შესაძლოა, ასტრონომებმა სრულიად ახალი ტიპის ეგზოპლანეტა გამოავლინეს

ფოტო: ESO/L. Calçada
ეგზოპლანეტა გლიზე 1214 b (ან GJ 1214 b) დედამიწისგან 47 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ის თავდაპირველად მინი-ნეპტუნის ტიპის ციურ სხეულად მიიჩნეოდა. მაგრამ ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვენერას უფრო მოგვაგონებს. ამაზე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები მიანიშნებს.
GJ 1214 b მზის სისტემის ამ პლანეტას სიდიდით აღემატება და "სუპერვენერას" ტიპის ეგზოპლანეტების ჩვენთვის ცნობილი პირველი წარმომადგენელი უნდა იყოს.
ის ასტრონომებმა 2009 წელს აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ მას დედამიწაზე 2.7-ჯერ დიდი რადიუსი და 8.2-ჯერ მეტი მასა ჰქონდა. ასევე, გაირკვა, რომ აღნიშნულ ობიექტს ძალიან სქელი ატმოსფერო აქვს, რაც მის სტრუქტურასა და შედგენილობაზე დაკვირვებას ართულებს.
გლიზე 1214 b თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ იქ მაღალი ტემპერატურა და სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობებია. ამის მიუხედავად, დედამიწასთან მისი მცირე დისტანცია ასტრონომებს მსგავსი ეგზოპლანეტების შესახებ მეტის გაგების საშუალებას აძლევს.
სუპერვენერას კატეგორიის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ზოგადად, ასეთ ზომის პლანეტები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: სუპერდედამიწები და მინი-ნეპტუნები. პირველი დედამიწაზე დიდი ზომის კლდოვან ეგზოპლანეტებს მოიცავს, რომელთაც წყალბადით მდიდარი ატმოსფერო აკრავს გარს (ზოგს ატმოსფერო საერთოდ არ აქვს). მინი-ნეპტუნები დაახლოებით იმავე ზომის შეიძლება იყოს, მაგრამ მათი აირადი გარსი უფრო სქელია და, ძირითადად, წყალბადსა და ჰელიუმს შეიცავს.
GJ 1214 b-ზე 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მის ატმოსფეროში შესაძლოა, იყოს არა მხოლოდ წყალბადი, არამედ დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი და მეტალების აორთქლებული ნაწილაკები. უკანასკნელმა დაკვირვებებმა მეცნიერები დააეჭვა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩათ.
ახალი თეორიული მოდელების მიხედვით, გლიზე 1214 b-ის ატმოსფეროს ქვედა ფენებში ლითონები და მცირე ოდენობით წყალბადია თავმოყრილი, ხოლო ზედა შრეები აეროზოლებითა და ნახშირორჟანგით არის გაჯერებული. ამგვარი მახასიათებლები მას პოტენციურად სუპერვენერას ტიპის პირველ წარმომადგენლად აქცევს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მათი ნაშრომები გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა (1, 2).
კომენტარები