როგორ მუშაობს იმუნური სისტემის მარეგულირებელი უჯრედები, რომელთა აღმომჩენებმაც ნობელის პრემია მიიღეს
ფოტო: NIAID/Wikimedia Commons/CC-BY-SA 2.0
2025 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა — შიმონ საკაგუჩიმ, მერი ე. ბრანკოუმ და ფრედ რემსდელმა მიიღო. მათ ორგანიზმის იმუნური სისტემის მარეგულირებელი უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს სხეულს თვითდაზიანებისგან იცავენ. ამ აღმოჩენას ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეფექტური იმუნური სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ქსოვილებს აყალიბებს და ორგანიზმს ძველი უჯრედებისა და ნარჩენებისგან ასუფთავებს. იგი აგრეთვე საშიშ ვირუსებს, ბაქტერიებსა და სოკოებს ანადგურებს, რითაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
იმუნური სისტემა მოქმედებისას სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: მან ყოველდღიურად ათასობით სხვადასხვა მიკრობს უნდა შეუტიოს, რომელთაგან ბევრმა ევოლუციის შედეგად ჩვენი საკუთარი უჯრედების მსგავსი იერი შეიძინა და ამავდროულად ამან საკუთარი ქსოვილები არ უნდა დააზარალოს.
როგორ იგებს იმუნური სისტემა, რომელ უჯრედებს უნდა შეუტიოს და რომლებს არა? სწორედ ეს კითხვა აწუხებდათ იმუნოლოგებს ათწლეულების განმავლობაში და ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმაც ჯილდო ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის მიიღეს. მეცნიერებმა მარეგულირებელი T უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც იმუნურ უჯრედებს ჩვენი სხეულის დაზიანებაში ხელს უშლიან და იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
ათწლეულების განმავლობაში იმუნოლოგებს აინტერესებდათ თუ რატომ მუშაობდა ზოგიერთი იმუნური უჯრედი გამართულად და რატომ "გადადიოდა ზღვარს" და უტევდა სხეულის საკუთარ ქსოვილებს დანარჩენი. ამ ქსოვილების დაზიანების გამო შეიძლება ისეთი ავტოიმუნური დაავადებები განვითარდეს, როგორებიცაა ტიპი 1 დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი და გაფანტული სკლეროზი.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მკერდის პატარა ჯირკვალი, სახელად თიმუსი, ერთადერთი ორგანო იყო, რომელიც იმუნური სისტემის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებდა. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ "ზედმეტად ძლიერი" იმუნური უჯრედები ადრეულ ასაკში თიმუსში ნადგურდებოდა. დანარჩენი, ზომიერად აქტიური იმუნური უჯრედები კი სისხლში ხვდებოდნენ.
ამის მიუხედავად, საკაგუჩის მიერ 1980-1990-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს იმუნური T უჯრედების სპეციალიზებული კლასი, რომელიც იმუნური პასუხების დათრგუნვასა და იმუნური სისტემის მიერ სხეულის ქსოვილებზე შეტევის პრევენციაში კრიტიკულ როლს ასრულებს.
საკაგუჩის პირველ ექსპერიმენტში მან ახალშობილი თაგვებიდან თიმუსის ჯირკვალი ხელოვნურად ამოიღო და მათ T უჯრედები შეუყვანა. ის ვარაუდობდა, რომ თაგვებს სუსტი იმუნური სისტემა ექნებოდათ და ნაკლები T უჯრედი განუვითარდებოდათ.
ამის ნაცვლად მან აღმოაჩინა, რომ ეს T უჯრედები თაგვებს ავტოიმუნური დაავადებების განვითარებისგან იცავდნენ. 1995 წელს საკაგუჩიმ გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც T უჯრედების ახალი კლასი დეტალურად იყო აღწერილი. მათ ნაშრომში "მარეგულირებელი T უჯრედები" უწოდა და აჩვენა, რომ იმ T უჯრედებს, რომლებსაც ზედაპირზე სპეციფიკური ცილა ჰქონდა რეალურად მავნე უჯრედებს ანადგურებდნენ.
თავდაპირველად მეცნიერები მარეგულირებელი T უჯრედების არსებობის შესახებ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ბრანკოუსა და რემსდელის მიერ 1990-2000-იან წლებში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მათი მუშაობის მექანიზმი დეტალურად აღწერა.
ბრანკოუმ და რემსდელმა კვლევებით დაადგინეს, რომ მარეგულირებელი T უჯრედები იმუნურ უჯრედებს სხეულის დაზიანებაში ხელს უშლიან. ამას ისინი იმუნური სისტემის დამთრგუნველი ცილების სეკრეციით ან უშუალოდ ანთების საწინააღმდეგო სიგნალების გადაცემით ახერხებენ.
წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატების ნაშრომმა იმუნოლოგიის სფერო ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ბევრად უფრო პოპულარული და მიმზიდველი გახადა. მათმა ნაშრომმა ანთებითი დაავადებების სამართავად უამრავი ახალი იდეა გააჩინა.

კომენტარები