუშაობდა და რადგან მისი სფერო ფსიქიკური ჯანმრთელობაა, მას უწევდა ტრაგიკული ამბების შეტყობინება ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ჩვენ ქალაქგარეთ ვიყავით გამოკეტილები, ის კი ყოველ უქმეებზე მოდიოდა, დეზინფექციას გადიოდა, მერე თავის შვილებს ჩაიკრავდა გულში და უბრალოდ ეხუტებოდა. ეს იყო ჩემთვის კონტექსტი, მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, რა ხდებოდა მსოფლიოში, სანამ მე ვცდილობდი ამ გლობალური გუნდების მართვას უცნობ წყლებში. რას აკეთებ? პოულობ გზას.
გერვიგი: ერთმანეთის სამსახურები რომ გქონდეთ, რა იქნებოდა ყველაზე ამაღელვებელი და რაზე იტყოდით, ამას ვერ ვიზამო?
ვინტური: შანსი არაა. მე არანაირი ნიჭი არ მაქვს. საერთოდ არანაირი. ვერ ვმღერი, ვერ ვცეკვავ, ვერ ვთამაშობ, ხელებით ვერაფერს ვაკეთებ, ვერ ვამზადებ საკვებს და მით უმეტეს, ვერ ვკერავ.
სტრიპი: შენ მრავალეროვნულ კორპორაციას მართავ, სულ ესაა... მე ფეხსაცმლის მეშინოდა. ყოველდღე ასე ფორმაში ყოფნა... ვაუ, წარმოდგენაც კი მიჭირს... მაგრამ ახალგაზრდებთან მუშაობა ამაღელვებელი იქნებოდა, იდეების ნაკადის შენარჩუნება, მიყვარს ასეთი ჩართულობა და ასევე უბრალოდ იმის შექმნა, რაც ადამიანებს აბედნიერებს. სილამაზის პოვნა, მისი გაფრთხილება და მხარდაჭერა. ეს კარგი საქმეა.
გერვიგი: და ახლა ერთი კითხვა მირანდას ფანებისგან. შეიცვალა მისი სტილი?
სტრიპი: პირველ ფილმზე ყველას ეშინოდა ანასი, ამიტომ ტანსაცმელს ვერ ვშოულობდით. არავინ გვაძლევდა სამოსს. ამჯერად ის უფრო გავამარტივეთ. გავხადეთ უფრო არსებითად ისეთი, როგორიც არის. თმაც უფრო ცოტა მაქვს, არ იყო ასეთი გაბუმბულული. უყვარს აქსესუარები, მაგრამ მასში არის რაღაც უშიშარი. ნაკლებად ადარდებს, რას იფიქრებენ სხვები.
გერვიგი: რომელია თქვენი საყვარელი კოსტიუმი?
ვინტური: ოჰ, ის წითელი კაბა, "იეზებელის კაბა". პიერპაოლო!
სტრიპი: პიერპაოლო... წარმოგიდგენია, რომ მან ეს შექმნა?!
ვინტური: დიდებული კაბაა. მასში არაჩვეულებრივად გამოიყურები. შენს რომელ ფილმში გქონდა საყვარელი კოსტიუმები? ჩემი ფავორიტი აფრიკიდან (Out of Africa) არის.
სტრიპი: არ ვიცი. იმდენ დიდებულ ადამიანთან მიმუშავია. მომწონდა ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი, რადგან მიყვარს დიდი მკერდი და მათ იცოდნენ, როგორ შეემოსათ ის გარკვეულ პერიოდში. კოსტიუმი პერსონაჟია. ვასარში სწავლისას ჩემი ხარისხი სწორედ კოსტიუმების დიზაინში ავიღე, რადგან კარგად ვკერავ და ხატვაც ძალიან მიყვარს. სადიპლომო ნამუშევრისთვის 60 კოსტიუმი შევქმენი ტენესი უილიამსის პიესისთვის Camino Real. ყველა ის პერსონაჟი ისეთი ცოცხალია. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ნამდვილი თავისტკივილი ვიყავი კოსტიუმების დიზაინერებისთვის, რადგან სულ რაღაც წვრილმანი იდეები მაწუხებს.
გერვიგი: მერილ, პირველ ფილმზე თქვი, რომ გიყვარდა გადასაღებ მოედანზე ენთან, ემილისთან და სტენლისთან ერთად ყოფნა, მაგრამ გრძნობდი, რომ მათთან ისე ვერ ერთობოდი, როგორც ისინი ერთმანეთში.
სტრიპი: ოჰ, მათ ფანტასტიკური დრო გაატარეს. მე კი ვგრძნობდი, რომ დისტანცია უნდა დამეჭირა. მე მიყვარს ერთად ყოფნა, თითქმის იმის მიხედვით ვირჩევ პროექტებს, რამდენად კარგი გარემო იქნება. მაგრამ მაშინ შეგნებულად დავიხიე უკან და მთელი დრო ჩემს ტრეილერში ვიჯექი უბედური.
"ფეხსაცმლის უფრო მეშინოდა. ყოველდღე ასე იდეალურად გამოწყობა... ვაუ, ნამდვილი გმირობაა", — ამბობს სტრიპი იმ პერსპექტივაზე საუბრისას, რას ნიშნავს (სინამდვილეში) გქონდეს ვინტურის სამსახური
ფოტო: Vogue
ვინტური: რას კითხულობდი ტრეილერში?
სტრიპი: არ ვკითხულობდი. ვქსოვდი. დღესაც ვქსოვ. მუშაობისას ვერაფერს ვკითხულობ, რადგან ეს კონცენტრაციას მიფანტავს. განსაკუთრებით ამ პერსონაჟის შემთხვევაში, რომელსაც დაუცხრომელი ენერგია აქვს.
გერვიგი: როცა ნარნიას გადაღებები დავასრულეთ, მივხვდი, რომ იქ ჩემი ყოფნა აღარავის უნდოდა. ვფიქრობდი: სანამ მე აქ ვარ, ვერავინ გაერთობა. ამიტომ, როცა ბოლო ატირებულ ბავშვს ჩავეხუტე, რომელსაც ფილმის დასრულება სწყინდა, ვთქვი, "სახლში მივდივარ". და ვიგრძენი, რომ კარში გასვლისას ყველამ შვებით ამოისუნთქა.
ვინტური: ხანმოკლე შევლა საუკეთესო ხელოვნებაა. შედიხარ ხუთი წუთით და მერე გარბიხარ.
გერვიგი: ფილმის სიუჟეტზე არაფერს გვეტყვით?
სტრიპი: ეს ბოლო რამაა, რაც ფილმიდან მამახსოვრდება. ჩემივე ფილმების საუკეთესო მაყურებელი ვარ, რადგან არასდროს მახსოვს, რა მოხდა.
ვინტური: იმედი ვიქონიოთ, რომ ბედნიერი დასასრული ექნება.
სტრიპი: დიახ, ბედნიერი დასასრული აქვს. ან, უფრო სწორად, არა ბედნიერი, არამედ რეალური და ტრიუმფალური.
ვინტური: სულმოუთქმელად ველოდები.
ეშმაკს აცვია პრადა 2 კინოთეატრებში პირველ მაისს გამოდის.
კომენტარები