ადამიანი ერთადერთი პრიმატია, რომელსაც ნიკაპი აქვს — ევოლუციური შემთხვევითობა?
ფოტო: Tim Schoon/University of Iowa
პრიმატების რიგში ადამიანი ერთადერთია, რომელსაც ნიკაპი აქვს. ასეთი რამ ჩვენს უახლოს ცოცხალ მონათესავე ცხოველში — შიმპანზეში — არ გვხვდება და ის არც ნეანდერტალელებს, დენისოველებსა თუ ადამიანის სხვა გადაშენებულ სახეობებს უნდა ჰქონოდათ. ეს იმდენად უნიკალური მახასიათებელია, რომ ხშირად სწორედ მისი მეშვეობით ახერხებენ მეცნიერები ჰომო საპიენსების ნამარხთა იდენტიფიცირებას.
ნიკაპი ქვედა ყბის ძვლოვანი წაგრძელებაა, მაგრამ როგორ ან რატომ ჩამოყალიბდა ის? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, სხეულის ეს ნაწილი ევოლუციის "შემთხვევითი მეორეული პროდუქტია" და არა ბუნებრივი სელექციის პირდაპირი შედეგი.
Phys.org-ის სტატიაში ნიკაპის ჩამოყალიბება შედარებულია კიბეების უჯრედებს შორის არსებულ სივრცეებთან, რომლებსაც რაიმე არქიტექტურული დანიშნულება არ აქვს, არამედ კიბის აშენების არამიზანმიმართული შედეგია.
"ნიკაპის მსგავსი უნიკალური მახასიათებლის ქონა არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი გადარჩენის შანსების გასაზრდელად ბუნებრივი სელექციის პროცესში ჩამოყალიბდა — მაგალითად, ქვედა ყბის გასამაგრებლად, რათა ღეჭვისას ძალა გადანაწილებულიყო.
ნიკაპი, სავარაუდოდ, მეორეული პროდუქტია და არა ადაპტაცია. მხოლოდ მთლიანობის შესწავლით შეგვიძლია დავადგინოთ, ცხოველის რომელი ასპექტია ფუნქციური დანიშნულების მქონე და რომელია ამ დანიშნულების თანმხლები", — აცხადებს ნორინ კრამონ-ტაუბადელი, ბიოლოგიური ანთროპოლოგიის სპეციალისტი.
მან და მისმა გუნდის წევრებმა ნეიტრალობის "ნულოვანი ჰიპოთეზა" დატესტეს, რისთვისაც ადამიანებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების თავის ქალები ერთმანეთს შეადარეს. ამით იმის გაგება სურდათ, იყო თუ არა ნიკაპის ევოლუცია "შემთხვევითი". შედეგად, ადამიანთა თავის ქალის ზოგ ნაწილში პირდაპირ სელექციის მტკიცებულება იპოვეს, მაგრამ ნიკაპის ზონასთან დაკავშირებული მახასიათებლები მეორეული პროდუქტის მოდელს ბევრად უკეთ შეესაბამება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები