რთულია ამის წარმოდგენა, როცა ვიდეოთვალით საუბრობთ ან თქვენს საყვარელ სამეცნიერო სტატიებს კითხულობთ, მაგრამ ინფორმაცია თქვენს მოწყობილებამდე წყალქვეშა კაბელების უზარმაზარი ქსელის მეშვეობით არის მოწოდებული. ეს ქსელი თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის საფუძველია, რომელიც კონტინენტებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ინფორმაციის უმოკლეს დროში გასაგზავნად.

ამ ბოჭკოვან-ოპტიკურ კაბელებს, რომლებიც სისქით სოსისსაც კი არ აღემატება, სინათლის გამოყენებით უზარმაზარი მოცულობის მონაცემები გადააქვს დიდ მანძილზე. პროცესში ამავდროულად მინიმალური ინფორმაცია იკარგება. ამ კაბელებით ერთმანეთს დედამიწის ყველა კონტინენტი უკავშირდება, გარდა ანტარქტიდისა. ასე გადაიცემა მსოფლიოს მონაცემების 95 პროცენტი.

ასევე იხილეთ: მეცნიერება ინტერნეტს მიღმა — როგორ მუშაობს გლობალური კომპიუტერული ქსელი

კაბელები ძალიან სწრაფად და ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არხები ხშირად ხდება თავდასხმების, უბედური შემთხვევებისა და სხვა პრობლემების სამიზნე. მიიჩნევა, რომ ყოველწლიურად 100-150 კაბელი ზიანდება. ეს ძირითადად სათევზაო აღჭურვილობასთან ან ღუზებთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად ხდება.

ასევე იზრდება დივერსიული აქტების რისკი. 2024 წლის ნოემბერში ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა ინტერნეტკაბელი დაზიანდა. ევროპული მთავრობები თავს იკავებდნენ კონკრეტული ქვეყნის დამნაშავედ გამოცხადებისგან. მიუხედავად ამისა, გადაკვრით აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტები, შესაძლოა, "ჰიბრიდული თავდასხმების" ნაწილი ყოფილიყო, რომელთაც რუსეთი ევროპის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახორციელებს, რათა უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროპის ქვეყნებზე შური იძიოს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, თავისთავად, ამ ბრალდებებს "საკმაოდ აბსურდული" უწოდეს.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში შარშან ბალტიის ზღვაში, ეს ინციდენტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დაუცველია წყალქვეშა კაბელები შემთხვევითი კატასტროფების ან განზრახ თავდასხმების მიმართ.

წყალქვეშა ინტერნეტკაბლების მსოფლიო რუკა 2015 წელს.

ფოტო: Greg Mahlknecht / Openstreetmap contributors via Wikimedia Commons (CC BY-SA 2.0)

იმისათვის, რომ არასტაბილურ სამყაროში ინტერნეტკავშირის საიმედოობა შენარჩუნდეს, NATO ახალ პროექტს აფინანსებს, რომელიც მონაცემებს კოსმოსის გავლით გადაამისამართებს და მათ ინფრასტრუქტურული შეფერხებებისგან დაიცავს.

"მაგალითად ავიღოთ ისლანდია. ისლანდიაში მრავალი ფინანსური სერვისია, ასევე განვითარებულია ღრუბლოვანი გამოთვლები, და იგი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან ოთხი კაბელის მეშვეობითაა დაკავშირებული. თუ ეს ოთხი კაბელი განადგურდება ან საფრთხეში ჩავარდება, ისლანდია სრულიად იზოლირდება მსოფლიოსგან", — IEEE Spectrum-თან საუბრისას განაცხადა ნიკოლო ბოშეტიმ, კორნელის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რომელიც პროექტზე მუშაობს.

პროექტი, სახელად Hybrid Space/Submarine Architecture Ensuring Infosec of Telecommunications (HEIST) კონსორციუმი, შედარებით დაცული სისტემის შექმნას ისახავს მიზნად, რისთვისაც წყალქვეშა კაბელებისა და სატელიტური კავშირგაბმულობის ჰიბრიდულ ქსელს გამოიყენებენ.

სხვათა შორის, უკვე არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც: SpaceX-ის მიერ შემუშავებული Starlink, სატელიტური ინტერნეტის სერვისი, რომელიც ამჟამად კოსმოსიდან მომდინარე ინტერნეტტრაფიკის დიდ ნაწილს გვაწვდის. თუმცა, ნებისმიერი სხვა სისტემის მსგავსად, არც ეს გახლავთ უპრობლემო. ილონ მასკმა უკრაინას რუსეთის შემოტევების დროს Starlink-ის გამოყენება შესთავაზა. აქ სისტემა დრონების თავდასხმებისა და კომუნიკაციის კოორდინაციისთვის გამოიყენეს.

ზოგი ეჭვქვეშ აყენებს, თუ რამდენად სწორია, რომ ერთ ადამიანს (მიუხედავად მის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა) ჰქონდეს ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა გლობალურ პროცესებზე. HEIST-ის პროექტით NATO-ს წევრი მთავრობები მიზნად ისახავენ, რომ დაცული და დამოუკიდებელი სისტემა შექმნან, რომელიც ერთი მილიარდერის სურვილებზე არ იქნება მიბმული.

ამ პროექტზე საერთაშორისო და ინტერდისციპლინური გუნდი მუშაობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სისტემის ფუნქციური პროტოტიპი ორ წელიწადში მზად იქნება, თუმცა HEIST-ის გუნდის ნაწილს იმედი აქვს, რომ პროგრამის ელემენტების ტესტირება 2025 წელს დაიწყება.

"ჩვენ თავსატეხის ნაწილებს ვაწყობთ და ვცდილობთ შევქმნათ ახალი მასშტაბური ეკოსისტემა", — Cornell Chronicle-თან საუბრისას განაცხადა გრეგ ფალკომ, კორნელის უნივერსიტეტის მექანიკური და აერონავტიკის ინჟინერიის ასისტენტმა-პროფესორმა.

"ვიტყოდი, რომ ეს 100%-ით სისტემური ინჟინერიის პრობლემაა", — აღნიშნა ფალკომ — "ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიებიდან, რომლებიც ჩვენ უნდა შევქმნათ, არცერთი არ არის ისეთი, რომ რაიმე ფორმით უკვე სხვა აპლიკაციებში არ იყოს წარმოდგენილი. საქმე ეხება ყველა ამ ნაწილის შერწყმას. ინჟინერიის თვალსაზრისით, ეს პროცესი რთულია, მაგრამ ამას ემატება რეგულატორული, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს", — დასძინა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.