ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსის ცაზე ღამით მოელვარე ღრუბლები გადაიღო

ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
დედამიწაზე ღამით მოელვარე ღრუბლები გასაოცარ სანახაობას ქმნის. ისინი ატმოსფეროში იმდენად მაღლაა განლაგებული, რომ მზის სხივები მათში დაისის შემდეგაც ხვდება და ფერადოვან ნათებას იწვევს.
საინტერესოა, რომ ამგვარი ღრუბლები მხოლოდ დედამიწაზე არაა. ისინი მარსზეც წარმოიქმნება, რისი დასტურიც NASA-ს მავალ Curiosity-ის მიერ გადაღებული კადრებია. რა თქმა უნდა, წითელ პლანეტაზე ღრუბლები მხოლოდ წყლის ყინულისგან არ შედგება, არამედ ნახშირორჟანგის მშრალ ყინულსაც შეიცავს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ ციური სხეულის ძალიან თხელი ატმოსფერო სწორედ CO2-ითაა მდიდარი.
Curiosity მარსზე არსებულ გეილის კრატერში მოძრაობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოელვარე ღრუბლების იქიდან დასანახად საუკეთესო დრო ადრეული შემოდგომაა. მავალის კამერა MastCam-მა ისინი 17 იანვარს დააფიქსირა, როცა 16 წუთის განმავლობაში მარსის ღამის ცას აკვირდებოდა.
480-ჯერ დაჩქარებული კადრები ასე გამოიყურება:
კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მომუშავე მარკ ლემონი იხსენებს, რომ პირველად ასეთი ღრუბლების ნახვისას ეგონა, რომ საქმე ფერებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზთან ჰქონდა.
"ახლა ისინი ისეთი პროგნოზირებადი გახდა, რომ გადაღების დაგეგმვა წინასწარ შეგვიძლია. ღრუბლები ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს ჩნდება", — ამბობს ის.
წითელ პლანეტაზე ეს ღრუბლები პირველად 1997 წელს NASA-ს აპარატმა Pathfinder-მა დააფიქსირა, Curiosity იქ 2012 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ აღნიშნული ფენომენის აღბეჭდვა მხოლოდ 2019-ში შეძლო. NASA-ს მეორე მავალის, Perseverance-ის, ობიექტივში კი მოელვარე ღრუბლები ჯერაც არ მოხვედრილა. შესაძლოა, ამის მიზეზი მისი მდებარეობა იყოს, კერძოდ — გეილის კრატერი.
ვარაუდობენ, რომ ღამით მოელვარე ღრუბლების წარმოქმნაში მთავარ როლს გრავიტაციული ტალღები ასრულებს. ესაა ვერტიკალური ტალღები, რომლებიც ფლუიდებში გადაადგილდება. ასეთი ატმოსფერული მოძრაობების კონკრეტულ სეზონურ პირობებთან დამთხვევა შესაძლოა, საკვანძო განმაპირობებელი ფაქტორი იყოს.
ამის შესახებ ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები