მეცნიერებმა უჯრედის სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს — რა ვიცით მის შესახებ
ავსტრალიელმა მეცნიერებმა უჯრედის სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელიც იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ ხორცდება ძუძუმწოვრებში ჭრილობები. ასეთი უჯრედის არსებობას სპეციალისტები 100 წლის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, ახლა კი მას ზრდასრული თაგვის აორტაში მიაგნეს.
ახალი ტიპის უჯრედს EndoMac პროგენიტორი ეწოდება. ის სისხლძარღვების ზრდას მაშინ უწყობს ხელს, როცა ეს სხეულს სჭირდება. ასევე, აქტიურდება ჭრილობისა და სისხლის შეფერხებული მოძრაობის შემთხვევაშიც, რათა ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. მკვლევრებმა ეს უჯრედები თაგვის ქსოვილებიდან გამოაცალკევეს და ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს. შემდეგ "დიაბეტური იარების" მქონე მღრღნელების სხეულში შეიყვანეს, რის შედეგადაც შეხორცების პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდა.
იმის გასაგებად, თუ რატომაა EndoMac ასეთი ეფექტიანი, პირველ რიგში, მაკროფაგების არსებობის გათვალისწინებაა საჭირო, რომლებიც იმუნური უჯრედებია. ისინი ემბრიონში წარმოიქმნება, მისი განვითარებისთვის აუცილებელია და უკვე ზრდასრულობისას თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება. ძუძუმწოვრების დაბადების შემდეგ მაკროფაგები ახლდება, რათა პათოგენები გაანადგუროს. მეცნიერებმა წლების წინ ივარაუდეს, რომ ასეთ განახლებაში შესაძლოა, სპეციალური ღეროვანი უჯრედები მონაწილეობდეს, რომლებიც სისხლში ცირკულირებს და ძვლის ტვინიდან იღებს სათავეს.
უკანასკნელი კვლევით დადგინდა, რომ ამგვარი ღეროვანი უჯრედები მხოლოდ რამდენიმე სახის ქსოვილშია წარმოდგენილი, მათ შორის კუჭ-ნაწლავში, კანსა და გულში. ამან მეცნიერები მიიყვანა ვარაუდამდე, რომ მაკროფაგების განახლებაში მთავარ როლს სულ სხვა უჯრედები ასრულებს და ეს სწორედ EndoMac პროგენიტორებია, რომლებიც განვითარების ადრეულ ეტაპზე აორტიდან ვრცელდება.
ლაბორატორიაში გაზრდილი ასეთი უჯრედები თაგვის ჭრილობის შეხორცებაში მონაწილეობის მიღების შემდგომ 2 კვირაში მაკროფაგებად და ენდოთელიუმის უჯრედებად გარდაიქმნა. ავტორები ამბობენ, რომ სხვა ორგანიზმში მათი გადატანა პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან იმუნური სისტემა უცხო სხეულად არ აღიქვამს.
ამჟამად იმის გარკვევას ცდილობენ, გვხვდება თუ არა მსგავსი უჯრედები ადამიანში. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები