ეს 10 სიახლე თბილისის წიგნის ბაზრობაზე არ უნდა გამოგრჩეს
ლიტერატურული დღესასწაული იწყება! — მაგრამ რატომ აპრილში?
თბილისის წიგნის ბაზრობა წელს პირველად ტარდება. ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ათობით გამომცემლობასა და მაღაზიას ერთ სივრცეში — ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში — მოუყრის თავს, 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გაიმართება. დავაზუსტებ: ეს არაა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ორგანიზებით, კვლავაც მაისის მიწურულს ჩატარდება. თუმცა, გამომცემლობებს, რომლებსაც წიგნის ბაზრობაზე იხილავთ, ვერ შეხვდებით წიგნის ფესტივალზე.
საქმე ისაა, რომ შარშან ნოემბერში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია "რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაციის გამო 19-მა გამომცემლობამ დატოვა, მათ შორის, პალიტრა L-მა, ინტელექტმა, არტანუჯმა და მედუზამ. ასოციაცია წლების წინ დატოვეს სულაკაურის და ქარჩხაძის გამომცემლობებმაც. სულ ცოტა ხნის წინ კი, დაფუძნდა საქართველოს წიგნის ასოციაცია და სწორედ ის აორგანიზებს წიგნის ბაზრობას აპრილში.
იმის მიუხედავად, რომ გამომცემლობებს ბაზრობისთვის სიახლეების მოსამზადებლად ადრინდელზე მცირე დრო ჰქონდათ, აპრილის ოთხდღიანი ლიტერატურული ზეიმი არაფრის ნაკლებობას არ უჩივის: არც ახალი წიგნების და არც დიდი ფასდაკლებების. სიახლეების ზღვაში გზის გასაკვლევად კი, ტრადიციულად, ჩვენებურ გზამკვლევს გთავაზობთ.
ალექსანდრ სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი

გამომცემლობა ინტელექტი
მთარგმნელი — მზია გალდავაძე
წიგნის საფესტივალო ფასი — 32₾
წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე რუსი მწერლისა და საბჭოთა დისიდენტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის, ეპოქალური ნაშრომი არქიპელაგი გულაგია. "ეპოქალური" ოდნავადაც კი არაა გადაჭარბებული შეფასება: მასშტაბურმა, სამნაწილიანმა ნაშრომმა მთელი მსოფლიოს წინაშე ამხილა საბჭოთა იმპერიის სისასტიკე. სოლჟენიცინმა, რომელიც თავადაც გულაგის, "შრომა-გასწორებითი ბანაკის" ტყვე იყო, საბჭოთა სადამსჯელო სისტემაზე თავისი პირადი გამოცდილებიდან და სხვა პატიმრების მონაყოლზე, წერილებსა და დღიურებზე დაყრდნობით მოჰყვა. საბჭოეთში აკრძალული, მაგრამ დისიდენტური იატაკქვეშა გამომცემლობების მიერ გავრცელებულ არქიპელაგ გულაგს დასავლეთში გამოცემისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1970 წელს სოლჟენიცინმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
ბელ ჰუკსის შეცვლის ნება: კაცები, მასკულინობა და სიყვარული

გამომცემლობა პოლინომიალი
მთარგმნელი — ქეთი ჩართოლანი
წიგნის საფესტივალო ფასი — 16,7₾
არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს წიგნის ბაზრობაზე კიდევ ერთი საჩუქარი ელოდებათ: ქართულად პირველად ითარგმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფემინისტი მოაზროვნე, ამერიკელი თეორეტიკოსი, აკადემიკოსი და აქტივისტი ბელ ჰუკსი. ჰუკსი, რომლის ნამდვილი სახელი გლორია ჯინ უოტკინსია, ძირითადად, ფემინიზმის, რასიზმისა და კლასიზმის საკითხებზე წერდა. შეცვლის ნება: კაცები, მასკულინობა და სიყვარული 2003 წელს გამოქვეყნებული ტექსტია, სადაც ავტორი პატრიარქალური წესრიგისა და ტოქსიკური მასკულინობის პრობლემას უსვამს ხაზს, განიხილავს რა, კაცების ისტორიულ შიშებს, დაწყებული სიახლოვით და გრძნობების გამოხატვით, დამთავრებული საზოგადოებაში დომინანტური როლის დაკარგვით.
თინათინ ნოღაიდელის ულვაშები

სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის საფესტივალო ფასი — 14,3₾
ფემინისტური ლიტერატურის სიახლეები წიგნის ბაზრობაზე მხოლოდ არამხატვრული პროზით როდი შემოიფარგლება — ღონისძიებაზე დაგხვდებათ თინათინ ნოღაიდელის სადებიუტო რომანი ულვაშებიც. თინათინ ნოღაიდელს, სასცენო Rémmée, მელომანები კარგად იცნობენ: მის მიერ შექმნილ პირველ ქართულ ფემინისტურ ჰიმნზე რამდენიმე წლის წინ ჩვენც მოგიყევით. თინათინი ასევე არის თანაავტორი და თანაწამყვანი ქვიარ პოდკასტისა ღვინო, დუდუკი, ქალები. თავისი პირველი რომანით კი ნოღაიდელი მშობლიურ კუთხეს, აჭარას, უბრუნდება და ქალი პერსონაჟის პერსპექტივით გვიყვება ტრადიციების გავლენაზე, საზოგადოებისგან დაწესებული ჩარჩოების გარღვევასა და განსხვავებულის გარიყვაზე.
ს.ე. ჰინტონის გარიყულები

სულაკაურის გამომცემლობა
მთარგმნელი — ქეთი ჩართოლანი
წიგნის საფესტივალო ფასი — 11,9₾
გახსოვთ, რომ მოგიყევით მწერალ ქალებზე, რომელთაც საკუთარი სახელის ფსევდონიმით დამალვა მოუწიათ? ერთ-ერთი მათგანია სიუზენ ელოიზა ჰინტონიც, რომელმაც 1967 წელს დღეს უკვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიჩნეული რომანი, გარიყულები, გამოსცა. ჰუკსის მსგავსად, ჰინტონიც კლასიზმის პრობლემას ეხება: ნაწარმოები მოზარდი ბიჭის პერსპექტივით მოგვითხრობს სოციალური სტატუსით გამიჯნულ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანდაზე. ავტორი სულ რაღაც 15 წლის იყო, როცა გარიყულების წერა დაიწყო, 18 წლისამ კი გამოსცა კიდეც. რომანი დღემდე 15 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. გარიყულები BBC-მ 100 ყველაზე გავლენიან წიგნს შორისაც დაასახელა. 1983 წელს გამოვიდა ნაწარმოების კინოადაპტაცია ფრენსის ფორდ კოპოლას რეჟისორობით, რომელიც ასევე საკულტო ნამუშევრად იქცა.
თ. კინგფიშერის ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში

გამომცემლობა მედუზა
მთარგმნელი — გურამი ღონღაძე
წიგნის საფესტივალო ფასი — 20₾
რადგან გარიყულებით მოზარდებისთვის განკუთვნილ საკითხავზე ჩამოვარდა სიტყვა, ამ მიმართულებით კიდევ ერთ სიახლეს გაგაცნობთ. ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში ამერიკელი ფანტასტის, თ. კინგფიშერის ფსევდონიმით ცნობილი ურსულა ვერნონის, 2020 წელს გამოქვეყნებული რომანია. წიგნის მთავარი გმირი 14 წლის მონაა, რომელსაც უჩვეულო, ერთი შეხედვით, არაფერში გამოსადეგი მაგიური უნარი აქვს: ცომის ამოყვანა და თაფლაცუნების აცეკვება შეუძლია. თუმცა, ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა გოგო დეიდამისის საცხობში გვამს პოულობს და ხვდება, რომ ქალაქს საფრთხე ემუქრება, საკუთარი სახლის დასაცავად კი მაგიური ძალების გამოყენება სჭირდება. ამ უცნაურმა ფენტეზი რომანმა ვერნონს არაერთი პრესტიჟული პრემია მოუტანა, მათ შორის, ლოკუსის ჯილდო საუკეთესო მოზარდული წიგნისთვის.
დაიანა უინ ჯონსის ციხე-კოშკი ღრუბლებში

გამომცემლობა მედუზა
მთარგმნელი — ქეთევან ყანჩაშვილი
წიგნის საფესტივალო ფასი — 20₾
ფენტეზიზე საუბარი ჟანრის კლასიკით გავაგრძელოთ — დაიანა უინ ჯონსი კი უკვე ქართველი მკითხველისთვისაც საყვარელი ავტორი გახდა. ბრიტანელი მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკია, რომლის მიხედვითაც ჰაიაო მიაძაკიმ ოსკარის ნომინანტი ანიმაცია გადაიღო. ციხე-კოშკი ღრუბლებში სწორედ ჰაულის ტრილოგიის მეორე წიგნია. თუმცა, ამ ნაწარმოებში სულ სხვა პერსონაჟებს ვეცნობით და მოქმედებაც ინგარის სამეფოსგან შორს, რაშპუტის სასულთნოში, ინაცვლებს. სახელიდანაც მიხვდებოდი, რომ რომანი აღმოსავლური ატმოსფეროთია გაჟღენთილი, ამდენად, არც 1001 ღამის ალუზიების და არც მფრინავი ხალიჩების გამოჩენა არ გაგაკვირვებს...
გიორგი ხარაიშვილის გონების პარაზიტები

გამომცემლობა ინტელექტი
წიგნის საფესტივალო ფასი — 16₾
ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებს წიგნის ბაზრობაზე სხვა სიახლეებიც ელოდებათ. ერთ-ერთია გიორგი ხარაიშვილის ჰორორის ჟანრის მოთხრობების კრებული გონების პარაზიტები. სხვათა შორის, ეს ამ ჟანრის პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა. და იმის გათვალისწინებით, რომ ჟანრულ პროზას, მით უფრო, ჰორორს, ქართველი მწერლები დიდად არ სწყალობენ, ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია. აი, გიორგი ხარაიშვილს კი მკითხველი უკვე კარგად იცნობს — მისი ფენტეზი რომანი, ბნელია გზა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ჟანრის მოყვარულებში.
ფრიდა მაკფადენის მოახლე

გამომცემლობა პალიტრა L
მთარგმნელი — ანტონ სინატაშვილი
წიგნის საფესტივალო ფასი — 14₾
მძაფრი შეგრძნებები თუ გიზიდავს, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფსიქოლოგიური თრილერიც არ უნდა დაივიწყო. წიგნის ბაზრობაზე ფრიდა მაკფადენის მოახლე დაგხვდება. 2022 წელს გამოცემული ეს რომანი უმალ იქცა მსოფლიო ბესტსელერად და 2 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ნაწარმოები გვიყვება მილიზე, კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ცდილობს და მოახლედ მუშაობას იწყებს ოჯახში, სადაც, ერთი შეხედვით, სრული იდილია სუფევს. თუმცა, ქალი მალევე ამჩნევს ლამაზი სახლის და კარგი ანაზღაურების მიღმა დამალულ ბევრ ოჯახურ საიდუმლოს. ჟანრის სენსაციად ქცეული ეს რომანი ფილმადაც იქცევა — ეკრანიზაციას, რომელშიც მთავარ როლებს სიდნი სვინი და ამანდა საიფრედი შეასრულებენ, ამ წლის მიწურულს ვიხილავთ.
ერნან დიასის ნდობა

ქარჩხაძის გამომცემლობა
მთარგმნელი — ნატო კვარაცხელია
წიგნის საფესტივალო ფასი — 12₾
თანამედროვე უცხოური ლიტერატურის კიდევ ერთი სიახლე ერნან დიასის ნდობაა — უჩვეულო სტრუქტურის მქონე მეტაფიქციური რომანი, რომელიც თავის თავში აერთიანებს კიდევ ერთ რომანს, დაუსრულებელ ავტობიოგრაფიას, მემუარებსა და დღიურებს. სხვადასხვა სახის ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული ტექსტით, დიასი მკითხველს საუკუნის წინანდელ ნიუ-იორკში მიუძღვება და უყვება უსაზღვრო სიმდიდრის მქონე ფინანსისტსა და მის ცოლზე. ერნან დიასს, არგენტინული წარმოშობის ამერიკელ მწერალს, ნდობამ პულიცერის პრემია მოუტანა. რომანი წარდგენილი იყო ბუკერის ჯილდოზეც, The New York Times-მა და The Washington Post-მა კი ის 2022 წლის საუკეთესო წიგნებს შორის დაასახელეს. ნაწარმოების მიხედვით იღებენ სერიალსაც, რომელშიც ქეით უინსლეტი ითამაშებს.
შარლოტ ბრონტეს შერლი

გამომცემლობა პალიტრა L
მთარგმნელი — ლევან ინასარიძე
წიგნის საფესტივალო ფასი — 14₾
დაბოლოს: წიგნის ბაზრობაზე უცნობი კლასიკაც დაგხვდება. შერლი, შარლოტ ბრონტეს მეორე რომანი, რომელიც მან ჯეინ ეარის შემდეგ გამოაქვეყნა, პირველად ითარგმნა ქართულად. ნაწარმოებში მოქმედება მე-19 საუკუნის დასაწყისში, ბრონტეების მკითხველისთვის კარგად ნაცნობ იორკშირში ვითარდება. ჯეინ ეარისგან განსხვავებით, მესამე პირში მოყოლილ ამბავს აქ ორი მთავარი გმირი ქალი ჰყავს: ხელმოკლედ მცხოვრები ქეროლაინ ჰელსტოუნი და მისი მდიდარი მეგობარი, შერლი კილდარი. შერლი კლასობრივი უთანასწორობის პრობლემასა და ტრადიციულ გენდერულ როლებს უპირისპირდება. წიგნის წერის პროცესში, შარლოტს ძმა და ორივე და გარდაეცვალა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ნაწარმოების პერსონაჟების პროტოტიპები სწორედ მწერლის დედმამიშვილები არიან: ენი — ქეროლაინის, ემილი კი — შერლის.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
კომენტარები