ლიბერთისა და მთიელი წიგნების ერთი კადრის ამბავი
ვინც მთიელ წიგნებს ადევნებს თვალს, კარგად იცის, რომ პროექტის დამფუძნებლებმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა — ლიბერთიმ კორპორაციული პასუხისმგებლობის განსხვავებული ხედვა შემოგვთავაზეს და მაღალმთიან სოფლებში ბავშვებისთვის წიგნის ჩატანა საქმედ კი არა, ნამდვილ თავგადასავლად აქციეს. ამ თავგადასავლის მიზანი უმნიშვნელოვანესია — ჩვენი ქვეყნის არცერთ მაღალმთიან სოფელში არცერთი ბავშვი არ დარჩეს წიგნის გარეშე. მისი პრინციპი კი მარტივია: ზრუნვა და ემოციების გაზიარება. ამიტომ, მთიელი წიგნებისა და ლიბერთის წარმომადგენლები ჯერ წინასწარ არკვევენ, თუ რომელი წიგნის წაკითხვას ნატრობს თითოეული ბავშვი, შემდეგ კი ყველა სოფელში თავად ჩადიან და ჩააქვთ ის გამოცემები, რომლებიც ბავშვების სურვილების სიაშია. ისინი ავტომობილისთვის მიუვალ სოფლებშიც კი ადიან, კარდაკარ ეძებენ ბავშვებს და მათთან ერთად არჩევენ საჩუქრებს.
ფოტო ავტორი ქეთი გულისაშვილი
ფოტო: ლიბერთი
"მთიელი წიგნები თავგადასავალია, რომელიც საკუთარ თავებს გამოვუჩინეთ. ესაა საქმე, რომელიც არც მოვალეობაა და არც იძულება. ეს არის სიყვარული წიგნების და ბავშვების მიმართ და ასევე სურვილი, რომ მთიელი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე გამოცემები. ცხადია, ოთხი წლის წინ სრულიად ენთუზიაზმზე დაფუძნებული წამოწყება ამხელა მასშტაბს ვერ მიაღწევდა, რომ არა ჩვენთვის საიმედო ადამიანები და კომპანიები, რომელთაგან მთავარი წვლილი მთიელი წიგნების საქმიანობაში ლიბერთის მიუძღვის. ჩვენი ყველაზე მასშტაბური გასვლები მათი მხარდაჭერით განხორციელდა", — ამბობს გიორგი კივილაძე, მთიელი წიგნების ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ლიბერთისა და მთიელი წიგნების ოთხწლიანი მეგობრობა ცოტა ხნის წინ შემდეგი საიმიჯო ვიდეორგოლით შეჯამდა:
ერთი კადრის ამბავი 5 ფოტოგრაფის მიერ მოყოლილი ისტორიაა მოლოდინით, ნანატრი შეხვედრებით, ოცნებების ასრულებით და გულწრფელი ბავშვური სიხარულით აღსავსე სამყაროზე. ეს თავგადასავალი ასევე გვიყვება სიკეთის კეთებით სურვილით გაერთიანებულ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე მოიარეს.
"მთიელი წიგნები ჩემთვის სამსახურისა და მოგზაურობის უნიკალური სინთეზია, სადაც ყველაზე ძლიერი ემოციებით ვივსებით. ბეტონის ჯუნგლებიდან გაქცეულებს, პატარძლებივით მორთულ მაღალმთიან სოფლებში მიწის და ბალახის სუნი ზუსტად იმ გრძნობებს გიღვიძებს, მთელი ცხოვრება რომ ვეძებთ — თავისუფლებისა და სიკეთის კეთების სურვილს, რაც საბოლოოდ გაყალიბებს იმად, ვინც უნდა იყო — ადამიანად. როდესაც ვიდეოზე დავიწყეთ მუშაობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ფოტოგრაფები ყველაზე ზუსტად დაიჭერდნენ არა მხოლოდ ცალკეულ კადრებს, არამედ ამ ემოციებს და მათ მნიშვნელობასაც. ასეც მოხდა. ფოტოგრაფების უნიკალურ ნამუშევრებთან ერთად ნახავთ, როგორი ემოციით იხსენებენ ისინი ამ მოგზაურობებს და როგორ შეცვალა მთიელმა წიგნებმა მათი ცხოვრებაც", — გვიყვება ნინი ბუკია, პროექტისა და ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი.
ფოტოს ავტორი ლელი ბლაგონრავოვა
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთისა და მთიელი წიგნების თანამშრომლობის ვიდეოარქივი საკმაოდ მდიდარია. აქ ნახავთ დარსა თუ ავდარში, მზესა თუ ნისლში, სიცხისგან დამსკდარი თუ დათოვლილი გზებით ბავშვებამდე მისვლისა და მათი სიხარულის გაზიარების ისტორიებს. ერთი კადრის ამბავი კი ამ ვიდეოებისგან შინაარსითა და ფორმით სრულიად განსხვავებულია.
"გვინდოდა, რომ მთიელი წიგნები და მისი მნიშვნელობა ამჯერად სულ სხვა თვალით დაენახა საზოგადოებას, რათა უკეთ აღექვა პროექტის მთავარი არსი. პროექტის ყველა მონაწილე დავდივართ მაღალმთიან სოფლებში, ვხვდებით ბავშვებს და ვუყურებთ მათ სიხარულს. ამ ემოციების სრულად გადმოცემა კი მხოლოდ მოყოლითა და ციფრებით შეუძლებელია. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ თითოეულ ექსპედიციაში მოგვეწვია ერთი ფოტოგრაფი, რომელიც უბრალოდ დამკვირვებელი კი არ იქნებოდა, არამედ პროცესის თანამონაწილე გახდებოდა და თავისი გამორჩეული ხელწერით მოგვიყვებოდა ერთი კადრის ამბავს. მათ მიერ გადაღებული თითოეული კადრიდან მართლაც უამრავი რამის გაგება შეიძლება — ვინ არიან ჩვენი პროექტის ადრესატები, როგორია მათი ყოველდღიურობა თუ გარემო კონკრეტულად იმ წამს. ამგვარი კომუნიკაციით ვეცადეთ, რომ ადამიანებამდე მოგვეტანა პროექტის ისტორია და მთელი ის ემოცია, რომელიც მას ახლავს თან", — ამბობს ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ფოტოს ავტორი ნათელა გრიგალაშვილი
ფოტო: ლიბერთი
ერთი კადრის ამბავი ჩვენი ქვეყნის ხუთი გამორჩეული ფოტოგრაფის მონაწილეობით შეიქმნა. ნათელა გრიგალაშვილმა, ლელი ბლაგონრავოვამ, დინა ოგანოვამ, ქეთი გულისაშვილმა და ანა ჭუმბურიძემ მთიელი წიგნების ამბები და მთავარი პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავებული, ავთენტური და საოცრად შთამბეჭდავი რაკურსებით ასახეს. ექსპედიციების ფოტოები იმდენად მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომ ლიბერთიში გადაწყდა, მათ ონლაინ ფოტოალბომშიც მოეყარა თავი. სრული ონლაინ ფოტოალბომის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
"როცა ვიდეოსთვის ფოტოებს ვარჩევდით, მივხვდით, რომ ისინი უკვე ვეღარ იქნებოდა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტის საკუთრება, იმდენად უნიკალური და მნიშვნელოვანი იყო თითოეული კადრი. ისინი განუმეორებელ ამბებსა და დეტალებს ინახავს, რომლებიც წლების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთება. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ დღეს საზოგადოებისთვის ამ ფოტოების გაზიარება, ხვალ უფრო მეტად ღირებული გახდება როგორც ჩვენი ფოტოისტორიისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვისაც", — დასძინა ტაპი ზაქარიაძემ.
მთიელი წიგნები და ერთი კადრის ამბავი ფოტოგრაფებისთვისაც დიდ თავგადასავლად და გამოცდილებად იქცა. როგორც ვიდეოში ფოტოგრაფები თავად აღნიშნავენ, პროექტმა ბევრი რამ შეცვალა მათ ცხოვრებაშიც.
"განსაკუთრებით ამაღელვებელია, როცა ხედავ, ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებული ბავშვები როგორ იკრავენ გულში ახალ წიგნებს", — ამბობს ნათელა გრიგალაშვილი, ფოტოგრაფი.
ფოტოს ავტორი ანი ჭუმბურიძე
ფოტო: ლიბერთი
"სოფლის გზაზე შეგვხვდა გოგო, რომელსაც ნაოცნებარი წიგნები გადავეცით. გოგოს ღიმილმა მაფიქრებინა, რომ წიგნი მის ხელში იმაზე ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩვეულებრივი საჩუქარი ნიშნავს ხოლმე. პროექტის მთავარი ამბავი ჩემთვის სწორედ ესაა — ამ პატარა ადამიანების სახეებზე წიგნებიდან არეკლილი იმედიანი შუქის დანახვა", — იხსენებს ფოტოგრაფი ანა ჭუმბურიძე.
"ვნახე, როგორ შეიძლება შენი ცხოვრების დიდ მიზნად იქცეს სხვა ადამიანების გახარება და დავრწმუნდი იმაშიც, რომ თუ მოვინდომებთ, უკეთესები ვიქნებით, უფრო ადამიანურები, კეთილები, ან, უბრალოდ, კარგები", — ასეთ ემოციებს გვიზიარებს ფოტოგრაფი ქეთი გულისაშვილი.
"ზოგან ვერც კი ვაგნებდით სკოლას, ან აღარც არსებობდა. გიორგი ეძებდა ბავშვებს, პოულობდა და ყველას ცალ-ცალკე და სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა; უამბობდა იმ წიგნის შესახებ, რომელსაც პირადად მას ჩუქნიდა. და ვხედავდი, რომ ამ დროს მას თვალები უციმციმებდა. ჩემი მთავარი გმირი გიორგი კივილაძეა. ის, სინამდვილეში, თვითონაც ზუსტად ისეთივე ბავშვია, ვისთანაც თავად მიდის წიგნებით დატვირთული. სხვანაირად, ალბათ, არც გამოვიდოდა რამე", — გვიყვება დინა ოგანოვა, ფოტოგრაფი.
ფოტოს ავტორი დინა ოგანოვა
ფოტო: ლიბერთი
"ბევრს ემახსოვრება ბავშვობისდროინდელი განცდა — ვიღაც რომ რაღაცას დაგპირდება და რომ ელოდები. მერე დრო გადის, დაპირება ტყუილი გგონია, გავიწყდება კიდეც და მხოლოდ იმედგაცრუება გრჩება. რაღაც დროის შემდეგ კი ხედავ, რომ არავის მოუტყუებიხარ. ეს კი ნამდვილი სიხარულია, ნდობა და სხვა უამრავი რამ. ამ წიგნების ამბავიც ხომ ასეა?", — აღნიშნავს ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოგრაფი.
კრედიტები:
პროექტი: ერთი კადრის ამბავი
ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი: ტაპი ზაქარიაძე
პროექტის მენეჯერი: ნინი ბუკია
მარკეტინგის დირექტორი: თამარ მეგრელიშვილი
კრეატიული გუნდი: სონიკი, ნინო ბიწაძე
პროდიუსერი: ნინი ბუკია
ოპერატორი & რეჟისორი: ლევან ლუკა ნაკაშიძე
მხატვრები: ნიკოლოზ გურასპაშვილი, თორნიკე კირთაძე
შუქი: ბექა დვალიშვილ, რომეო დვალიშვილი
კამერის ასისტენტი: რუბენ პატარიძე
საუნდი: ბაჩო გვეტაძე
მუსიკა: გიორგი კობერიძე
გრაფიკა: გიორგი გრძელიშვილი
თმა & გრიმი: ეკა ჩანჩიბაძე
ლიბერთი ბანკი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფებს: ნათელა გრიგალაშვილს, ლელი ბლაგონრავოვას, დინა ოგანოვას, ქეთი გულისაშვილს, ანა ჭუმბურიძეს და ავტორებს: გიორგი კივილაძეს, ნათია დარჩიას და ლევან ვარამაშვილს.
კომენტარები