"საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს. ეს ასე მარტივად არის", — ამის შესახებ შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში, ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია.

გრეტა თუნბერგი

გრეტა თუნბერგი

ფოტო: დათო ფიფია/ჯემნიუსი

"ჩვენ ვერ გვექნება კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე. ეს პროტესტი აზერბაიჯანის რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული, კონკრეტულად კლიმატის ცვლილების კონფერენციის წინააღმდეგ, ასევე, მთელი კავკასიის რეგიონის სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის", — აღნიშნა გრეტა თუნბერგმა.

მოგვიანებით შვედი ეკოაქტივისტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა

ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისში 4 ნოემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეკოლოგიასთან და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გასაპროტესტებლად ჩამოვიდა, თუ პოლიტიკით დაინტერესდა, აქტივისტმა უპასუხა, რომ ეს პრობლემები ერთმანეთთანაა კავშირში და მისთვის ერთი და იგივეა.

თუნბერგის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პლატფორმა "მწვანეების" თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი. მისი თქმით, თუნბერგი საქართველოში თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და სურს, რომ გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას, ის ჯერ თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.

რა მიზნით ჩამოვიდა გრეტა თუნბერგი თბილისში?

შეგახსენებთ, რომ გაეროს კლიმატის კონფერენცია — COP29 ბაქოში სწორედ დღეს გაიხსნა.