დღესდღეობით სამეცნიერო სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი დედამიწის მიღმა არსებულ შესაძლო სიცოცხლეს ეხება. მეორე მხრივ, ჩვენი პლანეტის ოკეანეებშიც ბინადრობენ ორგანიზმები, რომლებიც სიცოცხლის შესახებ ჩვენს შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.

ამ უცნაურ არსებებს შორის მედუზები ნამდვილად გამოირჩევიან. ზღვის ამ ცხოველს ტვინი, ძვლები და გული არ აქვს, მისი ზოგიერთი სახეობა კი სიცოცხლის ციკლს ისე გადის, რომ ბიოლოგიური უკვდავების შთაბეჭდილებას ტოვებს. სამყაროში მედუზას მსგავსი შთამბეჭდავი და უცხო ორგანიზმი იშვიათი მოვლენაა.

ფოტო: Shutterstock

ამ უცნაურობის მასშტაბი ახალი კვლევის გამო კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ჰონგ-კონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ყუთა მედუზების სრულიად ახალი სახეობა მაი პოს ბუნებრივ ნაკრძალში აღმოაჩინეს. ახალი სახეობა Tripedaliidae-ს ოჯახს მიეკუთვნება და მას Tripedalia maipoensis ეწოდა.

იმის მიუხედავად, რომ ამჟამად მისი გავრცელების არეალად მხოლოდ მაი პოს ტერიტორია მიიჩნევა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სახეობა სხვა ადგილებშიც ცხოვრობდეს. იმის გამო, რომ მაი პოს აუზები მარგალიტის მდინარეს უკავშირდება, დიდი ალბათობით, მედუზა მიმდებარე წყლებშიც გავრცელდა.

ყუთა მედუზები, გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ყოველთვის გიგანტური და საშიში არსებები არ არიან. ავსტრალიური ყუთა მედუზა (Chironex fleckeri) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შხამიან ცხოველად ითვლება და დაახლოებით 3 მეტრამდე იზრდება, მაგრამ მედუზების მრავალი სხვა სახეობა გაცილებით უფრო უწყინარია. Tripedalia maipoensis სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება და მისი სხეულის საშუალო სიგრძე დაახლოებით 1.5 სანტიმეტრია. ეს მედუზა ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო თვისებით გამოირჩევა — მას 24 თვალი აქვს.

ყუთა მედუზების ახალი სახეობა Tripedalia maipoensis.

ფოტო: Hong Kong Baptist University

საინტერესოა, რომ ყველა თვალს ერთნაირი ფუნქცია არ აქვს. მკვლევრების თქმით, ისინი ოთხ ჯგუფადაა განლაგებული, რომელთაგან თითოეული ექვს თვალს მოიცავს და სენსორულ სტრუქტურაშია მოთავსებული. ამ ექვსიდან ორ თვალს ლინზები აქვს და გამოსახულების ფორმირება შეუძლია, ხოლო დანარჩენი ოთხი მხოლოდ სინათლესა და სიბნელეს აღიქვამს. მსგავსი ვიზუალური სისტემა მედუზებს გარემოში ორიენტაციის განსაკუთრებულ უნარს აძლევს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გვარ Tripedalia-ს სხვა წარმომადგენლები ამ თვალებს მანგროს ტყეებში ნავიგაციისთვის იყენებენ. ისინი მცენარეულ საფარს თავს აფარებენ და ამავე დროს ფესვთა სისტემაში დაბრკოლებებს თავიდან იცილებენ. თვალების ასეთი განლაგება მედუზებს პრაქტიკულად 360°-იანი ხედვის საშუალებას აძლევს. ესაა უნიკალური თვისება იმ ორგანიზმისთვის, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა საერთოდ არ გააჩნია.

იმის გამო, რომ მაი პოს ნაკრძალი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩამავალი ყურის სიახლოვეს მდებარეობს, მეცნიერები ჩინეთის სანაპირო ზოლის დამატებით კვლევას გეგმავენ. ისინი Tripedalia maipoensis-ის გავრცელების სრული გეოგრაფიული არეალის დადგენას ცდილობენ. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ რამდენად არასრულად ვიცნობთ ჩვენსავე პლანეტაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას.

კვლევა ჟურნალ Zoological Studies-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.