დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახან განკარგულება გასცა, რომელიც სქესს მეცნიერული თვალსაზრისით არაზუსტად განმარტავს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დადგენილებით ყველა ამერიკელი მდედრობითი სქესისა გამოდის. გარდა ამისა, ბრძანება ტრანსგენდერთა უფლებებს უქმნის საფრთხეს და გენდერული იდენტობის კონცეფციას ეჭვქვეშ აყენებს.

თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა ბრძანება გააფორმა, სახელად "ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სინამდვილის აღდგენა ფედერალური მთავრობისთვის".

საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში მხოლოდ ორი სქესია აღიარებული: მდედრობითი და მამრობითი. გარდა ამისა, ლეგალურ ჭრილში ქალი ეწოდება "ადამიანს, რომელიც ჩასახვისას დიდი რეპროდუქციული უჯრედის წარმომქმნელ სქესს მიეკუთვნებოდა"; კაცი, ამ განმარტებით, ადამიანია, რომელიც "ჩასახვისას პატარა რეპროდუქციული უჯრედის წარმომქმნელ სქესს მიეკუთვნებოდა". დიდ რეპროდუქციულ უჯრედში კვერცხუჯრედი იგულისხმება, ხოლო პატარაში კი — სპერმატოზოიდი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ, მსგავსი განმარტების მიხედვით, ყველა ამერიკელი მდედრობითი სქესისა გამოდის.

ტერმინი "ჩასახვისას", კრიტიკოსების აზრით, იმის მცდელობა უნდა იყოს, რომ ტრანსფობიურ განკარგულებაში "ემბრიონის პიროვნებად ყოფნის" არგუმენტი ჩართონ. საკანონმდებლო ინიციატივა არც იმ ბიოლოგიურ კანონზომიერებას ითვალისწინებს, რომ XX (მდედრობითი სასქესო ქრომოსომების მქონე) ემბრიონები კვერცხუჯრედების წარმოქმნას ჩასახვიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყებენ, XY (მამრობითი სასქესო ქრომოსომების მქონე) ბავშვები კი სპერმატოზოიდებს 10-12 წლამდე არ წარმოქმნიან.

"ჩასახვის შედეგად ცალკეული უჯრედი იქმნება, რომელსაც არც სასქესო ჯირკვლები აქვს და არც სასქესო უჯრედებს წარმოქმნის, თავისთავად", — განმარტა ემილი უილინგემმა, ჟურნალისტმა და ბიოლოგიის ყოფილმა პროფესორმა — "მენჯში რეპროდუქციული ორგანოები ჩასახვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებს ჩამოყალიბებას, თუმცა ამ დროსაც კი რთულია წინასწარ განსაზღვრა, როგორ განვითარდება ისინი".

ცნობისთვის, 2001 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი აჩვენებს, რომ ჩასახვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ყველა ემბრიონის გენიტალიები იდენტურია და ფენოტიპურად (ანუ გარეგნულად) მდედრობითი სქესისაა.

რეალურად, ქრომოსომების, როგორც ბიოლოგიური სქესის მარკერების, შეცვლა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ადამიანს ბიოლოგიური სქესის მიღმა გენდერული იდენტობაც აქვს, რომელიც აღნიშნულს შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს. ამას სხვადასხვა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორი განაპირობებს.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის მიხედვით, ორშაბათს — თანამდებობის დაკავების დღეს — ტრამპმა ფართო აღმასრულებელი განკარგულება გასცა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმებს ართმევს და თავად გენდერული იდენტობის საფუძვლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.

ახალი განკარგულებების ნაწილია ინიციატივა, რომლითაც ტრამპს მხოლოდ 2 სქესის დაკანონება სურს. შედეგად ტრანსგენდერი, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე და ინტერსქესი ადამიანები ვერ შეძლებენ, საკუთარი იდენტობა პასპორტებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში ასახონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.