მეცნიერებმა ვიტამინ B1-ის შესახებ 1958 წლის თეორია დაამტკიცეს
ფოტო: SciTechDaily
მეცნიერებმა ის გააკეთეს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად მიიჩნეოდა: მათ კარბენი შექმნეს და რამდენიმე თვით წყალში სტაბილურად შეინახეს. ეს შედეგი ვიტამინ B1-ის შესახებ თითქმის 70-წლიანი თეორიის მართებულობის პირდაპირ მტკიცებულებას გვაძლევს.
კარბენი ნახშირბადის უჩვეულო ტიპია — ელექტრონების სპეციფიკური განლაგება მას უკიდურესად აქტიურს ხდის. 1958 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, რონალდ ბრესლოუმ, ივარაუდა, რომ ვიტამინი B1 (თიამინი) კარბენის მსგავს შუალედურ ნივთიერებებს წარმოქმნის და მთავარ მეტაბოლურ პროცესებსაც სწორედ ასე ასრულებს.
პრობლემა სწორედ ისაა, რომ კარბენი განსაკუთრებულად აქტიურია; ჩვეულებრივ, ის წყალში მაშინვე ნადგურდება, შესაბამისად, წესით, კარბენები ორგანიზმის წყლით გაჯერებულ გარემოში ვერ უნდა ძლებდეს. ამ ყველაფერმა ბრესლოუს იდეის დამტკიცება გაართულა.
კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, ვინსენტ ლავალომ და მისმა გუნდმა, ისეთი კარბენი შექმნა, რომელიც არამხოლოდ იტანს წყალს, არამედ მასში სტაბილურობასაც ინარჩუნებს. გარდა ამისა, მათ მიგნება ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული (NMR) სპექტროსკოპიით დაამტკიცეს.
მეცნიერებმა აქტიური ნახშირბადის გარშემო დამცავი "ჯიბე" ააგეს; ლავალოს გუნდმა კარბენის ცენტრს გარშემო მსხვილი, დაქლორილი კარბორანული გარსი შემოავლო, რომელმაც ერთგვარი მოლეკულური "აბჯრის" როლი შეასრულა. ეს სამგანზომილებიანი სტრუქტურა კარბენის აქტიურ ორბიტალებში წყალს არ უშვებს.
შედეგად, კარბენი რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაშლილა მაშინ, როცა ეს ნივთიერება წყალში ჩვეულებრივ რამდენიმე წამსაც კი ვერ ძლებს.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ვიტამინ B1-ის შესახებ ბრესლოუს მოსაზრებას ამყარებს. ასევე, მას პრაქტიკული გამოყენებებიც შეიძლება მოეძებნოს, მაგალითად, ფარმაციაში ან მასალათმცოდნეობაში.
დღესდღეობით ამ ინდუსტრიებში ტოქსიკურ ან აალებად ორგანულ გამხსნელებს იყენებენ. ამის მიუხედავად, თუ ქიმიკოსები კარბენზე დაფუძნებულ კატალიზატორებს შექმნიან, რომლებიც წყალში სტაბილურიცაა და აქტიურიც, მრეწველობის ეს დარგები უფრო ეკომეგობრული შეიძლება გახდეს.

კომენტარები