NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
ფოტო: NASA
50 წლის შემდეგ პირველად, NASA-ს Artemis 2 მისიის ფარგლებში ადამიანები მთვარეს მიუახლოვდებიან.
მისიის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი მთვარეს შემოუვლის. პირდაპირი ტრანსლაცია 6 აპრილს, თბილისის დროით 21:30-ზე, დაიწყება და 7 საათს გაგრძელდება. ეკიპაჟი დედამიწას ყველაზე დიდი მანძილით 7 აპრილს, ღამის 3 საათისთვის, დაშორდება.
NASA-ს ლაივის ყურება სააგენტოს ოფიციალურ YouTube გვერდზე აქედანვე შეგიძლიათ:
კოსმოსური სააგენტო ამისათვის სხვა გზებსაც გვთავაზობს, NASA+ სტრიმინგ სერვისი იქნება ეს, NASA-ს აპლიკაცია თუ მათი სხვა სოციალური ქსელების გვერდები.
ცნობისთვის, მთვარის "გავლენის სფეროში" Artemis 2-ის ეკიპაჟმა 6 აპრილს, დილით, შეაღწია — ამ დროისთვის უკვე ხომალდზე მთვარის გრავიტაცია უფრო ზემოქმედებდა, ვიდრე დედამიწის. ამ ეტაპს ეკიპაჟმა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ მიაღწია, მთვარიდან დაახლოებით 63 ათას კილომეტრზე.
შემდეგი — და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი — ნაბიჯი უკვე მთვარის შორეული მხარის შემოვლაა, რომელსაც ახლა ველოდებით.
ეს მსოფლიო რეკორდიც იქნება — აქამდე ადამიანი დედამიწიდან ასე შორს არასდროს ყოფილა. აპოგეაში (მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე შორსაა დედამიწიდან) ყოფნისას ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან თითქმის 407 ათასი კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი. წინა რეკორდს, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის ფარგლებში დამყარდა, ისინი 6437 კილომეტრით გადააჭარბებენ.
კომენტარები