პრემია "თავისუფალის" მესამე გამოშვება — ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები
მაშინ, როცა თავისუფლად მოაზროვნე ხელოვანები საქართველოში სულ უფრო ხშირად ხვდებიან ზეწოლის ქვეშ, დამოუკიდებელი თეატრი რჩება ერთ-ერთ უკანასკნელ თავშესაფრად, სადაც შემოქმედს არავინ მოუწოდებს, რა და როგორ უნდა გააკეთოს, არავინ გაკიცხავს და განდევნის რეჟისორს, რადგან მან მის მხატვრულ ნამუშევრებში საჯაროდ გამოხატა წუხილი.
ასეთ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციებისა და მსახიობების მხარდაჭერა, მათი წახალისება. უკვე მესამე წელია ამ საქმეს პირნათლად ასრულებს პრემია "თავისუფალი", რომლის მიზანი პროფესიული აღიარების მინიჭებაა იმ სახელოვნო გაერთიანებებისა ან არტისტებისთვის, რომლებიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობენ.
როგორც პრემიის დამფუძნებელი, თეა კახიანი, გვიყვება, ისინი დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ დამოუკიდებელი თეატრების ცოცხალ შემოქმედებით პროცესებზე. მისი თქმით, ამ პროცესების ხელშეწყობა და მსახიობების წახალისება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"მათ შემოქმედებითობას ადასტურებს ის, რომ დარბაზები სავსეა მაყურებლებით და ხშირად ბილეთების შოვნაც ჭირს. თუნდაც წელს, მესამე გამოშვებაზე — იმ პირობებში, სადაც რამდენიმე თვე დამოუკიდებელი თეატრები გაფიცულები იყვნენ — პრემია 17 სპექტაკლს განიხილავს", — ამბობს პრემიის დამფუძნებელი, თეა კახიანი.
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
როგორც თეა გვიყვება, პრემიები ტრადიციულად სამ ნომინაციაში გაიცემა — საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო სცენოგრაფი. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემია "თავისუფალში" ინდივიდუალური პროექტებიც მონაწილეობენ, მათ შორის გიორგი მაისურაძისა და ქეთევან სამხარაძის საავტორო სპექტაკლები.
"გვინდა ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ხელოვნების განვითარება, ამ პროცესებისა და მასში მონაწილე ადამიანების მხარდაჭერა", — გვიყვება პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წელს პრემიაზე წარდგენილები არიან რეგიონის დამოუკიდებელი ნამუშევრები, მათ შორის, მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი ჰაიდე, ბათუმის დამოუკიდებელი არტისტების გაერთიანების სპექტაკლი ჰიტლერი და თეატრი ლიანდაგის სპექტაკლი ფილოკტეტე. გარდა ამისა, 23 ნოემბერს საქართველოში პირველად ითამაშებს ემიგრანტი თეატრი საბერძნეთიდან — ათენის ქართული თეატრი — რომელსაც თბილისში მოძრაობის თეატრი უმასპინძლებს.
რაც შეეხება პრემია "თავისუფალის" მესამე გამოშვების ჟიურის წევრებს, პრემიაზე წარდგენილ სპექტაკლებს თვალს ადევნებენ — ნინო ბურდული, დავით ბუხრიკიძე და თამარ ცაგარელი.
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები
წლევანდელი გამოშვება ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება. როგორც თეა ამბობს, პრემიის დამფუძნებლებს მესამე გამოშვების თემაზე დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებიათ, ვინაიდან დრო და ვითარებამ მათ თავად უკარნახა პრემიის კონტექსტი.
"იმ პირობებში, სადაც დავით დოიაშვილს მის მიერ შექმნილი თეატრიდან ათავისუფლებენ, იმის გამო, რომ მან საკუთარი დასის წევრს, სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს, სოლიდარობა გამოუცხადა... შეუძლებელია, ამ ყველაფერს ხედავდე და არაფერს აკეთებდე. სწორედ ამიტომ, წლევანდელი პრემია ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება", — ამბობს ის.
პრემიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის გამო, წელს თანხების მობილიზება საკმაოდ რთული პროცესი იყო. კომპანია "კოკა-კოლას" დახმარებით "თავისუფალმა" საპრიზო ფონდის მობილიზება შეძლო, ხოლო საორგანიზაციო თანხების შეგროვებაში დახმარების ხელი მაყურებლებმა გაუწოდეს.
პრემია "თავისუფალის" 2024 წლის დაჯილდოება, რუსთაველზე
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
"ძალიან რთული იყო და, უხერხულობის გრძნობასაც კი იწვევდა ჩვენში, რომ დაჯილდოების გამო თანხების მობილიზება გვიწევდა, თუმცა ვთვლით, რომ საუხერხულო არაფერია, პირიქით, დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელი თეატრი არის ის სივრცე, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლებას... ეს თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რისთვისაც დღეს ვიბრძვით",— ამბობს თეა კახიანი.
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
პრემია "თავისუფალის" 2024 წლის დაჯილდოება, რუსთაველზე
ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB
"გასულ წელს დაჯილდოება რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მოვაწყვეთ...ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება და უნდა ვმდგარიყავით იქ, სადაც პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლების ავტორები იდგნენ, შესაბამისად, არ ვიცით რა იქნება მომავალში, თუნდაც ერთი თვის შემდეგ", — გვიყვება ის.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გააგრძელებს პრემია "თავისუფალი" მომდევნო წლებში მოღვაწეობას. დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელსაც შეძლებენ სათეატრო ორგანიზაციებისა და მსახიობების წახალისებას.
"ვიმოქმედებთ დროისა და კონტექსტის მიხედვით, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელსაც შევძლებთ არსებობასა და ქვეყანაში დარჩენას", — დასძინა მან.
თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს.
პრემია "თავისუფალის" საინფორმაციო მხარდაჭერია On.ge

კომენტარები