რას გვეუბნება კვლევა პორნოგრაფიის აქტიურ მაყურებლებზე — ტვინის სკანირების შედეგები

ფოტო: TIMOTHY LAW / THE VARSITY
მკვლევრები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, რა გავლენა აქვს პორნოგრაფიის ყურებას კოგნიციაზე, ემოციების რეგულაციასა თუ ურთიერთობებზე.
ჩენტუს სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა პორნოგრაფიის მაყურებლებზე კვლევა ჩაატარეს. შენიშნეს, რომ პორნოს ხშირ მომხმარებლებს კოგნიტიური ფუნქციონირება შესუსტებული ჰქონდათ. მათთან შედარებით, ვინც პორნოს უფრო იშვიათად უყურებდა, ისინი ნევროლოგიური აღგზნების განსხვავებულ ნიშნებსაც ავლენდნენ.
მეცნიერებმა კვლევა 21 ჰეტეროსექსუალ ადამიანზე, კოლეჯის სტუდენტებზე, ჩაატარეს. მათი უმრავლესობა მამრობითი სქესისა იყო. 16-მა მათგანმა განაცხადა, რომ პორნოგრაფიას დროდადრო უყურებდა, ხუთი მონაწილე კი, მკვლევართა აღწერით, პორნოზე იყო დამოკიდებული. მკვლევრებმა ტვინის სკანირებას მიმართეს, რათა მონაწილეთა კოგნიციაზე ამ ჩვევის გავლენა შეეფასებინათ.
ტვინის აქტივობის გასაზომად მათ მეთოდი fNIRS გამოიყენეს, ანუ ფუნქციური ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია. ამ დროს სკალპზე ახლო ინფრაწითელ სინათლეს ასხივებენ და ზომავენ, რამდენად შთანთქავს მას ტვინში არსებული ჰემოგლობინი. მიღებული მონაცემებით ტვინის აქტივობაზე აკეთებენ დასკვნას.
კვლევის მონაწილეები 10-წუთიან პორნოგრაფიულ ვიდეოს უყურებდნენ (მათ ამ დროს მასტურბაციისგან თავის შეკავება სთხოვეს), თავზე კი fNIRS ჩაფხუტები ეკეთათ. ტვინებზე დაკვირვების პარალელურად მკვლევრები მათ სახის გამომეტყველებებსა და სასიცოცხლო ნიშნებსაც იწერდნენ სხვა ინსტრუმენტებით. ყურების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სტუდენტებს ტესტები ჩაუტარეს კოგნიტიური ფუნქციონირების შესაფასებლად.
ორი ჯგუფის ტვინის სკანირებამ რადიკალურად განსხვავებული შედეგები აჩვენა. იმ ადამიანებს, რომლებიც პორნოს დროდადრო უყურებდნენ, ნეირონული კავშირები უფრო ძლიერი ჰქონდათ ტვინის იმ უბნებში, რომლებიც ენას, მოძრაობასა და სენსორულ გადამუშავებას უკავშირდება. მეორე მხრივ, პორნოს აქტიურ მაყურებლებს ნეირონული კავშირები იმ უბნებში ჰქონდათ გაძლიერებული, რომლებიც აღმასრულებელ ფუნქციონირებას, ადიქციასა და ემოციურ რეგულაციასთან არის კავშირში.
პორნოს ხშირი მომხმარებლები ემოციურად და ფიზიოლოგიურად უფრო მძაფრად აღეგზნნენ, ვიდრე პორნოგრაფიის ნაკლებად აქტიური მომხმარებლები; გარდა ამისა, მათი სახეები დანარჩენებისაზე მრავალფეროვან ემოციებს გამოხატავდა, იქნებოდა ეს ბედნიერება თუ ბრაზი. ამის მიუხედავად, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ პორნოგრაფიის აქტიური მომხმარებლები დანარჩენებზე "ინდიფერენტულები" ჩანდნენ. საბოლოო ჯამში, მათ მიერ გამოვლენილი რეაქციები ოპიოიდების მომხმარებელთა განცდებს წააგავდა — ძლიერი სიმშვიდე, ეიფორია, ბუნდოვანი აღქმა.
ყურების პროცესში ჯგუფებს შორის ფიზიოლოგიური მსგავსებები შეინიშნებოდა, თუმცა არსებული ცვლილებები პორნოს აქტიურ მომხმარებლებში უფრო მძაფრი იყო. ყურების პროცესში გულისცემა ორივე ჯგუფს შეუნელდა, თუმცა ეს ხშირ მაყურებლებში უფრო მძაფრი იყო. ასევე მოხდა მაშინაც, როცა პორნოს ყურების შემდეგ ჯგუფებში კოგნიტიური პერფორმანსი შეაფასეს — იგი აქტიურ მაყურებლებში უფრო მკვეთრად შესუსტდა.
კვლევის შედეგებს სხვა ნაშრომებიც ეხმიანება. 2021-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პორნოს პრობლემურ მაყურებლებს არაერთი სახის კოგნიტიური დეფიციტი აღენიშნებათ, მათ შორის: მუშა მეხსიერების, გადაწყვეტილებების მიღების, იმპულსების შეკავებისა და ყურადღების კონცენტრაციის კუთხით. 2014 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფიის ყურება ტვინში რუხი მატერიის მოცულობის შემცირებას უკავშირდება.
ცხადია, ბევრი უფრო მასშტაბური კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რა ფიზიოლოგიური და ნევროლოგიური გავლენა აქვს პორნოგრაფიის ხშირ მოხმარებას. მეორე მხრივ, ახალი ნაშრომი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ფართო სურათის დანახვაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ნაშრომი ჟურნალში Frontiers in Human Neuroscience გამოქვეყნდა.
კომენტარები