150 წლის წინ დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე, უძველეს ქალაქ ჰარაპაში, მეცნიერებმა ქვაზე ამოკვეთილი სიმბოლოები აღმოაჩინეს. ის ინდის ველის ტექსტის სახელით არის ცნობილი და დღემდე გაუშიფრავია.

ამ საიდუმლოს ამოხსნის მიზნით ხელისუფლებამ 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა. მას ის პირი ან ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც ამ ტექსტის გაშიფვრას შეძლებს და მის მნიშვნელობას ახდის ფარდას.

ინდის ველის (ან ჰარაპას) ტექსტი ინდის ველის ცივილიზაციის მიერ შეიქმნა. ეს კულტურა ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე 5 300 წლის წინ ჩამოყალიბდა. იგი თავისი გალავნიანი ქალაქებითა და განვითარების მაღალი დონით ცნობილი იყო, თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ მოულოდნელად "გაუჩინარდა". არქეოლოგებს ძალიან მცირე ინფორმაცია დარჩათ იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები.

ინდის ველის ტექსტის პირველი ნიმუში 1875 წელს აღმოაჩინეს. ქვის ფირფიტაზე ხარის გამოსახულება, ორი ვარსკვლავი და ექვსი გაურკვეველი სიმბოლო იყო ამოტვიფრული. ის ინდურ დამწერლობას არ ჰგავდა.

მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ ათასობით მსგავს არტეფაქტს მიაგნეს, რომელთაც საერთო მახასიათებლები აქვთ: თითოეული ქვის ცენტრში ცხოველის გამოსახულება ჩანს, თავზე კი ტექსტია დატანილი. ის, როგორც წესი, მხოლოდ ოთხიდან ექვსამდე სიმბოლოს შეიცავს, რაც გაშიფვრას ართულებს.

გამოსახულებები მცირე კერამიკულ ნივთებსა და სავაჭრო ბეჭდებზე გვხვდება. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ისინი ყოველდღიურ საქმეებთან და სავაჭრო ოპერაციებთანაა დაკავშირებული, ნაცვლად საკრალური დანიშნულებისა.

ფოტო: Shutterstock.com

მეტის გასაგებად ტამილნადუს შტატის ხელმძღვანელმა მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფულადი ჯილდოთი წახალისება გადაწყვიტა, რათა გაშიფვრის პროცესი დაჩქარდეს. მისი ინიციატივა 2023 წლის ე.წ. ვეზუვის გამოწვევითაა შთაგონებული, რომელიც მიზნად პომპეის დაზიანებული გრაგნილების გაშიფვრას ისახავდა.

მაშინ მეცნიერებმა გრაგნილებზე არსებული ლათინური წარწერების გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ტექსტი კვებასთან დაკავშირებულ სიამოვნებაზე ფილოსოფიურ რეფლექსიებს მოიცავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინდის ეს არტეფაქტები ერთადერთი გაუშიფრავი ნიმუშები არაა. ასეთია მინოსის A-ხაზოვანი დამწერლობა, აღდგომის კუნძულის რონგო-რონგოს სიმბოლოები და ცნობილი ვოინიჩის მანუსკრიპტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.