როგორც ჩანს, თაგვები გათიშული მეგობრების "გაცოცხლებას" ისევე ცდილობენ, როგორც ადამიანები პირველადი დახმარების გამოყენებით. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ამისთვის ისინი ერთმანეთს თათებით ეხებოდნენ, კბენდნენ და ენას გარეთ უწევდნენ. ამასთან, მათ ტვინში გარკვეული რეგიონებიც გამოვლინდა, რომლებიც ამ ინსტინქტურ ქცევას მართავს.

ეს აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, სხვა არსებების დახმარების უნარი ცხოველებში გაცილებით უფრო ფართოდ გავრცელებულია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ანალოგიური მზრუნველობითი ქცევა (შეხება, მსუბუქი ხელის კვრა ან, ზოგჯერ, შეჯანჯღარება) ბევრ სხვა სახეობაშიც შეინიშნება, მაგალითად: სპილოებში, შიმპანზეებსა და დელფინებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანთა იმავე ქცევას მოგვაგონებს, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ რთულია იმის ზუსტად თქმა, თუ რატომ აკეთებენ ამას ცხოველები. ასევე, არ ვიცით რამდენად გავრცელებულია ეს მოვლენა და რა მექანიზმები დგას მის უკან.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა ლაბორატორიაში თაგვებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. კერძოდ, ისინი დააკვირდნენ, როგორ რეაგირებდნენ მღრღნელი უგონო მდგომარეობაში მყოფ მეგობრებზე. აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად ისინი უბრალოდ ყნოსავდნენ და ეხებოდნენ, მაგრამ შემდეგ მათი მოქმედებები უფრო "აგრესიული" ხდებოდა — ზოგჯერ კბენდნენ, ზოგჯერ კი ენის გამოწევას ცდილობდნენ.

მსგავსი ქცევა თითქმის არ დაფიქსირებულა, როდესაც თაგვები უბრალოდ იძინებდნენ ან ფხიზლად იყვნენ. ასევე, ისინი "პირველადი დახმარების" მცდელობებს წყვეტდნენ, როგორც კი გათიშული ინდივიდი გონს მოდიოდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მღრღნელები ასეთ ქცევას გაცილებით უფრო აქტიურად ავლენდნენ, როდესაც ეს ინდივიდი მათთვის ნაცნობი იყო.

კვლევის განმავლობაში, 13-წუთიან პერიოდში, თაგვებმა დროის 47%-ზე მეტი უგონო მდგომარეობაში მყოფთან გაატარეს. შედარებისთვის, ფხიზელ მეგობრებთან მათ დროის მხოლოდ 5.8% დაჰყვეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ "პირველადი დახმარებისას" თაგვები განსაკუთრებულ ყურადღებას პირისა და ენის არეს უთმობდნენ. შემთხვევათა ნახევარში ისინი გათიშული ინდივიდის ენას გარეთ წარმატებით სწევდნენ, თითქოს ცდილობდნენ, მისი სასუნთქი გზები გაეთავისუფლებინათ. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას მეცნიერებმა გათიშული თაგვის პირში უცხო ობიექტი მოათავსეს, რომელიც დამხმარე თაგვებმა მცდელობების 80%-ში ამოიღეს.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ეს "პირველადი დახმარება" რეალურად შედეგიანი აღმოჩნდა. იმ თაგვებმა, რომლებიც ასე მოიყვანეს გონს, გაცილებით სწრაფად გაიღვიძეს და გადაადგილება შეძლეს.

მსგავსი რამ სხვა კვლევებშიც დაფიქსირდა. მეცნიერებმა ამ ქცევის ბიოლოგიური საფუძველიც გაარკვიეს — აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პროცესს ტვინის ამიგდალასა და ჰიპოთალამუსში არსებული, ჰორმონ ოქსიტოცინის გამომყოფი ნეირონები არეგულირებს.

დიდია ცდუნება, რომ ამ ყველაფერს გულ-ფილტვის რეანიმაცია ვუწოდოთ, მაგრამ მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ცხოველებს ადამიანური მახასიათებლები არ უნდა მივაწეროთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ბუნებრივი ინსტინქტია, რომელიც ცხოველთა ჯგუფის გადარჩენის შანსებს ზრდის.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.