როგორია აღდგომის კუნძულზე აღმოჩენილი მილიარდდოლარიანი წამლის ისტორია
ფოტო: Posnov/Moment via Getty Images
1964 წელს აღდგომის კუნძულზე აღმოაჩინეს ანტიბიოტიკი, რომელმაც მილიარდობით დოლარის ფარმაცევტული წარმატების ისტორიას დაუდო სათავე. ამის მიუხედავად, ამ "სასწაულმოქმედი წამლის" ისტორიაში საერთოდ არ გვხვდება ის ხალხი და გარემოებები, რომელთა წყალობითაც მისი აღმოჩენა მოხერხდა.
აღდგომის კუნძულის ადგილობრივი სახელის — რაპა ნუის — მიხედვით წამალს რაპამიცინი დაერქვა. იგი თავდაპირველად იმუნოსუპრესანტად შექმნეს. მას სტენტების ეფექტიანობა უნდა გაეუმჯობესებინა, რომელთაც კორონალური არტერიის დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით რაპამიცინის გამოყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდაც დაიწყეს. ამჟამად მეცნიერები იკვლევენ, რამდენად შესაძლებელია მისი საშუალებით დიაბეტისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა.
PubMed-ში რაპამიცინის შესახებ 59 ათასზე მეტი სამეცნიერო სტატია იძებნება. შესაბამისად, იგი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წამალია.
რაპამიცინს ცილა TOR-ის დათრგუნვა შეუძლია. ეს ცილა უჯრედების ზრდისა და მეტაბოლიზმის მთავარი რეგულატორია. სხვა ცილებთან ერთად TOR საკვებ ნივთიერებებზე, სტრესსა და გარემო სიგნალებზე უჯრედების რეაგირებას აკონტროლებს. ამით იგი ცილის სინთეზზე ზემოქმედებს. მას ფუნდამენტურ უჯრედულ აქტივობებში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მის გაუმართაობასთან არის დაკავშირებული კიბო, მეტაბოლური დარღვევები და ასაკთან დაკავშირებული დაავადებები.
რაპამიცინის მნიშვნელობის მიუხედავად, მისი აღმოჩენის ისტორია საზოგადოებისთვის დიდწილად უცნობია. დარგის ბევრმა წარმომადგენელმა იცის, რომ ეს მოლეკულა 1970-იან წლებში ნიადაგის ნიმუშიდან გამოყვეს ფარმაცევტული კომპანიის მეცნიერებმა. ამის მიუხედავად, ცოტასთვის თუა ცნობილი, რომ ნიადაგის ეს ნიმუში 1964 წელს შეგროვდა, როცა კანადა აღდგომის კუნძულზე ახორციელებდა მისიას. ამ უკანასკნელს METEI, ანუ "აღდგომის კუნძულის სამედიცინო ექსპედიცია", ეწოდებოდა.
METEI ქირურგ სტენლი სკორინისა და ბაქტერიოლოგ ჟორჟ ნოგრადის იდეა იყო. მათ სურდათ გაეგოთ, თუ როგორ ეგუებოდა იზოლირებული მოსახლეობა გარემო სტრესს. მათი აზრით, აღდგომის კუნძულზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამისათვის უნიკალურ საშუალებას იძლეოდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ აეროპორტი კუნძულის მოსახლეობასთან გარე კონტაქტს გაზრდიდა, რაც მათ ორგანიზმსა და ჯანმრთელობაში ცვლილებებს გამოიწვევდა.
METEI რაპა ნუიში 1964 წლის დეკემბერში დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებითა და კანადის სამეფო საზღვაო ფლოტის ლოჯისტიკური მხარდაჭერით. სამი თვის განმავლობაში გუნდმა კუნძულის თითქმის ათასივე მცხოვრებს ჩაუტარა სამედიცინო შემოწმება; მათ კუნძულის ფლორა და ფაუნაც შეისწავლეს.
სწორედ ამ მისიის ფარგლებში ჟორჟ ნოგრადიმ ნიადაგის 200-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა. მათგან ერთ-ერთი Streptomyces ბაქტერიის შტამს შეიცავდა, რომელიც რაპამიცინს წარმოქმნის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ექსპედიციის მთავარი მიზანი რაპა ნუის მოსახლეობის ერთგვარ "ცოცხალ ლაბორატორიად" გამოყენება იყო. ისინი მონაწილეებზე ქრთამისა და მუქარას იყენებდნენ. მკვლევართა განზრახვები შეიძლება პატიოსანი ყოფილიყო, მაგრამ ეს ფაქტი მაინც სამეცნიერო კოლონიალიზმის მაგალითია.
ჟორჟ ნოგრადიმ რაპა ნუიდან ნიადაგის ნიმუშები კანადაში წაიღო, რომელთაგან ერთ-ერთიც საბოლოოდ ლაბორატორიაში მოხვდა. აქ მეცნიერებმა მისგან რაპამიცინი გამოყვეს. ეს ნივთიერება ბაზარზე გვიან, 1990-იან წლებში, იმუნოსუპრესანტ Rapamune-ს სახელით გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რაპამიცინმა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოიტანა, რაპა ნუის ხალხს მისგან დღემდე არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია. ეს საკითხი ადგილობრივი უფლებებისა და ბიომეკობრეობის, ანუ ადგილობრივი ცოდნის კომერციალიზაციის, შესახებ საკამათო კითხვებს აჩენს.
გაერომ 1992 წელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია შეიმუშავა, 2007 წელს კი დეკლარაცია ადგილობრივი ხალხების უფლებებზე. ესენი ბიოლოგიურ რესურსებზე ადგილობრივთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. ამასთანავე, ქვეყნებს ავალდებულებს, რომ ადგილობრივი ხალხებისგან თანხმობა მიიღოს და პროექტის განმავლობაში მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. სამწუხაროდ, ეს პრინციპები METEI-ის დროს არ მოქმედებდა.
რაპა ნუიზე რაპამიცინის აღმოჩენამ ამ მოლეკულის ირგვლივ ყველა შემდგომ კვლევასა და კომერციალიზაციას ჩაუყარა საფუძველი, ეს კი მხოლოდ აღდგომის კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობის გამოკვლევის მოტივით მოხდა.
ბოლო წლებში ფარმაცევტული ინდუსტრია უკეთ აცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიან კომპენსაციას ადგილობრივთა წვლილისთვის. ზოგიერთმა კომპანიამ ხელახალი ინვესტირების პირობა გასცა იმ თემებში, სადაც ღირებული ბუნებრივი პროდუქტები აღმოაჩინეს. რაპა ნუის შემთხვევაში მსგავსი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებმაც რაპამიცინით უშუალო სარგებელი მიიღეს.



კომენტარები