ფინანსური განათლება დღეს აღარ არის მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში გამოსადეგი ცოდნა, მან ყოველდღიურბაშიც აქტიური მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა "Project 64“-ის ახალი პოდკასტი რიცხვების გარეშე, რომლის მიზანი ეკონომიკისა და ადამიანის ყოველდღიურობის დაკავშირებაა, მარტივი ენითა და ცოცხალი მაგალითებით.

გადაცემის შექმნელი და წამყვანი, გიორგი კეპულაძე გვიამბობს, როგორ იქცა პროექტი ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ახალ წყაროდ და რატომ მიიჩნევს, რომ რიცხვების მიღმა ყოველთვის ადამიანები არიან.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კეპულაძესთან

რა იყო გადაცემა რიცხვების გარეშეს საწყისი იდეა, თქვენი ინსპირაციის წყარო?

მე და ჩემი ორგანიზაცია დიდი ხანია ვმუშაობთ ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლების მიმართულებით.სხვადასხვა ფორმატში ხშირად ვიყენებდით მედიას, როგორც ტრადიციულს, ვგულისხმობ ტელევიზიებს, ისე ინტერნეტ სივრცეს იმისთვის, რომ გაგვევრცელებინა ცოდნა სხვადასხვა ეკონომიკური თემის შესახებ,, მათ შორის, საბანკო პროდუქტებზე.

ჩემი აზრით, ტრადიციული მედია ნელ-ნელა უფრო მეტად ჩანაცვლდება ინტერნეტით, სოციალური მედიის პლატფორმებით. ბოლო წლებში საქართველოში ძალიან გაიზარდა იუთუბის პოპულარობა, ამიტომ გადავწყვიტე პროექტ 64-ისთვის შემეთავაზებინა რამდენიმე საცდელი ეპიზოდის გაშვება იუთიბზე.

ჯერ სახელიც არ ჰქონდა ამ პოდკასტს, როცა ეპიზოდების მომზადება დავიწყეთ და ძალიან მალე დავინახეთ, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურ მედიაში. ჩვენ არა მხოლოდ იუთუბზე, არამედ 64-ის ტიკტოკ, ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდებზე ვავრცელებთ მოკლე ვიდეოებს. სრულ ეპიზოდებს, ცხადია, 64-ის იუთუბ გვერდზე ვაქვეყნებთ.

ვფარავთ სხვადასხვა ტიპის თემებს. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რა კავშირი აქვს მათთან ეკონომიკას. ეს თემები ცოტა მოსაწყენია, მაგრამ ვცდილობთ, ნარატივი ისე შევცვალოთ, რომ არ იყოს მხოლოდ რიცხვებზე საუბარი. ამიტომ დავარქვით პროექტს — რიცხვების გარეშე. ამით ხაზი გავუსვით, რომ მთავარი არ არის რიცხვები, მთავარია ადამიანებს დავანახოთ რა კავშირი აქვს რიცხვებს მათ საფულესთან, ჯიბესთან, მაცივართან. ეკონომიკური ამბების თხრობის ასეთი სტილი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესიც დავინახეთ.

როგორ შედგა თანამშრომლობა Project 64-თან და თიბისი ბანკთან ამ პროექტთან დაკავშირებით?

მე არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი ვარ და თიბისისთან წლებია ვთანამშრომლობ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

რაც შეეხება პოდკასტს,ის ენთუზიაზმით დავიწყეთ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და როგორც კი დავინახეთ, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არსებობს ინტერესი, რომ ამბის თხრობის ეს სტილი გასაგები და მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობა და მხარდაჭერა თიბისის შევთავაზეთ. ძალიან მალე შედგა შეთანხმებაც: მომავალი ერთი წლის განმავლობაში თვეში ორჯერ მოვამზადებთ 15-20 წუთიან ეპიზოდს იუთუბისთვის; გვექნება მოკლე ვიდეოებიც, მარტივ თემებზე. რა თქმა უნდა, შევეხებით საბანკო პროდუქტებსაც. შევეცდებით, ადამიანებს ვასწავლოთ მაღალი ინფლაციის პირობებში, როგორ იმოქმედონ, , როგორ დასაქმდნენ და აირიდონ თავიდან უმუშევრობა, როგორ გაიზარდოს მათი შემოსავალი და მომგებიანად მოიხმარონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტი.

რა არის ამ გადაცემის მთავარი მიზანი?

მთავარი მიზანი არის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება და ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რა კავშირი აქვს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს მათ ჯიბესთან, როგორ ეხება პოლიტიკა ხალხის ბიუჯეტს და ზოგადად, ცხოვრებას.

რა კრიტერიუმებით ირჩევთ კონკრეტულ ფინანსურ თემას გადაცემისთვის?

ამაზე ჯგუფურად ვმუშაობთ: სხვადასხვათემას ვამუშავებთ და ყურადღებას ვაქცევთ რამდენად აქტუალურია იმ პერიოდისთვის. ასევე, ვაკვირდებით რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის. ერთგვარ კვლევას ვატარებთ და მერე ვიწყებთ მუშაობას სიუჟეტზე.

შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი ეპიზოდი, რომელმაც ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია?

ასეთი იყო პირველივე ეპიზოდი, რომელიც ლარის კურსს ეხებოდა. საოცრად დიდი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ამან მიგვანიშნა რომ სწორ გზაზე ვიდექით და რომ ეკონომიკური ამბების თხრობის ეს სტილი ადამიანებისთვის საინტერესო იყო.

თქვენი აზრით, ფინანსური განათლების თვალსაზრისით, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა?

ამაზე ბევრი კვლევა არსებობს. საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით მუშაობა დაიწყო 10-12 წლის წინ, შემდეგ კი გაძლიერდა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები, როდესაც ყოველთვიურ ბიუჯეტს გეგმავენ, მით უმეტეს საქართველოში, სადაც შემოსავლები არც ისე მაღალია, დაზოგვასაც ვერ ახერხებენ.

მათ ვასწავლით როგორ დაგეგმონ ფინანსები, როგორ გამოიყენონ ბიუჯეტი და როგორ მოიქცნენ ისე, რომ ფინანსურად ნაკლებად დაზარალდნენ.

როგორია გადაცემის ფორმატი და როგორ წარადგენთ მას სხვადასხვა პლატფორმაზე - Instagram, Facebook, YouTube-ზე?

ფორმატი ასეთია: მე ვარ მოპასუხე, მყავს თანაწამყვანი ანა ენდელაძე, რომელიც კონტენტ კრეატორია და ეკონომიკურ სფეროსთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. ანა სვამს ე.წ. ხალხურ კითხვებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ანას კითხვებით და მერე მათი ახსნით პოდკასტი უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს.

ანუ, იუთუბსა და ინსტაგრამზე რასაც ვათავსებთ, ხალხისგან წამოსულ კითხვებზე პასუხებია, უბრალოდ მარტივად ახსნილი. არსებული თემიდან გამომდინარე ვდგამთ სცენებს. სოც.მედიის პლატფორმები გვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებამ ადვილად გაიგოს ის, რაც აინტერესებს. ჩვენი სიუჟეტები არის ყველასთვის — დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული მოხუცებით.

რას გრძნობთ, რამდენად მზად არის ახალგაზრდობა ფინანსური განათლების მიღებისთვის?

სურვილი და ინტერესი არის. მთავარია, განათლება სწორი ფორმით შევთავაზოთ, კარგად ავუხსნათ, რატომ უნდა დაინტერესდნენ ამ თემებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, დეტალურად ვიკვლვეთ, ვინ არის ჩვენი მაყურებელი, რა ასაკობრივი ჯგუფია ყველაზე მეტად დაინტერესებული, კაცები უფრო უყურებენ თუ ქალები, თბილისში თუ დიდ ქალაქებში. მონაცემების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩვენი მთავარი მაყურებელი ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან სასიხარულოა.

ფინანსური თემები ზოგადად რთულია, თქვენ როგორ ახერხებთ მათ ასე ლაღად წარმოჩენას?

დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. საქმე ის არის, რომ მე არ ვარ პროფესიით არც ეკონომისტი და არც ფინანსისტი, ჟურნალისტი ვარ, ამბების მთხრობელი; ეს მეხმარება იმაში, რომ მარტივად ვისაუბრო რთულ თემებზე. მეხმარება 64-ის გუნდიც ერთი სიტყვით, ყველა ერთად ვქმნით მარტივ ენას, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, აკადემიური კვალიფიკაცია დგას.

რა გეგმები გაქვთ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით? როგორ ხედავთ გადაცემის მომავალს, რა ახალი მიმართულებები შეიძლება გაჩნდეს?

როგორც აღვნიშნე, ერთი წლის განმავლობაში 24 დიდი ეპიზოდი მომზადდება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ფასების ზრდა, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. მსგავსი თემები ძალიან რეზონანსულია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მათ მიმართ ინტერესი.

რაც შეეხება სხვა გეგმებს, სოციალური მედია ძალიან კარგი პლატფორმაა, იმ თვალსაზრისით, რომ იძლევა საშუალებას მუდმივად იცოდე რა მოსწონს და რა აინტერესებს შენს მაყურებელს. და თუ მომავალში დავინახავთ ახალი ფორმატის აუცილებლობას, ცხადია, მოვერგებით მაყურებლის საუკეთესო ინტერესს.

როგორ ხედავთ პარტნიორობის როლს — რა წვლილი მიუძღვის თიბისის მხარეს ამ რესურსში და რა მოტივაცია აქვს კომპანიას ასეთი პროექტის მხარდაჭერისთვის?

როგორც იცით, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება და მისი აქტიური მხარდაჭერაა. როდესაც შევთავაზეთ პროექტი, დაინტერესდნენ, რადგან მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფინანსური განათლების ამაღლებაა. ფინანსურად განათლებული მომხმარებელი ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, რა გზავნილი გაქვთ თქვენი აუდიტორიისთვის? რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ფინანსურ განათლების მიღებას იწყებს?

ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, დასვან კითხვები, ნახონ ვიდეოები, უყურონ ჩვენს ეპიზოდებს და მერე ალბათ მეტი ინტერესი გაუჩნდებათ. ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ყველაფერზე. თუ უფრო სერიოზულად დაინტერესდებიან, უკვე შეუძლიათ სპეციალურ ლიტერატურასაც გაეცნონ.