#დასრულდეს: თეთრი ხმაურის მოძრაობის ახალი კამპანია ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად
თეთრი ხმაურის მოძრაობა ახალ პლატფორმას ქმნის და ხალხის აზრის გაერთიანების და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების მიზნით, საკომუნიკაციო კამპანიას მართავს.
მოძრაობა მიიჩნევს, რომ პარლამენტზე გავლენის მოსახდენად საჭიროა ხალხის ერთიანი პოზიცია დაფიქსირდეს:
"საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა გაუმართლებელია. მის მიერ ადამიანებისთვის და ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ვეღარ ანაზღაურდება და სანამ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!"
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გაიმართება პლენარული სესია, რომელზეც პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის ახალ კანონპროექტს, რომლის შედგენაზეც ათეულობით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა იმუშავა და დღევანდელზე ბევრად უფრო ჰუმანურია.
თეთრი ხმაურის მოძრაობის თქმით, კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიდეო-რგოლების სერია იქნება, სადაც ქართველი მსახიობები სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად განიხილავენ იმ ისტორიებს, რომლებიც არსებული ნარკოპოლიტიკის გამო რეალურად გადახდათ საქართველოს მოქალაქეებს.
ვიდეო-რგოლებში ისინი ასევე განიხილავენ ახალი კანონპროექტის დეტალებს და ცვლილებებს, რომლებიც მისი შემოღების შემთხვევაში მოხდება. ვიდეოები ვებ-გვერდზე www.wnm.ge მოიყრიან თავს.
ვებ-გვერდის სტუმრები ასევე გაეცნობიან იმ პოლიტიკოსების სიას, რომლებიც ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეები და წინააღმდეგნი არიან. მოქალაქეები ვებ-გვერდის საშუალებით ამ პარლამენტარებთან დაკავშირებასაც შეძლებენ.
"მხოლოდ ერთიანი საზოგადოებრივი აზრით და პროტესტით იქნება შესაძლებელი არსებულ მდგომარეობასთან გამკლავება" - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.
თეთრი ხმაურის მოძრაობა მადლობას უხდის მრავალ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კამპანიის დაგეგმვასა და მომზადებაში და ამჟამადაც ჩართული არიან მის მიმდინარეობაში.
კომენტარები