როგორ რეაგირებს ტვინი ფილმის სცენებზე — კვლევა
დაფიქრებულხართ, რა ხდება ჩვენს ტვინებში, როდესაც ფილმს ვუყურებთ?
ნეირომეცნიერები ადამიანების ტვინს მაშინ დააკვირდნენ, როდესაც ისინი ფილმებს უყურებდნენ. მათი ტვინების სკანირებით, ნეირომეცნიერებმა ტვინის დეტალური რუკა შეადგინეს.
fMRI ანალიზი, რომელიც ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, თუ როგორ ანათებს ტვინის სხვადასხვა ქსელები, როდესაც მონაწილეები უყურებდნენ ფილმების ნაწყვეტებს. ეს ფილმები იყო Inception, The Social Network და Home Alone.
საინტერესოა, რომ ჯგუფმა ტვინის ისეთი ქსელები გამოავლინა, რომლებიც ფილმის სხვადასხვა სცენების მიხედვით აქტიურდება.
"ჩვენი ნამუშევარი არის პირველი მცდელობა, მივიღოთ ტვინის სხვადასხვა უბნებისა და ქსელების განლაგება ფილმის ყურების პირობებში", — აღნიშნა ნეირომეცნიერმა და კვლევის ავტორმა, რეზა რაჯიმერმა.
ტვინის სხვადასხვა უბნები ურთიერთდაკავშირებულია და ეს კავშირები ქმნის ფუნქციურ ქსელებს, რომლებიც პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სხვადასხვა სტიმულს. ტვინის ფუნქციური ქსელების კვლევების უმეტესობა დაფუძნებულია მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების fMRI სკანირებაზე. თუმცა, ტვინის ბევრი უბანი სრულად არ არის აქტიური გარეგანი სტიმულაციის არარსებობის შემთხვევაში.
ახალ კვლევაში მეცნიერებს სურდათ გამოეკვლიათ თუ როგორ რეაგირებს ტვინი აუდიო და ვიზუალურ სტიმულებზე.
"დასვენების მდგომარეობაში fMRI-ით დაკვირვებისას არ არსებობს გარე სტიმული. ასეთ დროს ვერ ხდება განსაზღვრა რა ფაქტორი ტვინის რომელ უბანს ააქტიურებს. რაც შეეხება ფილმს, ასეთ დროს შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი სცენა როგორ მოქმედებს ტვინზე", — თქვა რაჯიმერიმ.
ფილმის ყურების დროს ტვინის რუკის შექმნის მიზნით, მკვლევრებმა გამოიყენეს ადრე შეგროვებული fMRI მონაცემთა ბაზა Human Connectome Project-იდან. ეს მონაცემები 176 ზრდასრული ადამიანის ტვინის მთლიანი სკანირებისას შეგროვდა. სკანირებისას მონაწილეები ერთი საათის განმავლობაში ფილმების ნაწყვეტებს უყურებდნენ.
მკვლევრებმა ტვინის აქტივობისა და ფილმის სცენების ერთმანეთთან კავშირის გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
ანალიზმა გამოავლინა ტვინის 24 სხვადასხვა ქსელი, რომლებიც დაკავშირებული იყო სენსორული ან კოგნიტიური დამუშავების სპეციფიკურ ასპექტებთან, მაგალითად, ადამიანის სახეების და სხეულების ამოცნობასთან.
კვლევამ ასევე აჩვენა საპირისპირო კავშირი ტვინის რეგიონებს შორის, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაგეგმოს, გადაჭრას პრობლემები და შეაფასოს ინფორმაცია.
როდესაც ფილმის შინაარსი რთული და ორაზროვანი იყო, ტვინის აქტივობა "ტვინის აღმასრულებელი კონტროლის რეგიონებში" ხდებოდა. უფრო ადვილად გასაგები სცენების დროს აქტიურდებოდა ისეთი რეგიონები, რომლებიც ენის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.
"აღმასრულებელი კონტროლის რეგიონები აქტიურია რთული ამოცანების შესრულებისას, როდესაც შემეცნებითი დატვირთვა მაღალია", — აღნიშნულია კვლევაში.
ნეირომეცნიერების თქმით, ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ, რათა ზუსტად დაადგინონ, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ეკრანზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე.
კომენტარები