10 წლის წინ, ფოთში, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნიდან რამდენიმე წელში შენობას პრობლემები შეექმნა — ჯერ სასცენო ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც თეატრის თანამშრომელმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო; 2018 წლის 6 თებერვალს კი თეატრის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. ამის შემდეგ, შენობამ ფუნქცია დაკარგა.

ფოთის თეატრის ისტორია

ფოთის დრამატული თეატრი 1925 წელს დაარსდა. 1936 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, თეატრი ფოთის საკათედრო ტაძრის შენობაში გადაიტანეს, სადაც 2005 წლამდე ფუნქციონირებდა.

ფოთის თეატრი საკათედრო ტაძრის შენობაში

ფოთის თეატრი საკათედრო ტაძრის შენობაში

ფოტო: ა.გავრილენკოს ფოტო არქივიდან

2005 წელს, საპატრიარქომ თეატრის შენობის დაბრუნება მოითხოვა, მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც თეატრისთვის ახალი ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს, ფოთის თეატრის დასი კი, მშენებლობის დასრულებამდე, ფოთის სახელოვნებო ცენტრში გადაიყვანეს.

თეატრის სამშენებლო სამუშაოები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიწყო და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაგრძელდა.

ფოთის დრამატული თეატრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა. ახალი შენობა საზეიმოდ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გახსნეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ეკა ბესელია ფოთის თეატრის გახსნაზე

ირაკლი ღარიბაშვილი და ეკა ბესელია ფოთის თეატრის გახსნაზე

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდი

"დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ყველა სირთულე უკან არის და ამ ახალაშენებულ, ულამაზეს შენობაში თეატრის ახალი სიცოცხლე იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის თეატრის გახსნაზე.

რა დაემართა ფოთის თეატრის შენობას?

ფოთის თეატრის შენობას პრობლემები მალევე შეექმნა. ახლად დასრულებულ შენობაში წვიმა ჩავიდა და გასახდელები და თეატრის ფოიე დააზიანა. გახსნიდან ერთი წლის შემდეგ, სცენის მოწყობის დროს, სასცენო ლიფტი 5 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა, რის შედეგადაც თეატრის თანამშრომელმა სხეულის ძლიერი დაზიანებები მიიღო და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

საბოლოოდ, 2018 წლის 6 თებერვალს, საპრემიერო ჩვენების წინა დღეს, ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. რის შემდეგად თეატრმა მუშაობა შეწყვიტა.

რა მდგომარეობაშია თეატრის შენობა დღეს?

ფოთის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფ შ-ფოთის ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე, ფოთის თეატრის მშენებლობა-რეაბილიტაციაში მთავრობებმა 11 775 000 ლარი დახარჯეს. თუმცა, ამ დრომდე თეატრის შენობა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია, უფუნქციოა და თეატრის დასი რამდენიმე წელია თავს სახელოვნებო ცენტრის შენობას აფარებს.

2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ფოთის მოსახლეობამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან დაპირება მიიღო, რომ თეატრის შენობა მალე დაუბრუნდებოდა დასსა და ფოთის მოსახლეობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია შ-ფოთი, 2024 წლის თებერვალში წერდა, რომ ფოთის მერიამ თითქმის 300 000 ლარი გადაუხადა კომპანიას, რომლის შეფასებითაც ფოთის თეატრს რეაბილიტაციისთვის კიდევ 11 მილიონი ლარი სჭირდება.

"ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში გადავიხადეთ 274 650 ლარი, ანგარიშის მიხედვით კიდევ 11 578 609 ლარი დაგვჭირდება თეატრის სარეაბილიტაციოდ.

ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც მათ თებერვალში გაავრცელეს.


2024 წლის ნოემბერში, შენობა ისევ უფუნქციოა და დღეს ასე გამოიყურება:

ფოთის თეატრის შენობის გარე ფასადი / 02.11.2024

ფოთის თეატრის შენობის გარე ფასადი / 02.11.2024

ფოტო: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge

ფოტო 1: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge / ფოტო 2: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge

ფოტო 1: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge

NEWS.On.ge-მ კითხვით — რა ეტაპზეა თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროცესი და როდის დასრულდება, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საბა ასლამაზაშვილს მიმართა.

ასლამაზიშვილის თქმით, შენობის განახლების პროექტი უკვე მზადაა და თანხის მობილიზაციის შემდეგ, რეაბილიტაცია დაიწყება.

"ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია: შენობის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულებული და ჩაბარებულია — ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, კულტურის სამინისტროს დიდი დახმარებითა და მხარდაჭერით წარმატებითაა გავლილი — რეაბილიტაციის პროექტი გვაქვს. ახლა ველოდებით თანხის მობილიზაციას იმისთვის, რომ დაიწყოს ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი. მჯერა, რომ ძალიან მალე მოხდება ეს და ახალი პროექტის მიხედვით სუპერთანამედროვე სათეატრო შენობას მივიღებთ ქალაქ ფოთში", — განაცხადა საბა ასლამაზიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის რეაბილიტაციის დაწყებიდან თითქმის 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოები დასრულებულ არ არის. ეს კი სამართლიანად აჩენს ეჭვებს თანხის გაფლანგვასა და კორუფციაზე. ჩვენთან საუბრისას ფოთის თეატრის ყოფილი დირექტორი, თენგიზ ხუხია ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ფოთის თეატრისთვის დახარჯული თანხების განკარგვაზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, შენობა კი კატასტროფულად გამოიყურება.

"მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა შენობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ფოთის თეატრის ადმინისტრაცია. როგორც მაქვს ინფორმაცია, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულია რაში დაიხარჯა კონკრეტული თანხები. შედეგი ის არის, რომ დღეს შენობა გამოიყურება კატასტროფულად" — უთხრა NEWS.On.ge-ის ფოთის თეატრის ყოფილმა დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ.


NEWS.On.ge ამავე თემაზე კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ამ ყველაფრის შემდეგ, რთული სათქმელია — როდის შეძლებს დასი თეატრში დაბრუნებას და ნამდვილად ექნება თუ არა ოდესმე ქალაქს "სუპერთანამედროვე სათეატრო შენობა".