ადამიანის ყურის ხრტილის ევოლუცია თევზის ლაყუჩებთან არის დაკავშირებული — კვლევა

ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ყურის გარეთა ნაწილი პრეისტორიული თევზის ლაყუჩებიდან წარმოიშვა.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მილიონობით წლის წინ ჩვენი წინაპრების ევოლუციის პროცესში თევზის ლაყუჩების ხრტილები ყურის არხებში გადავიდა. მკვლევრების თქმით, ევოლუციური გზის კიდევ უფრო შორეულ წარსულში ყურების ევოლუცია წყლის უხერხემლოებთანაცაა დაკავშირებული.
"როდესაც ამ მიმართულებით კვლევა დავიწყეთ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ყურის გარე ნაწილის ევოლუციის შესახებ", — თქვა კვლევის თანაავტორმა გეიჯ კრამპმა.
მკვლევრებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩვენი ყურების შუა ნაწილი უძველესი თევზის ყბის ძვლებიდან წარმოიშვა. შესაბამისად, დაინტერესდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ყურის გარე ხრტილოვანი ნაწილი ასევე თევზის სტრუქტურებისგან წარმოშობილიყო.
ყურის ეს ნაწილი ელასტიკური ხრტილისგან შედგება. ის უფრო მოქნილია, ვიდრე ხერხემლისა და ცხვირის ხრტილები.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი ელასტიკური ხრტილი ასევე არის თევზის ღრძილებში.
"როდესაც კვლევა დავიწყეთ, არ ვიცოდით არსებობდა თუ არა მსგავსი ხრტილები ძუძუმწოვრების გარდა სხვა არსებებში", — აღნიშნა კრამპმა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზებრა თევზის (Danio rerio), ატლანტიკური ორაგულისა (Salmo salar) და სამი სხვა სახეობის თევზის ლაყუჩებში მსგავსი ელასტიკური ხრტილებია.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ეს ხრტილები ადამიანის ყურის ხრტილებს შეადარეს. დნმ-ის ანალიზმა ხრტილებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები გამოავლინა. შემდგომმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა იგივე დაადასტურა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები