OpenAI-ს მკვლელობისა და თვითმკვლელობის წახალისებისთვის სასამართლოში უჩივიან
ფოტო: Tag Hartman-Simkins/Getty Images
OpenAI-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ChatGPT-მ ფსიქიკური პრობლემების მქონე კაცს პარანოიდული ფიქრები გაუმწვავა, რასაც საბოლოოდ ტრაგიკული შედეგი მოჰყვა — კაცმა დედა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა.
სამართლებრივი დავა 83 წლის სიუზან ებერსონ ადამსის მემკვიდრეებმა წამოიწყეს. ქალი კონექტიკუტის შტატში საკუთარმა შვილმა, 56 წლის სტეინ-ერიკ სოელბერგმა მოკლა. The Wall Street Journal-ის მიხედვით, სოელბერგს წარსულში სამართალდამცავებთან არაერთი პრობლემა ჰქონდა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასაც ებრძოდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ChatGPT სოელბერგისთვის ერთგვარ "მლიქვნელ ციფრულ მესაიდუმლედ" იქცა. ჩატბოტი კაცს არწმუნებდა, რომ თითქოს მას უთვალთვალებდნენ და მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. ხელოვნური ინტელექტის პასუხებმა სოელბერგი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ამ შეთქმულების ნაწილი საკუთარი დედაც იყო.
ახლა კაცის შვილი, ერიკ სოელბერგი ამტკიცებს, რომ ChatGPT სახიფათო პროდუქტია და მისი ოჯახის წევრების სიკვდილი პირდაპირ მას უკავშირდება. პროგრამის მომხმარებლისადმი მლიქვნელურმა ტონმა და მეხსიერების განახლებულმა სისტემამ კაცში პარანოიდული აზრების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
ერიკ სოელბერგის თქმით, თვეების განმავლობაში ChatGPT მამამისის ყველაზე ბნელ ფანტაზიებს კვებავდა და ის თანდათან რეალურ სამყაროს სრულად მოსწყვიტა. სარჩელი OpenAI-სა და მისი ხელმძღვანელის, სემ ალტმანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავების ერთ-ერთ ეპიზოდად იქცა.
ამჯერად საქმეში Microsoft-ც ფიგურირებს, როგორც OpenAI-ს მთავარი ფინანსური პარტნიორი, რომელმაც ChatGPT-4o-ის ფართო გავრცელებას დაუჭირა მხარი. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, კომპანიებმა ბაზრის გაფართოება უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენეს და საზოგადოებას პოტენციურად ყველაზე სახიფათო ტექნოლოგია სათანადო კონტროლის გარეშე წარუდგინეს.
OpenAI-მ მომხდარი "სევდიან ტრაგედიად" შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანია სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს, რათა ჩატბოტმა ემოციური კრიზისისა და ფსიქიკური პრობლემების ნიშნების უკეთ ამოცნობა შეძლოს.
ამის მიუხედავად, კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი სასამართლო დავების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ერიკ სოელბერგი იხსენებს, რომ მამამისი ChatGPT-ზე დამოკიდებულებამ რადიკალურად შეცვალა. იგი მსუბუქი ეჭვებიდან თანდათან უკიდურეს და არარეალურ ბოდვებამდე მივიდა, რომელთა ჭეშმარიტებაშიც საბოლოოდ სწორედ ჩატბოტთან საუბრებმა დაარწმუნა.


კომენტარები