ენერგოეფექტური ინიციატივები იმერეთში — როგორ ეხმარება ევროკავშირი კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესს
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო კლიმატის ცვლილების გამოწვევის წინაშე დგას და ეს პროცესი უფრო და უფრო მასშტაბურ ფორმას იღებს. შესაბამისად, საერთაშორისო თუ ლოკალური ორგანიზაციები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები და ექსპერტები მუდმივად ცდილობენ ადამიანებს აუხსნან, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება თითოეულ ჩვენგანზე.
ამავე მიზანს ემსახურებოდა იმერეთში დაფუძნებული რეგიონალური ინიციატივების ცენტრის — ნათელი მომავლის მიერ ჩატარებული პროექტი სახელად მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციისთვის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა
ჩვენ პროექტის ავტორს, მარიკა ვაჭარაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
"პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მაშინაც კი, როცა სარედაქციო პოლიტიკისთვის გარემოსდაცვითი საკითხები საინტერესო არ იყო, მე ამ თემებზე ვწერდი. ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვა, რესურსების სწორად გამოყენება და ა.შ", — გვიყვება ის.
ჩვენს ჯანმრთელობაზე ბუნებას უდიდესი გავლენა აქვს. ფიზიკურ თუ მენტალურ კეთილდღეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ამასთან ერთად, გარემოში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება, მეტწილად, ადამიანის ქცევების შედეგია. ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ მასზე.
მარიკამ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ეს ცოდნა იმერეთის მოსახლეობისთვის გაეზიარებინათ. ძირითად მიზნად კი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სარგებლის დემონსტრირება დაისახეს ჭიათურის, ტყიბულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.
"ჩვენ განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტურობაზე მუშაობა გადავწყვიტეთ, რადგან ეს თემა პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და ჩავთვალეთ, რომ საჭიროა ამაზე საუბარი. მითუმეტეს, იმერეთის რეგიონი მეტ-ნაკლებად მოწყვლადია. მოგეხსენებათ, აქ არის ბარიც და მაღალმთიანი დასახლებებიც. ხშირია წყალმოვარდნებიც. მდინარე ცხენისწყალი ხშირად იცვლის კალაპოტს და აზიანებს მიმდებარე სოფლებს. ხშირია მიწის ჩამოშლის შემთხვევები."
პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და მისი მიზანი ადგილობრივების, მათ შორის, თვითმართველობის წარმომადგენლების ინფორმირება იყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე, მათთვის განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვის სარგებლის ჩვენება.
განხორციელებული აქტივობები
ერთ-ერთი აქტივობა იყო სამივე მუნიციპალიტეტის სკვერებსა და ბაღებში, მზის ენერგიაზე მომუშავე სენსორული, ენერგოეფექტური სანათების დამონტაჟება. ლოკაციების შერჩევაზე, დამონტაჟებასა და მათ შემდგომ მოვლაზე პასუხისმგებლობა მერიამ აიღო.
"იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმართველობას ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის თანხა დაეზოგა, ჩვენ სამივე მუნიციპალიტეტისთვის შევიძინეთ 19-19 ცალი მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგოეფექტური სანათი", — აღნიშნავს მარიკა.
ამ სანათების ხარისხი და მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს: ისინი მთელი დღის მანძილზე გამორთულია და იტენება მზეზე. ღამის ნათება აქვს მხოლოდ 30% და 100%-იან განათებაზე გადადის მაშინ, როცა ადამიანი 5 მეტრის რადიუსზე უახლოვდება. გარდა ამისა, ღრუბლიან ამინდში, 72 საათის განმავლობაში მას ჰყოფნის ენერგია და სამი დღის მანძილზე ჩვეულებრივ შეუძლია მიმდებარე ტერიტორიის განათება.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ნათელი მომავლის მოხალისეებმა ჩაატარეს პიარ-აქციები, რომლის დროსაც თემატური, საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს, ჯამში 950 ცალი, სადაც საუბარი იყო განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოეფექტურობის უპირატესობებზე.
ფოტო: რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" / CRI "Bright Future"
პიარ-კამპანიები 9 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა:
- ქ. ზესტაფონი;
- ზესტაფონი — კვირიკეს დასახლება;
- ქ. ტყიბული;
- სოფელი საწირე;
- სოფელი ხრესილი;
- სოფელი მუხურა;
- ქ. ჭიათურა;
- ჭიათურა — მაღაროს დასახლება;
- სოფელი რგვანი.
ფლაერების დარიგების დროს მოხალისეები ატარებდნენ ბრენდირებულ ჰუდებს, რომლებიც ასევე პროექტის ფარგლებში დამზადდა.
"საინფორმაციო მასალების გავრცელების მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობას გაეგო, ყოველდღიურად, საოჯახო პირობებში როგორ უნდა დაეზოგათ ელექტროენერგია. მაგალითად, ტექნიკის შეძენის დროს რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება; რატომ არის მნიშვნელოვანი ღუმელის სწორად დადგმა ოთახში, სადაც ვართ მთელი დღის განმავლობაში და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები."
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, ჩატარდა საინფორმაციო შეხვვედრებიც, რომლებსაც საერთო ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც, რომლის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს კლიმატის ცვლილების გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ფოტო: რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" / CRI "Bright Future"
შედეგი
მარიკას ხედვით, პროექტის დასრულების შემდეგ, სამიზნე აუდიტორიის დამოკიდებულება გარემოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მკვეთრად შეიცვალა.
"პროექტის მონაწილეების ინფორმირებულობის დონე ჩვენ გავზომეთ კითხვა-პასუხის ფორმატში და მივხვდით, რომ ამ თემებზე ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია. თუმცა, ლექციების მოსმენის შემდეგ, სულ სხვა მოცემულობა გვქონდა, გაუჩნდათ ინტერესიც", — ამბობს მარიკა.
მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა საკმაოდ მაღალი აქტიურობით ჩატარდა და შედეგით იმაზე მეტად კმაყოფილია, ვიფრე წარმოიდგენდა. ის ფიქრობს, რომ ასეთი წარმატების საფუძველი პროექტში ჩართულ მხარეებს შორის არსებული სწორი კომუნიკაცია იყო.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები