FDA სიგარეტში ნიკოტინის შემცირებას გეგმავს

ფოტო: Futurism
სიგარეტის მოწევა ძალიან სახიფათოა. მხოლოდ აშშ-ში მოწევის გამო ყოველწლიურად 480 000 ადამიანი კვდება.
მიუხედავად ამისა, ადამიანები სიგარეტს მაინც ეწევიან. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანი სიგარეტზე ფიზიკურად ხდება დამოკიდებული, ხოლო მეორე შეიძლება კულტურის ფაქტორი იყოს.
თუმცა, მალე კულტურის ფაქტორი შეიძლება იყოს ერთადერთი რამ, რაც სიგარეტს შემორჩება. სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) სიგარეტში ნიკოტინის მნიშვნელოვნად შემცირებაზე ფიქრობს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სიგარეტზე დამოკიდებულებაც შემცირდეს.
"ნიკოტინის დონის შემცირებით ადამიანების სიგარეტზე დამოკიდებულება შემცირდება", — თქვა FDA-ის წარმომადგენელმა ბრაინ კინგმა NBC News-თან ინტერვიუში.
დღეს სიგარეტი დაახლოებით 11.9-დან 14.5 მილიგრამამდე ნიკოტინს შეიცავს. FDA-ის გეგმის მიხედვით სიგარეტში ნიკოტინის რაოდენობა 0.7 მილიგრამამდე უნდა შემცირდეს.
მოწევისგან მიღებულ მავნე შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ნიკოტინი არაა, მაგრამ სწორედ ისაა, რაც სიგარეტზე დამოკიდებულს გვხდის.
"სიგარეტში არის ბევრი სხვა ნივთიერებაც, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. თუმცა, უშუალოდ ნიკოტინია ის, რაც დამოკიდებულებას აჩენს", — თქვა ბრაინ კინგმა.
FDA-ში მიაჩნიათ, რომ დამოკიდებულების შეზღუდვით მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენენ. ამას 2060 წლისთვის 1.8 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლია.
თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ FDA-ის ამ შემოთავაზებას კანონის სახე მიეცემა. ამაზე გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ სექტემბერში უნდა მიიღოს.
კომენტარები