ღიად ლესბოსელი ქალის ბრძოლა ქართულ არჩევნებში - ინტერვიუ ნინო ბოლქვაძესთან
საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნებში მონაწილეობს ღიად ლესბოსელი კანდიდატი ნინო ბოლქვაძე. ის თბილისის საკრებულოში მოსახვედრად რესპულიკური პარტიის სიით იბრძოლებს. რატომ წარსდგა ამომრჩევლის წინაშე როგორც ლესბოსელი კანდიდატი, რა როლი აქვს მის ორიენტაციას ამ პროცესში და რისთვის გამოიყენებს ის საკრებულოს ტრიბუნას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე On.ge ნინო ბოლქვაძეს ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა და რატომ რესპუბლიკური პარტია?
სასამართლოში სტრატეგიული საქმეების წარმოება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჟურნალისტებთან მუშაობის გზით, ან სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზება - ინსტრუმენტები, რასაც აქამდე ვიყენებდი, გახდა არასაკმარისი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ჰომოფობიის წარმოება. ეს გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჰომოფობიურ განცხადებებს, ასევე, კონსტიტუციაში მჩაგვრელი დებულების შეტანას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქორწინებად მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირს სცნობს.
ჩვენ ვიცით, რომ დაგვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ოდესმე შეიცვალოს. თანასწორობისთვის ხელოვნურად შექმნილი ის ბარიერები, რომლებიც ახალისებს ჰომოფობიურ, აგრესიულ განწყობებს კერძო პირებში, ვინც ქუჩაში თავს ესხმის ძირითადად ჰომოსექსუალ კაცებს და ტრანსგენდერ ქალებს. ასევე, ხელს უწყობს ოჯახში ძალადობას, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მოქალაქეებს დევნიან საკუთარი დედები, მამები, ბებიები, ბაბუები ისე, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ საკუთარი თავის შენახვის, მოვლის და პრაქტიკულად, განწირულები არიან სიცოცხლის ძალინ დაბალი ხარისხისთვის. ზოგ შემთხვევაში განწირულები არიან ემიგრაციისთვის.
ჩვენ ვკარგავთ ამ ახალგაზრდა ადამიანების სახით რესურსს, რომელიც სახელმწიფოს განვითარებაში გამოგვადგებოდა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ დონეზე ცვლილებების მიღწევა გახდა საჭირო. ამავდროულად, რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდა ერთადერთი პლატფორმა, საიდანაც წამოვიდა მესიჯები, რომ ჩვენ მზად ვართ უპირობოდ მხარი დავუჭიროთ ადამიანურ ღირებულებებს, დავიცვათ ადამიანის უფლებები ყოველგვარი "მაგრამის" გარეშე. მიუხედავად რისკებისა, რომ ყოფილიყვნენ უარყოფილნი ზოგი ამომრჩევლის მხრიდან, ის ერთგულება, რომელიც შეინარჩუნეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისადმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის.ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც ეყრდნობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ღირებულებებს. სხვა ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გარდაუვალია პროგრესული მიმდინარეობის განვითარება, უბრალოდ, ეს დროსთან არის დაკავშირებული.
დღეს შედეგად უკვე გვაქვს ის, რომ ანტიჰომოფობიური დისკურსი არის გადალახული. მაშინ, როდესაც ჩემი სახით, ღიად ჰომოსექსუალი ადამიანი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, პოლიტიკოსებიც კი ვეღარ ბედავენ უთხრან ამომრჩეველს, რომ არაუშავს, ანუ ამ იდეების გატარებას უკვე ვეღარ ბედავენ.
რატომ არის საკრებულოში მოხვედრა და საკრებულოს დეპუტატის ტრიბუნა მნიშვნელოვანი?
რეალური დემოკრატიის სურათი ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთია: დეცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელიც ძლიერია ადგილობრივ ორგანოებში. მაშინ, როდესაც იქ მყოფი ადამიანები იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მართავენ საკუთარ ცხოვრებას.
მე პირადად მზად ვარ,ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო როგორც ქალმა. დღეს ქალთა გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ძალიან ნაცნობია. ეს არის, პირველ რიგში, ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, როცა მათ ეზღუდებათ დასაქმების შესაძლებლობა, განვითარების, რეალიზების შესაძლებლობა. ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც შემდგომ სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაშიც ძლიერ ეხმარება ადამიანს.
ბაღები - ძალიან ბევრ სოფელში უბრალოდ არ არსებობს ბაღები. წარმოუდგენელი ვითარებაა, როდესაც სკოლებიც კი არ არსებობს და ქალები იძულებულები არიან, საკუთარი შვილები მეზობელ სოფლებში, ნათესავებთან, მინდობით აღზრდაში გადაამისამართონ, ნათესავებთან, იმისთვის, რომ ამ ბავშვებს განვითარების შანსი მიეცეთ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხო გარემო ნარჩენების გადამუშავების კუთხით. მთელი ქვეყანა ნაგავსაყრელადაა ქცეული. მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროგრამა, უბრალოდ, არ არსებობს.
შემდეგი საკითხი, მუნიციპალურ ორგანოებთან მთლად არ არის კავშირში, მაგრამ შეიძლება მაინც იყოს წახალისებული გენდერული თანასწორობის ასპექტში. მაგალითად, სოციალური საწარმოების წახალისება, იგივე ნარჩენების გადამუშავების გზით. ჩვენ ვიცით, რომ პლასტიკატი საქართველოში საერთოდ არ გადამუშავდება. შემოგვაქვს და შემდგომ ვმარხავთ, ან ვწვავთ, ამ დროს კი შეიძლება ეს გადამუშავდეს და შემდგომ სხვა პროდუქცია შეიქმნას.
ბაღების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ გვაქვს მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის პრაქტიკა. საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა მინიმუმ უნდა იცოდნენ, რომ თავად არ იძალადონ. და მეორე - თუ ოჯახიდან მოდის ძალადობა, მოახდინონ ამ ნიშნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომები მიიღონ.
ზოგადი მოცემულობა გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება იყოს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები?
წარმოიდგინეთ, რომ ბაღის აღმზრდელი არის ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაში მონაწილე პირი, რომელზეც ჩვენ ვამყარებთ იმედებს, რომ მომავალში შექმნის ჩვენზე უკეთეს საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს იმაში, რომ გააქტიურონ ის ცოდნა, რომელიც უკვე აქვთ დაგროვილი. არა ის, რომ ვიღაცა უნდა გავათავისუფლოთ სამსახურიდან, არამედ პირიქით, ჩვენ უნდა მივცეთ უფრო მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უკეთესად განახორციელონ საკუთარი სამუშაო.
მნიშვნელოვანია გადამზადების კურსები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკებთან მიმართებით გვაქვს პროგრესი იქ, სადაც მათი გადამზადების მიზნით რამდენჯერმე ჩატარებულა ტრენინგი. სულ სხვანაირად აღიქვამენ იმ საკითხებს, რომლებზეც უწევთ მუშაობა და სულ სხვა დამოკიდებულებაა, როცა მათი ფოკუსირება არ მომხდარა სპეციფიკურ საკითხებზე.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა მუნიციპალურ დონეზე მოგვარდეს, მაგალითად, თავშესაფარი ოჯახიდან უარყოფილი ლგბტ ადამიანებისთვის, თუ არის ამის საჭიროება საერთოდ?
რა თქმა უნდა, არის. არა მხოლოდ ლგბტ ადამიანებისთვისაა სპეციფიკური საჭიროებების მქონე თავშესაფარი საჭირო, არამედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის. სასამართლო პრაქტიკა ვითარდება, ახალ სტანდარტების გვიდგენს და ახლა მიჩნეულია, რომ ბავშვი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემყურეა, ისიც ძალადობის მსხვერპლია. ანუ თუ მამა ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ძალადობს დედაზე, ბავშვიც, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მოწმეა, ისიც ზიანდება ფსიქოლოგიურად.
ამ დროს რეაბილიტაციის სტრუქტურის მქონდე სულ რამდენიმე თავშესაფარი გვაქვს გორში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა რეგიონებმა რა დააშავეს, იქ არ არის ძალადობა? რა თქმა უნდა, არის.
ამ მიმართულებით ქალებთან არის სამუშაო. ჯერ ინფორმაცია უნდა მივცეთ, რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა. შემდგომ ხელი გავუწოდოთ, როდესაც მოითხოვენ დახმარებას და ვუთხრათ, აგერ იურიდიული, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური დახმარება არსებობს.
რას ნიშნავს, როდესაც მუდმივად გიწევს საკუთარი თავის კონტროლი, რათა იდენტიფიცირებადი არ გახდე, რომ გეი ხარ. რატომ არის მნიშვნელოვანი ქამინგ აუთი?
დამალვა გულისხმობს იმას, რომ შენ შენი პიროვნების ძალიან დიდ ნაწილზე ამბობ უარს, ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებების პარალიზებას იწვევ. ჩვენს საზოგადოებაში აღქმულია, თითქოს სექსუალური ორიენტაცია მაინცდამაინც კავშირშია სქესობრივ ცხოვრებასთან, რაც ძალიან ვიწრო ხედვაა. ისედაც ტაბუირებულია სექსუალობა ჩვენთან და ამიტომაც ხდება დემონიზაციის კარგი საფუძველი, რომ რატომღაც ასოცირდება ბევრ სექსთან. სინამდვილეში, ეს მოიცავს როგორც რომანტიულ ურთიერთობებს, ასევე, შენს მშობლებთან თავისუფლად ყოფნის ფუფუნებას. როდესაც შენ შეგიძლია გაუზიარო შენი ძალიან ინტიმური, ძალიან ამაღელვებელი განცდები და ემოციები.
მშობლის კეთილგანწყობა ქმნის ადამიანის თვითშეფასებას, რადგან პატარა ადამიანი ეძებს დასტურს, თუ რამდენად ღირებულია ის. ამ განწყობას მას მშობელი უქმნის. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და განწყობა, რომელსაც გაწვდის შენ მშობელი და გარემო, შენ უკვე გართმევს შენი პიროვნების დიდ ნაწილს და რწმუნდები იმაში, რომ ნაკლებად ღირებული ხარ ამ საზოგადოებისთვის და მეტიც, საფრთხე ხარ.
ქამინგ აუთის პოზიტივი ასევე ისაა, რომ როდესაც ხილვადი ხარ, ძალიან ძნელია კონკრეტულმა პირებმა დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ კარგი იქნება, თუ ამ ადამიანს დავწვავთ. ადვილია დემონიზება ვიღაცის, რომელიც არ ჩანს, რთულია, როცა რეალურ ადამიანზეა საუბარი.
ალბათ, სხვა გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი ადამიანებისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ, ე.წ. Role Model. არის, თუ არა თქვენი ერთ-ერთი მიზანი თემის წევრების წახალისება, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მათ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ?
მე მომმართავენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე არიან და ეს გამოწვევები, როგორც წესი, მათი ოჯახიდან მოდის. როდესაც ოჯახის წევრები ძალიან ახალგაზრდა ასაკში ეუბნებიან, ჩვენ გზრდიდით 16 წელი და ახლა დასრულდა, ჩვენ აღარანაირ რესურსს შენზე აღარ დავხარჯავთ, რადგან შენ ხარ უღირსი, შენ უნდა დაგვტოვო, გაგვეცალო და ჩვენ ნებისმიერ გარეშე პირთან ვიტყვით, რომ გავწყვიტეთ შენთან კონტაქტი, რომ ეს სტიგმა ჩვენზე არ გადმოვიდეს.
ძალიან ბევრი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში. ხომ უნდა არსებობდეს რაღაცა ძალა, რომელიც მათ ეტყვის, რომ მარტო არ ხართ, თქვენ ძალიან დიდი და კომპლექსური ჩაგვრის მსხვერპლი აღმოჩნდით ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ნუ გეშინიათ, აგერ ვართ ჩვენ, ადამიანები, ვინც ასევე დავექვემდებარეთ იმავე ჩაგვრას, მაგრამ თავი არ მოვიკალით, არ არის საჭირო თავის მოკვლა, შენ შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება, შეგიძლია მიიღო განათლება, უნდა მოითხოვო საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და მოითხოვო იგივე რესურსები, რაც აქვთ სხვა ადამიანებს. თუ შენ თვითონ არ გჯერა, რომ რაიმე გეკუთვნის, ადვილად გაგაგდებენ სამსახურიდან, ადვილად დაგჩაგრავენ მეზობლები ან ქუჩაში გამვლელები.
ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ახალგაზრდამ. ამას მხოლოდ სიტყვიერად არ გამოვხატავ. რა რესურსიც გამაჩნია, თუნდაც ფინანსური, ამ რესურსებს მივმართავ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც მოდის და ითხოვს ჩემგან დახმარებას. ჩემი სახლი თავშესაფრადაა ქცეული. მარტო არასდროს არ ვცხოვრობ. მე თვითონ ვქირაობ და ჩემს ბინაში თუნდაც არ იყოს საწოლზე ადგილი, იატაკზე დაგვიძინია იმის გამო, რომ ვიღაცა არის გამოგდებული, გაგვინაწილებია საჭმლისთვის ფული, რომელიც ამ წუთას შესაძლებელია, რომ ავკრიფოთ თემის წევრებში.
ასე ხდება კონსოლიდაცია, სოლიდარობის განცდის გაღვივება იმ ადამიანებში, ვინც შენს ირგვლივ აღმოჩნდა.
ლესბოსელი ქალი ხართ, შეძლება ითქვას, ორ ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენთ, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ღიად გეი კაცი უფრო დიდი აგრესიის ობიექტი იქნებოდა. თქვენზე ნაკლები აგრესია მოდის?
რეალურად, ადამიანის ორიენტაცია და სექსუალობა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებას. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების დომინანტ ჯგუფს ეშინია პრივილეგიების დაკარგვის. მამაკაცებს ეშინიათ, რომ დაკარგონ ის პრივილეგიები, რომლებიც ქალებთან შედარებით გააჩნიათ, მათ შორის, შემოსავლიან სამსახურებზე წვდომა, დამოუკიდებელი განვითარების თავისუფლება. თუ კაცი ხარ იმასთან გექნება სექსი, ვისთანაც გინდა, ძალიან ადრეული ასაკიდან გაქვს ფუფუნება, რომ არავინ გაკონტროლებს და პირიქით, წახალისებული ხარ, რაც უფრო მეტი სოციალური კავშირები გექნება და რაც უფრო მეტად სცდი შენს თავს, იქნები მიზანდასახული, მიზანმიმართული, ამბიციური.
ამ დროს ქალს გზრდიან კაცზე დამოკიდებულ მოსამსახურედ, რომელმაც უნდა გარეცხოს და ა.შ. დომინანტ ჯგუფს ბუნებრივად ჰგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს. ამ წესრიგს ყველაზე ძლიერად არღვევენ ჰომოსექსუალი კაცები და კიდევ უფრო მეტად - ტრანსგენდერი ქალები. მამაკაცად ყოფნის პრივილეგია ისაა, რომ ის პენეტრაციის განმახორციელებლი პირია - ის ზემოდან არის, ქალი - ქვემოდან. ტერმინები - ქმარი და ცოლი, ანუ მქნარი, რომელიც შვება და ცოლი, ანუ მწოლი. ანუ კაცი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და თუ არის, ესე იგი "სასწაული ხდება" - ის თმობს კაცად ყოფნის პრივილეგიას და სხვა კაცებსაც უქმნის ძლიერ საფრთხეს, რადგან როცა ქალები დაინახავენ გენდერულ როლებს შორის საზღვრის წაშლას, კაცის პრივილეგიებს ემუქრება საფრთხე.
მართლაც ასეა. თუ მე მიმიღებენ სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ და ჩემს უნარებს მიექცევა ყურადღება, ამ შემთხვევაში ის პრივილეგია, რომ უბრალოდ კაცია, აღარ იმუშავებს.
ორგაზმი კაცების გარეშე - წარწერა ბანერზე, რომელიც 8 მარტის აქციაზე გეჭირათ. თუ შეიძლება განმარტოთ, რას გულისხმობდით, რადგან ამ ბანერი გამო ბევრი კრიტიკა მიიღეთ არა მხოლოდ კონსერვატორებისგან.
სხვადასხვა კრიტიკა მესმის ხოლმე. ერთი არის, რომ იდენტობის პოლიტიკა არის მოძველებული - ფოკუსირება იმაზე, რომ შენ ხარ ლესბოსელი და არ გაქვს კაცთან სექსი და შესაძლებელია ქალთან ორგაზმი, სხვადასხვა თეორიების მიხედვით ეს უკვე გაიარა ცივილიზებულმა საზოგადოებამ და თქვა, ახლა ქვიარ თეორიაა წინ წამოწეული. ქვიარ თეორიაში ჩვენ ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გენდერს, სექსუალობას. მესმის ამ თეორიების, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა არც სექსუალობას, არც გენდერს, მაგრამ გარემოებებს ხომ გააჩნია?! საქართველოში, სადაც არანაირი ინფორმაცია სექსუალობის შესახებ საზოგადოებას არ გააჩნია და ერთადერთი გზა არის გააგებინო, რომ ქალის ქალთან სექსი არის ჩვეულებრივი ამბავი, რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს ინსტრუმენტი?! ხომ უნდა გავითვალისწინოთ მიმღები?!
კრიტიკა სწორედ ამას ეხებოდა, რამდენად გაიგო მიმღებმა ამ მესიჯის შინაარსი?
მე თვალს ვადევნებდი კომენტარებს და ისინი ძირითადად იყო მიზოგინური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ საზოგადოებაში ქალის როლის დაკნინებასთან გვაქვს საქმე. პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი მძაფრი მესიჯების გატანა, რომ მაგალითად, შენ, როგორც ქალი, შეგიძლია იყო აბსოლუტურად თვითმყოფადი, არ გჭირდებოდეს კაცი იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო.
საზოგადოება ფიქრობს, რომ კარგი, ვთქვათ სამსახური შეიძლება გქონდეს, თუნდაც მაღალანაზღაურებადი, შეიძლება ბავშვი იშვილო, მაგრამ სექსუალურ პლანში რაღას შვები?! - ზუსტად აქ რადიკალურად ამბობ, რომ აქაც კი შემიძლია ვიყო დამოუკიდებელი.
ამით, ლესბოსელები რომ არსებობენ, ამის წინ წამოწევა მოხდა. ამან თავის მიზანს მიაღწია იმიტომ, რომ იქ, სადაც არ გიჩნდება კითხვები, თუ საინფორმაციო საბაბი არ არის, იმის ირგვლივ არანაირი დისკუსია არ არის, მაშინ შენი საქმიანობა ფუჭია.
მინდა გკითხოთ მედიასთან ურთიერთობაზეც - რაც კანდიდატი გახდით, როგორ აფასებთ მედიის დამოკიდებულებას თქვენდამი?
განცვიფრებული ვარ იმდენად არის შეცვლილი. სექტემბრის და ოქტომბრის თვეში, მედია გვაშუქებს აბსოლუტურად სწორად.
როგორ გინდათ, რომ იდენტიფიცირებადი იყოთ ამომრჩევლისთვის, როგორც ლესბოსელი ნინო ბოლქვაძე, თუ როგორც იურისტი ნინო ბოლქვაძე? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ორიენტაცია თქვენს საქმიანობაში?
თუ როგორ აკეთებ შენი თავის პრეზენტაციას, ამას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, მე ვამბობ, ხოლმე, ვარ სამოქალაქო აქტივისტი, ლესბოსელი აქტივისტი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქალი ჩართული ვარ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლაში. და მეორე მხრივ, როცა ვამბობ ლესბოსელი აქტივისტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ძალიან მოწყვლადი თემის წარმომადგენელი ვარ, ვიცი რა პრობლემები აქვს ამ თემს, ღიად ვაცხადებ იმის შესახებ, რომ ამ თემის წარმომადგენელი ვარ, რასაც აქვს თავისი დატვირთვა და ამ ორ კომპონენტს ვაერთიანებ - სამოქალაქო აქტივისტი და ლესბოსელი აქტივისტი.
კი, მაქვს წარმოებაში სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეები, თუმცა იურისტის პროფესიას გავცდი დიდი ხანია.
თუ გსურთ რამის დამატება...
მივმართავდი ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს, ვინც ახლა ეჯახება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ოჯახის მხრიდან მიუღებლობა, ძალადობა. მინდა, რომ მათ ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, რთული გადასალახი, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იმ თაობისგან განსხვავებით, ვინც საბჭოთა კავშირის დროს გაიზარდა მათ გვერდით არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე უკვე განიცადა ჩაგვრა და მზად არის მათ ხელი გაუწოდოს.
მოვუწოდებ მათ, რომ მოვიდნენ ჩვენამდე. არ აქვს მნიშვნელობა ფინანსურ რესურსს. ჩვენ მზად ვართ, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ ნებისმიერ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც არის განსაცდელში.
რაღაც აპოკალიფსი ხდება ჩემს ფეისბუკში. მთელი ჩემი დრო და რესურსი მიაქვს იმ ადამიანებს, ვინც მწერს, ბევრი თემის წევრი არ არის და აქამდე არც ვიცნობდი, სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან და მადლიერებით მწერენ. ბევრი მწერს, რომ ჩემი მშობლები გიყურებდნენ, ჰომოფობი მშობლები მყავს და ერთ-ერთმა გადაცემამ შეცვალა რაღაცა და იმედი მომეცა, რომ მე ოდესმე მიმიღებენ.
ძალიან დადებითი გამოხმაურებაა და ქუჩაში გამვლელები მეხუტებიან. ველოდი, რომ იქნებოდა დადებითი გამოხმაურებაც, მაგრამ ნეგატიურს ველოდი. ნეგატიური განწყობა არ შემინიშნავს.
დაინახეს ადამიანებმა, რომ არის რაღაც ღირებულებები, რომლის აღიარების, რომლის ირგვლივ გაერთიანების გარეშე თანამშრომლობაზე აგებულ, კომფორტულ და სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარი ვერ გვექნება.
როდესაც შენ რეალურ ცვლილებებზე ხარ ორიენტირებული, შეიძლება ბევრი წინაღობა გხვდებოდეს წინ, მაგრამ იმდენად თავდაჯერებული ხარ, იმდენად მიზანმიმართული ხარ შენს პოზიციაში, რომ გჯერა, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი და უბრალოდ დროის ამბავია, თუ როდის.
ანუ რესპუბლიკური პარტიის კამპანია უკვე წარმატებულია და არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე რა შედეგი დადგება?
ამ კონკრეტულ არჩევნებზე რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს იქნება იმ ადამიანების ხმები, რომლებიც არ არიან ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგი. ამით თემი უკვე აჩვენებს იმას, რომ მხარდამჭერები ჰყავს, რა რაოდენობაც არ უნდა იყოს დაფიქსირებული. მე მაინც იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ხმას აიღებს რესპუბლიკური პარტია ვიდრე წინა არჩევნებზე. და მაქვს საპარლამენტო არჩევნების იმედი.
საპარლამენტო არჩევნებზეც რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად მიიღებთ მონაწილეობას?
ჯერ ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა ასე ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალური კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე, რომ ამ გზას სჭირდება გაგრძელება.
კომენტარები