როდის დაიწყო ძუძუმწოვრების ევოლუცია
ძუძუმწოვრების ევოლუცია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ბრაზილიაში აღმოჩენილი ნამარხები ძუძუმწოვრების ევოლუციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. ნამარხის სკანირება გვიჩვენებს, რომ ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები იმაზე მილიონობით წლით ადრე განვითარდა, ვიდრე ჩვენ ეს აქამდე გვეგონა.
ძუძუმწოვრების ყბის სტრუქტურა და შუა ყურის 3 ძვალი უნიკალურია ხერხემლიანებში. ეს ტრანსფორმაცია პროტო-ძუძუმწოვართა წინაპრებში მოხდა. მათ ოდესღაც შუა ყურის ერთი ძვალი ჰქონდათ. სწორედ ეს ტრანსფორმაციაა პალეონტოლოგებისთვის ინტერესის სფერო.
ძუძუმწოვართა ადრეულ წინაპრებს — როგორიცაა ბრაზილოდონი და რიოგრანდია —ცინოდონტები ეწოდებათ. არსებათა ეს ჯგუფი ტრიასის პერიოდში (252-201 მილიონი წლის წინ) გაჩნდა.
მკვლევრებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით ბრაზილოდონისა და რიოგრანდიის ყბების ციფრული რეკონსტრუქცია პირველად შეძლეს. ორივე ეს ცხოველი დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
რიოგრანდიის თავის ქალასა და ქვედა ყბას შორის ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებები აღმოაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების მახასიათებლები 17 მილიონი წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
"ეს ნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების მახასიათებლები სხვა სახეობებშიც ვითარდებოდა", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, ადრეული ძუძუმწოვრების ევოლუცია უფრო რთული იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ.
"ამით შეგვიძლია გავიგოთ ის, თუ როგორ წარმოიშვნენ ძუძუმწოვრები და როგორ განვითარდნენ ისინი", — თქვა კვლევის ავტორმა, ავგისტინ მარტინელიმ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.
კომენტარები