საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინება აქტუალური პრობლემაა, რომელიც მრავალი სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობას განსაზღვრული აქვს ქორწინების ასაკი და არასრულწლოვანთა ქორწინებას კრძალავს, სხვადასხვა მიზეზით ეს პრაქტიკა კვლავაც ვლინდება, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებსა და ტრადიციულ საზოგადოებაში.

კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ

საკანონმდებლო მაცნეზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2016 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წლით განსაზღვრა, გააუქმა შესაძლო გამონაკლისები, რომელიც მშობლის, ან მეურვის ნებართვის საფუძველზე არასრულწლოვანთა დაქორწინების უფლებას იძლეოდა.

საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო იყო, რადგან გარკვეულ სოფლებში ქორწინება არა მხოლოდ ოფიციალურ, არამედ რელიგიურ და კულტურულ დონეზეც ხდება, ამ საკითხს კი სახელმწიფო ნაკლებად აკონტროლებს

აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვას, თუმცა კანონის აღსრულება ხშირად პრობლემატურია. ხშირად არასრულწლოვანთა ქორწინება მშობლების ან საზოგადოების ზეწოლით ხდება. ასე ჩატარებული ცერემონიები კი სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ექცევა და ხშირად აღრიცხულიც არ არის. შესაბამისად, ბავშვები ხშირად ოჯახური ძალადობის, იძულებითი ქორწინებისა და განათლების შეზღუდვის საფრთხის ქვეშ ექცევიან.

წახალისება "ოცნების" სცენიდან

გასულ კვირას, სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პარტიული ღონისძიებიდან ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს — როგორ სთხოვს ხელს არასრულწლოვანი ბიჭი, სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგონას.

ქვეყანაში, არასრულწლოვანთა ქორწინება ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ ამ ფაქტს ღონისძიებაზე მყოფი ხალხი მხურვალე ოვაციებით შეხვდა.

საინტერესოა, როგორ აღიქმება საზოგადოებაში მმართველი პარტიის ღონისძიებაზე არასრულწლოვანთა ქორწინების წახალისების სცენა...

NEWS.On.ge ამ თემაზე ბავშვთა უფლებათა დამცველს, იურისტს ანა თავხელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, არასრულწლოვანთა ქორწინება მხოლოდ კონკრეტული რეგიონებისთვის არ არის დამახასიათებელი და ხშირად მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გვხვდება.

"არასრულწლოვანთა ქორწინების საკითხი საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ბევრ ასეთ საქმეზე მიმუშავია, რომელიც დაიწყო ადრეულ ასაკში ქორწინებით და შემდეგ უფრო მძიმე ფორმებში გაგრძელებულა, მათ შორის — ოჯახში ძალადობით, განათლების სერვისების შეზღუდვით და ასე შემდეგ“, — აცხადებს ანა თავხელიძე.

იურისტის თქმით, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც კი სახელმწიფოს აქამდე ჩაუტარებია, წყალში ჩაყარა:

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ბოლო სამი წლის განმავლობაში შსს-ს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჰქონდა კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას", რაშიც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა. მთელი ეს კამპანია, გაწეული შრომა და დახარჯული თანხა ამ რამდენიმე წუთიანი ვიდეოთი და ამ "ცერემონიალის" უკანა ფონით, წარწერით ქართული ოცნება წყალში ჩაიყარა.

მმართველი პარტია ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საქართველოში აღმოიფხვრას. ამის ნაცვლად კი ჩვენ ვნახეთ — როგორ წაახალისა ქართულმა ოცნებამ არასრულწლოვანთა ქორწინება და სცენა დაუთმო მის აფიშირებას. ეს ყველაფერი ახალისებს და ზრდის ბავშვთა მიმართ ძალადობას რაც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს," — თქვა ანა თავხელიძემ.