რატომ სძინავთ ღამურებს თავდაყირა? — უჩვეულო ქცევის ევოლუციური ფესვები
ღამურები, როცა არ დაფრინავენ, ხშირად გამოქვაბულების ჭერზე ან ხიდების ქვეშ თავდაყირა ეკიდებიან. ასეთი უცნაური ქცევის მიზეზი ევოლუციური პროცესია, რომელიც ამ არსებებს ფრენის უნარის განვითარებაში დაეხმარა.
ბიოლოგი ტარა ჰოჰოფი, რომელიც ილინოისის ღამურების დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ღამურების წინაპრები მიწაზე მცხოვრები ძუძუმწოვრები იყვნენ. ისინი თავდაპირველად ხიდან ხეზე გადაადგილებას "ფარფატით" ახერხებდნენ, როგორც მფრინავი ციყვები. დროთა განმავლობაში მათი ძლიერი კიდურები, რომლებიც ხეებზე ასვლასა და გადახტომაში ეხმარებოდათ, ფრთებად გარდაიქმნა.
ამის მიუხედავად, ღამურებს არ აქვთ ფრინველების მსგავსი ღრუ ძვლები, რომლებიც ფრენისთვის საკმარის ძალას იძლევა. ამის გამო ისინი თავდაყირა ეკიდებიან, რათა ფრენა ვარდნით დაიწყონ.
განსაკუთრებული ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ ახერხებენ ღამურები ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნას. როდესაც ღამურა დასასვენებელ ადგილს პოულობს, კიდურების კუნთები ვიწროვდება და კლანჭები იშლება. მათი დახმარებით ზედაპირზე მოჭიდების შემდეგ ღამურა სხეულს ადუნებს და წონას კლანჭებთან დაკავშირებული მყესებისკენ მიმართავს. ამ პროცესის შედეგად კიდურების სახსრები იკეტება და ღამურები მინიმალურ ენერგიას ხარჯავენ — ისინი ისვენებენ, მათ საქმეს კი გრავიტაცია აკეთებს.
ღამურების მცირე ზომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანებში თავდაყირა დიდი ხნით ყოფნა თავში სისხლის დაგროვებასა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ამის საპირისპიროდ, ღამურების პატარა სხეული მათ გულს საშუალებას აძლევს, რომ სისხლი მთელს ორგანიზმში მარტივად გაანაწილოს.
საინტერესოა, რომ თავდაყირა დაკიდება ღამურების თავდაცვით მექანიზმადაც იქცა. გამოქვაბულებში ან ხიდების ქვეშ ყოფნა მათ ისეთი მტაცებლებისგან იცავს, როგორიც ბუ, ქორი და გველია.
მიუხედავად ამისა, ღამურების ზოგიერთ სახეობას განსხვავებული უნარებიც აქვს. მაგალითად, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ღამურები, რომლებიც Thyroptera-ს ჯგუფში შედიან, ფოთლების შიდა მხარეს ეკვრიან. ამას ისინი კიდურებზე არსებული სპეციალური აპკებით ახერხებენ.
ღამურების ფრენის ევოლუციისა და მათი უნიკალური ქცევების შესახებ კვლევები მეტად საინტერესოა. ეს იმიტომ, რომ ისინი ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვრები არიან. ზოგიერთი სახეობა მიწიდან ჰაერში აჭრას უფრო მარტივად ართმევს თავს, ამიტომ მათი სხეულის აგებულების შესწავლა ამ ფენომენზე მეტის გაგების შესაძლებლობას გვაძლევს.
კომენტარები