როგორ ხსნის მეცნიერება "სულებთან შეხვედრის" გამოცდილებებს
თბილისის შუაგულში შენობის ტერასიდან პლედწამოფარებულმა არსებამ ლაზერი თუ შემოგანათათ, არ შეგეშინდეთ, ეს "სული" არ ყოფილა.
ამის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა ადამიანები მათთან შეხვედრის ისტორიებს ჰყვებიან, მაგრამ როგორ ხსნის მეცნიერება ასეთ გამოცდილებებს? რით უნდა იყოს გამოწვეული იმის დანახვა, რაც მეცნიერულად დადასტურებული არაა?
ფსიქოლოგიის სპეციალისტმა, კრისტოფერ ფრენჩმა ახლახან გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც სწორედ პარანორმალურობის ფენომენს განიხილავს. მისი თქმით, ხშირად ესაა არამიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაცია მოვლენებისა, რომელთაც ბუნებრივი ახსნა გააჩნია.
"მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა შენთვის ამოუხსნელია, არ ნიშნავს, რომ მას ახსნა მართლაც არ აქვს", — აცხადებს კრისტოფერი.
ის "სულებთან შეხვედრის" შემთხვევებს ჰალუცინაციებს, არასწორ აღქმებს, ცრუ მოგონებას და პარეიდოლიას (ნაცნობი ობიექტების დანახვა აბსოლუტურად განსხვავებულ საგნებში) უკავშირებს. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანის ტვინი ზოგჯერ გაურკვეველ გამოცდილებებს არასწორად იმახსოვრებს და მათ შესახებ დასკვნები სასურველი სცენარის მიხედვით გამოაქვს (როცა პიროვნებას უნდა, რომ ეს რაღაც რეალურად არსებობდეს).
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რომელიც მას პარანორმალური აღქმებისადმი უფრო მიდრეკილს ხდის. მაგალითად, ასეთია ძილის პარალიზი, როცა გამოღვიძებისას ან ჩაძინებისას სხეულს ვერ ამოძრავებენ. ამ დროს, ფხიზელი და ძილ-ბურანში მყოფი გონება თითქოს ერთმანეთს ერევა და მისტიკური, საშიში შეგრძნებები ყალიბდება და შესაძლოა, ოთახის კუთხეში ადამიანის ფიგურაც კი მოგვეჩვენოს. ფსიქოლოგიის სპეციალისტი ამბობს, რომ თუ პაციენტმა არ იცის, რა სჭირს, ამგვარ გამოცდილებას ზებუნებრივ მოვლენებს მიაწერს.
"სულები" ფილმებში ხშირად ადამიანის მსგავსი გამჭვირვალე არსებების სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ ასეთი მოლანდებები პარანორმალური ამბების მხოლოდ მცირე ნაწილშია მოთხრობილი. ისტორიკოსი იოჰანეს დილინგერი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებში დოკუმენტირებული ზებუნებრივი გამოცდილებების უმეტესობაში უხილავ პოლტერგეისტზეა საუბარი, ანუ მათ, რეალურად, ვერ ხედავენ.
ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მისტიკურობის განცდას ადამიანებში "უცნაური" და მათთვის ამოუხსნელი ხმები იწვევს, განსაკუთრებით კი ღამით.
კომენტარები