ახალი კვლევის თანახმად, თვალის გუგების ზომა ჩვენს სუნთქვასთან არის დაკავშირებული.

მეცნიერები ადამიანის თვალის გუგებს დიდი ხანია რაც აკვირდებიან. ამით ბევრი რამის გამოვლენა შეიძლება, მათ შორის კონცენტრაციის, ემოციებისა და სამედიცინო მდგომარეობის. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, თვალის გუგები ზომაში სუნთქვასთან სინქრონულად იცვლება.

თვალის გუგები არასდროს არის სტატიკური. მათი დინამიკა დამოკიდებულია როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე. ცნობილია, რომ გუგები თვალში სინათლის შესვლის მასშტაბებს აკონტროლებს, ისევე როგორც კამერის შემთხვევაში დიაფრაგმა.

ამის საკუთარ თავზე გამოცდა მარტივად შეგიძლიათ: ჩაიხედეთ სარკეში და მიინათეთ შუქი თვალებში, თქვენ დაინახავთ, რომ გუგები იკუმშება. ეს პროცესი ჩვენს ვიზუალურ აღქმაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. უფრო დიდი გუგები უფრო რთულად დასანახი ობიექტების ამოცნობაში გვეხმარება, განსაკუთრებით ჩვენს პერიფერიულ მხედველობაში. რაც შეეხება პატარა გუგებს, ისინი სიმკვეთრეს აძლიერებს და მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობისას, როგორიცაა კითხვა.

ფოტო: Dboybaker/Flickr

მართლაც, ეს რეფლექსი იმდენად მყარია, რომ ექიმები მას ტვინის ფუნქციის შესაფასებლადაც იყენებენ. თუ გუგები ვერ რეაგირებს სინათლეზე, ეს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევის საჭიროებაზე მიუთითებდეს და ინსულტის პირველადი ნიშნები იყოს.

მეორე მხრივ, ჩვენი გუგები მხოლოდ სინათლეზე არ რეაგირებს. დადასტურებულია, რომ გუგები ახლომდებარე ობიექტებზე დაკვირვებისასაც ვიწროვდება. რაც შეეხება გაფართოებას, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი მძაფრ ემოციებს განიცდის.

როგორც თვალის გუგების პიონერმა მკვლევარმა, ლოუვენფელდმა თქვა, ადამიანი ემოციურ ფონზე შეიძლება გაწითლდეს ან გალურჯდეს, მაგრამ ასეთ დროს მისი გუგები ყოველთვის ფართოვდება.

ამ მიზეზით, თვალის გუგების ზომა ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში, როგორც ფსიქიკური მდგომარეობის (ნაწილობრივ) განმსაზღვრელი ისე გამოიყენება.

მეოთხე რეაქცია

აქამდე ითვლებოდა, რომ თვალის გუგები სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებზე რეაგირებდა. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, არსებობს კიდევ შემდეგი ფაქტორი — სუნთქვა!

აღმოჩნდა, რომ გუგები მაქსიმალურად ამოსუნთქვისას ფართოვდება და ყველაზე მეტად მცირდება ინჰალაციის დაწყებისას. სხვა ზემოქმედების ფაქტორებისგან განსხვავებით, ეს რეაქცია წარმოიქმნება სხეულში და ის მუდმივად ხდება.

აქამდეც არსებობდა მინიშნებები, რომ სუნთქვა და თვალის გუგები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, თუმცა ზუსტად ეს არ ვიცოდით. სწორედ ამ სიცარიელის ამოვსება გადაწყვიტეს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

მკვლევრებმა 200 მონაწილეზე 5 ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი კვლევის მონაწილეებს სხვადასხვა მდგომარეობაში დააკვირდნენ.

"ჩვენ აღვრიცხეთ მათი თვალის გუგების გაფართოება/შეკუმშვა მაშინ, როდესაც ისინი ისვენებდნენ, ასრულებდნენ დავალებებს და აკვირდებოდნენ კომპიუტერის ეკრანს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველა შემთხვევაში აშკარა იყო სუნთქვის გავლენა თვალის გუგებზე.

კვლევის მონაწილეებს დაევალათ მხოლოდ ცხვირით ან პირით სუნთქვა და სუნთქვის სიხშირის შეცვლა (მისი შენელება და აჩქარება). ყველა შემთხვევაში, ერთი და იგივე ნიმუში ჩნდებოდა: გუგის ზომა რჩებოდა ყველაზე პატარა ინჰალაციის დაწყებისას და ყველაზე დიდი ამოსუნთქვისას.

ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს შეხედულებებს როგორც სუნთქვაზე, ასევე მხედველობაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუნთქვასა და ნერვულ სისტემას შორის ბევრად უფრო დიდი კავშირია, ვიდრე აქამდე გვეგონა. შემდეგი შეკითხვა ასეთია: რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი იმაზე, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს.

სუნთქვისას მომხდარი რხევები ნაკლებია, ვიდრე სინათლეზე რეაქციისას, მაგრამ მსგავსია ემოციური ფონისას მომხდარი ცვლილებებისა. ეს რხევები საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ჩვენს ვიზუალურ აღქმაზე გავლენა იქონიოს.

ეს ნიშნავს, რომ მომავალში სუნთქვისას გუგების ცვლილებებზე დაკვირვებით, შესაძლოა, ნევროლოგიური დარღვევები გამოვლინდეს. მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.