პარტნიორის კონტენტი

10 სიახლე, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა თბილისის წიგნის დღეებზე დაგახვედრებთ

15 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში (წერეთლის 118) თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ტრადიციულად, სულაკაურის გამომცემლობა ფესტივალზე უამრავი სიახლითა და საინტერესო შეთავაზებებით იქნება წარმოდგენილი.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

საშემოდგომო ლიტერატურული ზეიმი იწყება — რას უნდა ველოდოთ?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სახლი, სადაც გემრიელი საკითხავი გველოდება, უფრო და უფრო გვემყუდროება. და სად უნდა მოვიმარაგოთ საკითხავი ცივი სეზონისთვის, თუ არა თბილისის წიგნის დღეებზე?! მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მკითხველს მასპინძლობს, სულ მალე აიღებს სტარტს.

სულაკაურის გამომცემლობა, ტრადიციულად, განსაკუთრებულად ემზადება წიგნის დღეებისთვის. გამომცემლობის უზარმაზარ სტენდთან ყველა თაობისა და გემოვნების მქონე მკითხველი აღმოაჩენს თავისთვის საინტერესო საკითხავს და სიახლეებს, რომლებსაც დიდი ხანი ელოდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი განსაკუთრებული ფასდაკლებით! ჰოდა, ალბათ დროა, ცოტა უფრო მეტი გავიგოთ, რა სიახლეებს დაგვახვედრებს სულაკაურის გამომცემლობა ფესტივალზე.

წიგნები პატარებისთვის

ლარს კლინტინგის ხელმარჯვე კასტორი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

3 წლიდან / მთარგმნელები: ბაკურ სულაკაური, დავით გაბუნია

ლარს კლინტინგი ცნობილი შვედი საბავშვო მწერალი და თვითნასწავლი მხატვარი იყო, რომლის ყველაზე პოპულარული სერია სწორედ თახვ კასტორზეა შექმნილი. სერია შვიდ წიგნს აერთიანებს და გვიყვება ხელმარჯვე კასტორსა და მის უმცროს მეგობარზე, ფრიპეზე, რომლებიც გამუდმებით ფუსფუსებენ და პატარა მკითხველებსაც ამა თუ იმ საქმის მარჯვედ კეთებას ასწავლიან.

სამწერლო კარიერამდე კლინტინგი დურგალი გახლდათ და კასტორის იდეაც მაშინ დაიბადა, როცა გამომცემელმა შესთავაზა, იქნებ პატარებისთვის დურგლობაზე წიგნი დაგეწერაო. დღეს კი ხელმარჯვე თახვს მარტო შვედეთში კი არა, 25 სხვა ქვეყანაშიც იცნობენ. სულ მალე კასტორს პატარა ქართველი მკითხველებიც შეხვდებიან.

წიგნის საფესტივალო ფასია 15,9₾

დეივ პილკი დოგმენი: რწყილთა ბატონი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

7 წლიდან / მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

კასტორისგან განსხვავებით, დოგმენს პატარა მკითხველები საქართველოში უკვე კარგად იცნობენ და ეს ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი გამომძიებელი დიდი სიყვარულითაც სარგებლობს. რწყილთა ბატონი დეივ პილკის კომიქსების ცნობილი სერიის მეხუთე წიგნია. ამ ტომში მოქმედება კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება: დოგმენი პაწაწა კნუტთან და ერთგულ რობოტთან ერთიანდება, რათა ქალაქი გადაარჩინოს, ამისთვის კი ჩვენს გმირებს, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ყველაზე ბოროტ ფისოსთან, პიტისთან, გარიგება სჭირდებათ.

დეივ პილკის ბესტსელერად ქცეული დოგმენის სერია მსოფლიოში უამრავი ბავშვის საყვარელი საკითხავია. კომიქსები პატარებს ისეთ მნიშვნელოვან გაკვეთილებს ასწავლის, როგორებიცაა თანაგრძნობა, კეთილშობილება, შეუპოვრობა და თავდაჯერების მნიშვნელობა.

წიგნის საფესტივალო ფასია 11,9₾

დავით ზურაბიშვილის მოგზაურობა სიზმარეთში ანუ გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

7 წლიდან / ილუსტრატორი: სოფო კირთაძე

სიახლეებია სულაკაურის გამომცემლობის მოსწავლის ბიბლიოთეკის პოპულარულ სერიაშიც. სერიას სულ ახლახან შეემატა ქართველი ავტორის, დავით ზურაბიშვილის, მოგზაურობა სიზმარეთში, რომელიც ზღაპრებზე შეყვარებულ ორ ძალიან ცელქ ბავშვზე, გიორგიზე და ანასტასიაზე, გვიყვება. ერთ დღესაც ზღაპარი რეალობაში ცოცხლდება: ბავშვებს ფერია ეცხადება და ჯადოსნურ ქვეყანაზე, სიზმარეთზე, უყვება, რომელსაც თურმე შავეთის იმპერატორი და სხვა ბოროტი არსებები ემუქრებიან. გიორგის და ანასტასიას კი მსოფლიო ბატონობის ამბიციით შეპყრობილი იმპერატორის შესაჩერებლად და დედამიწის გადასარჩენად ძალიან ცოტა დრო აქვთ...

წიგნის საფესტივალო ფასია 9,5₾

მარტინ დორის ბავშვები დედამიწის გადასარჩენად

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

8 წლიდან / მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი

გიფიქრია იმაზე, როგორ შეგიძლია გახდე #სუპერგმირი2წუთით? ჩვენს პლანეტას, სამწუხაროდ, უჭირს და კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად საერთო ძალისხმევაა საჭირო. ეკომეგობრული ცხოვრების სტილის სწავლა კი ბავშვობიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მარტინ დორის ეს ცნობილი წიგნი ბავშვებს დედამიწის გადასარჩენად 16 ჩამთრევ, საინტერესო მისიას სთავაზობს.

საოცარი ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემა პატარებს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და სასიკეთო ცვლილებებზეც უყვება. ამავდროულად, მკითხველები სხვა სუპერგმირებსაც შეხვდებიან, ადამიანებსაც და ცხოველებსაც, რომლებიც ჩვენი პლანეტის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

წიგნის საფესტივალო ფასია 11,9₾

100 რამ, რაც უნდა იცოდე… კოსმოსი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

8 წლიდან / მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

იმ ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის კი, რომლებიც ჩვენი პლანეტის მიღმიერი სამყაროთიც ინტერესდებიან, კოსმოსის შესახებ ახალი ენციკლოპედია გამოიცა. სერიაში 100 რამ, რაც უნდა იცოდე… უკვე გამოცემულია წიგნები ადამიანის ორგანიზმზე და დედამიწის გადარჩენაზე. ახლა კი დროა, პატარა მკითხველები კოსმოსით გავაოცოთ.

ფერადი და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში მარტივი ენითაა მოყოლილი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს გასაოცარ სამყაროზე. აქვეა სასარგებლო რჩევები და დაუჯერებელი ფაქტები. მაგალითად, ის თუ იცოდი, რომ ნილ არმსტრონგის ფეხსაცმელი ისევ მთვარეზეა? ჰო, არც ჩვენ!

წიგნის საფესტივალო ფასია 18,3₾

წიგნები უფროსებისთვის

სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესი: სინამდვილე და მითები (წიგნი პირველი)

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: გოჩა ჯავახიშვილი, თამარ ბერიკაშვილი, მზია ბაქრაძე

არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისთვის ეს გამორჩეულად სასიხარულო ამბავია. სიმონ დე ბოვუარს კი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მეორე სქესს ქართველი მკითხველი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ეს სქელტანიანი, ორი ტომისგან შემდგარი ნაშრომი "ფემინიზმის ბიბლიად", ფემინისტური ფილოსოფიის ერთ-ერთ საეტაპო ტექსტად მიიჩნევა. 1949 წელს გამოქვეყნებული მეორე სქესი საზოგადოებაში უთანასწორობის მიზეზებს იკვლევს და ქალების დაქვემდებარებულ პოზიციაში მოქცევას ისტორიის, ბიოლოგიის, ფსიქოანალიზისა და სხვა პერსპექტივების გათვალისწინებით აანალიზებს. ნაშრომი ასევე შეეხება საზოგადოებრივ ნორმებსა და მოლოდინებს, რომლებსაც ქალებს უწესებენ; ამ სოციალური კონსტრუქციების არსს ბოვუარი ასე ხსნის: ქალად კი არ იბადები, ხდებიო.

ბოვუარის ეს ცნობილი ტექსტი გამოცემიდან ათწლეულების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას. თუმცა, მაშინ, 70 წელზე მეტი ხნის უკან, პატრიარქალურ წესრიგთან დაპირისპირება და ქალების ემანსიპაციისკენ მოწოდება იმდენად სკანდალურად ითვლებოდა, რომ მეორე სქესი ზოგან აკრძალეს კიდეც.

წიგნის საფესტივალო ფასია 23,9₾

ოტესა მოშფეგის ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

ბუკერის პრემიის ნომინანტი ამერიკელი მწერლისთვის, ოტესა მოშფეგისთვის, ეს რიგით მეორე რომანი გახლდათ, რომელიც 2018 წელს გამოიცა და მკითხველების აღფრთოვანებული რეაქცია ხვდა წილად. შავი იუმორით გაჯერებული წიგნის მთავარი გმირი უსახელო ახალგაზრდა ნიუიორკელი ქალია, რომელსაც, თითქოს, ყველაფერი აქვს, რაც ბედნიერებისთვის სჭირდება: გარეგნობა, სიმდიდრე, კარგი განათლება... თუმცა, იგი სულაც არაა ბედნიერი. მელანქოლიისგან თავდასაღწევად კი გმირი გადაწყვეტს, ერთი წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი იძინოს.

მარტოობა, ტრავმის გავლენა და, ერთი შეხედვით, უაზრო სამყაროში საზრისის ძიება — ესაა ის თემები, რომლებსაც მოშფეგი საკუთარ რომანში შეეხება. ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადს, რომელიც მალევე გახდა ბესტსელერი, კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. მოშფეგი ყველაზე საინტერესო თანამედროვე ავტორია, რომელიც აღწერს, რას ნიშნავს იყო ცოცხალი, როცა ეს მდგომარეობა აუტანელიაო, წერდა ჟურნალი The New Yorker.

წიგნის საფესტივალო ფასია 15,9₾

რობერტო ბოლანიოს ღამე ჩილეში და გვადალუპე ნეტელის დედისერთა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელები: ირინა კვაჭანტირაძე (ღამე ჩილეში) და ნანა ჩიტიშვილი (დედისერთა)

სულაკაურის გამომცემლობა წიგნის დღეებზე ახალ სერიას, ფიქციებს, წარმოგვიდგენს. სახელითაც მიხვდებოდი, რომ სერია ესპანურენოვან ნაწარმოებებს გააერთიანებს. მათგან პირველი ორი ვიცით: გვადალუპე ნეტელის დედისერთა და რობერტო ბოლანიოს ღამე ჩილეში. ამ უკანასკნელის ავტორს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ლიტოდისეაში გამოცემული რომანით ველური დეტექტივები.

ბოლანიო, რომლის ერთ-ერთი რომანიც The New York Times-მა სულ ახლახან 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა, ჩილეური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ღამე ჩილეში კი 2000 წელს გამოცემული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება; ამბის მთავარი გმირი მღვდელი და პოეტი პადრე სებასტიანია, რომელიც ციებ-ცხელებით სასიკვდილო სარეცელსაა მიჯაჭვული და გონებაში მოგონებების ფირს ატრიალებს. პადრეს უჩვეულო მონოლოგით მკითხველი ჩილეს უახლეს ისტორიასაც ეცნობა.

წიგნის საფესტივალო ფასია 11,1₾

აი, თანამედროვე მექსიკელი მწერალი გვადალუპე ნეტელი კი ჩვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. დედისერთა ნეტელის ქართულად თარგმნილი პირველი რომანია. ნაწარმოები ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აზროვნების ახალგაზრდა ქალზე გვიყვება: ალინასა და ლაურაზე. ლაურას შვილის გაჩენა არ სურს, ალინას კი დედობა ძალიან უნდა. ორივე მათგანის ცხოვრება და ხედვა მაშინ იცვლება, როცა ალინას ორსულობას გართულება მოჰყვება, ლაურა კი მეზობლის შვილზე ზრუნვას დაიწყებს. ნეტელის რომანი, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა, სიღრმისეული ფსიქოლოგიური ასპექტებით გვიყვება დედობაზე, მეგობრობაზე და პიროვნული არჩევანის კომპლექსურობაზე.

წიგნის საფესტივალო ფასია 13,5₾

მიშელ უელბეკის გაცამტვერება

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

მიშელ უელბეკი უკვე წლებია, ქართველი მკითხველის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თანამედროვე ავტორია. უელბეკს რატომღაც პროვოკაციული მწერლის სახელი აქვს, მაგრამ გაცამტვერებას, რომელიც ავტორის ამ დროისთვის ბოლო რომანია (2022 წელს გამოიცა), "მგრძნობიარე და მელანქოლიურ" ტექსტად უფრო ახასიათებენ.

თუმცა, უელბეკის ერთგული მკითხველი საყვარელ მთხრობელს ამ რომანშიც "აღმოაჩენს". გაცამტვერება უახლოეს მომავალზე, 2026-27 წლებზე გვიყვება, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური ქაოსით მოცულ საფრანგეთს კიბერტერორისტული თავდასხმებიც ემატება. წიგნს პოლიტიკური თრილერის ჟანრს მიაკუთვნებენ, მაგრამ ნაწარმოები უფრო ღრმა, თანამედროვეობაში აქტუალურ სხვა საკითხებსაც შეეხება.

წიგნის საფესტივალო ფასია 20,7₾

ეს ყველაფერი არ არის!

ჰო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართლაც არ არის. სულაკაურის გამომცემლობის სტენდზე კიდევ უამრავი სიახლე გველოდება. თუ გინდა, რომ ფესტივალს მომზადებული ეწვიო, შეგიძლია გამომცემლობის კატალოგს შეავლო თვალი და საყიდლების სიაც წინასწარ ჩამოწერო.

არც ის არ გამოგრჩეს, რომ სამივე საფესტივალო დღეს, 12 საათიდან 14 საათამდე, "ბედნიერი საათები" იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობის წიგნებს კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით შეიძენ. დეტალურ ინფორმაციას "ბედნიერი საათების" შესახებ კატალოგის ბოლოში იპოვი.

ღონისძიებებსაც ნუ დაივიწყებ: შაბათს, 16 ნოემბერს, 12 საათზე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სახალისო ლიტერატურული თამაში "ბინგო", რომლის გამარჯვებულებიც ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან. ამასთან, უქმეებზე, 16 და 17 ნოემბერს, 14 საათიდან 17 საათამდე, საგანგებოდ ბავშვებისთვის დოგმენისა და კარლსონის ანიმატორები გამართავენ სხვადასხვა აქტივობას.

ასე რომ, არ დაგავიწყდეს, 15 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ეწვიო თბილისის წიგნის დღეებს ექსპო ჯორჯიაში, გაერთო და მოიმარაგო საინტერესო საკითხავი!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სამგზის გრამატიკული რჩევა სამგზის მსოფლიო ჩემპიონს
  2. ქვიზი: მიხეილ ყაველაშვილმა თქვა თუ სულიკო დარდიანიძემ?
  3. ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული სიმღერები საბავშვო ევროვიზიიდან?
  4. მტკიცე, სანდო, და რაც მთავარია, თქვენი — აღმოაჩინეთ ახალი HONOR X9c
  5. ქვიზი: შეამოწმე როგორ იცნობ ქართული ჯაზის ისტორიას და სიმღერას გირჩევთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამანტა პაუერი: "ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების თავდასხმა და დაკავება

"ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების თავდასხმა და დაკავება, — ამის შესახებ…