ახალი კვლევის თანახმად, სამყაროს პირველი ვარსკვლავების აფეთქებას შესაძლოა, კოსმოსში დიდი ოდენობით წყალი წარმოექმნა. არაა გამორიცხული ისიც, რომ ამას დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც ასობით მილიონ წელში სიცოცხლის გაჩენისთვის შეეწყო ხელი. ეს ჰიპოთეზა კი კოსმოსური ევოლუციის ამჟამინდელ თეორიებს ეწინააღმდეგება.

NASA-ს მიხედვით, წყალი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაერთია. ასტრონომებმა იგი მზის სისტემის მრავალ წერტილში აღმოაჩინეს: მარსის ზედაპირზე, მერკურის ყინულოვან საფარში, კომეტების გარსსა და რამდენიმე ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირქვეშა ოკეანეში. ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს მიღმა მკვლევრებმა წყალი შორეულ ეგზოპლანეტებსა და ვარსკვლავთშორისი აირის ღრუბლებში დააფიქსირეს, რომლებიც ირმის ნახტომში გვხვდება.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ წყალი სამყაროში მილიარდობით წლის განმავლობაში გროვდებოდა. წყალბადი, რომელიც კოსმოსში ყველაზე გავრცელებული ელემენტია, ვარსკვლავების ბირთვში წარმოქმნილ ჟანგბადს უერთდებოდა და მნათობების აფეთქების შედეგად გამოიყოფოდა. ამის მიუხედავად, არარეფერირებადი ნაშრომების პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნებული ახალი კვლევა სხვაგვარ დასკვნას გვთავაზობს.

მეცნიერებმა სიმულაციები შექმნეს, რათა გაეგოთ, როგორ შეიძლება, ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მასიურ ვარსკვლავებს წყლის ფორმირებისთვის საჭირო პირობების შეექმნა. კვლევის თანახმად, ამ აფეთქებების შედეგად წყალი ვარსკვლავების მიერ დატოვებული მკვრივი ღრუბლების შუაგულში წარმოიქმნებოდა, სადაც წყალბადი, ჟანგბადი და სხვა ელემენტები ერთმანეთს უერთდებოდა. ამ წყლის კონცენტრაცია შესაძლოა, ირმის ნახტომის გალაქტიკაში ამჟამად არსებულს 30-ჯერ აღემატებოდა კიდეც.

"ჩვენმა სიმულაციებმა გამოავლინა, რომ სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სამყაროში დიდი აფეთქებიდან 100-200 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. გარდა ამისა, შედეგები მიუთითებს, რომ წყალი, სავარაუდოდ, პირველი გალაქტიკების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ფოტო: Getty Images

მეცნიერები არასდროს დაჰკვირვებიან ისეთ ადრეულ ვარსკვლავებს, რომლებიც სიმულაციებში იყო წარმოდგენილი. მათ III პოპულაციის ვარსკვლავები ეწოდება და დღემდე მხოლოდ მათი ნარჩენი მატერიისგან ფორმირებული მნათობებია შესწავლილი. შესაბამისად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორი იყო ეს ობიექტები სინამდვილეში.

თუ ადრეულ სამყაროში წყალი მართლაც უხვად იყო, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კოსმოსში ის ბევრად დიდი ოდენობით უნდა დაგროვებულიყო, ვიდრე ახლაა. მეცნიერთა ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ სამყაროს შესაძლოა, "მშრალი" პერიოდის გავლენა განეცადა, ანუ წყლის დიდი ნაწილი დაეკარგა.

"მიუხედავად იმისა, რომ წყალი ადრეულ სამყაროში წარმოიქმნა, შესაძლოა, იონიზაციისა და სხვა ასტროფიზიკური პროცესების შედეგად ამ მოლეკულათა დიდი ნაწილი განადგურებულიყო", — წერია Universe Today-ს სტატიაში. ეს ნიშნავს, რომ პირველი ვარსკვლავური აფეთქებების შედეგად გამოყოფილ წყალს შესაძლოა, მხოლოდ მცირე ხნით ეარსება.

წყალი დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამის მიუხედავად, ადრეულ სამყაროში მისი არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს დედამიწის მიღმა სიცოცხლის წარმოშობის შანსებს გაზრდიდა. მეცნიერები კვლავ განაგრძობენ კვლევებს, რათა ამ საკითხის შესახებ მეტი გაიგონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.