მეცნიერებმა სტატიკური ელექტრობის საიდუმლო ამოხსნეს — აი, რა იწვევს მას
ოდესმე თმა დაგმუხტვიათ? სხვა ადამიანთან ან ობიექტთან შეხებისას "დენს დაურტყამს"? ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა ჩვენგანს დამართვია, მაგრამ რა არის ამის მიზეზი?
პასუხი სტატიკური ელექტრობაა, თუმცა მეცნიერები ამ ფენომენის ახსნას დაახლოებით 2 ათასწლეულია, ცდილობენ. ჩიკაგოში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა საბოლოოდ ამოხსნეს, რა ხდება ამ დროს.
ვიცით, რომ სტატიკურ ელექტრობას ხახუნის მსგავსი მოძრაობა უძღვის ხოლმე წინ. მკვლევრების თქმით, ამ პროცესში ობიექტის წინა და უკანა მხარე სხვადასხვა ძალის ზემოქმედების ქვეშაა, ეს კი ორივე ნაწილში ერთმანეთისგან განსხვავებული ელექტრული მუხტების დაგროვებას განაპირობებს. შედეგად, წარმოიქმნება დენი, რომელიც უეცარ ანთებას იწვევს.
"ისტორიაში პირველად, შევძელით ამოგვეხსნა საიდუმლო, თუ რატომაა ხახუნი მნიშვნელოვანი. ადამიანებმა ეს ჩვენამდეც სცადეს, მაგრამ ექსპერიმენტების შედეგებს დაუსაბუთებელი ვარაუდების გარეშე ვერ ხსნიდნენ.
ჩვენ ახლა ეს მოვახერხეთ და პასუხი მოულოდნელად მარტივი აღმოჩნდა. შეხებითი მოძრაობისას ობიექტის წინა და უკანა მხარეს სხვადასხვა დეფორმაცია, მაშასადამე სხვადასხვა მუხტი, დენს წარმოქმნის", — ამბობენ მეცნიერები.
სტატიკური ელექტრობის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ფილოსოფოს თალეს მილეტელის ჩანაწერებში გვხვდება, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წელსაა შექმნილი. მან შენიშნა, რომ როცა ქარვას ცხოველის ბეწვზე ახახუნებდა, ის მტვერს იზიდავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სხვა ზედაპირებზეც ვრცელდება, მაგრამ ზუსტი ფიზიკური მექანიზმი უცნობი იყო.
ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ საკითხის კვლევა 2019 წელს დაიწყეს. მათ დაადგინეს, რომ ხახუნისას ობიექტების ზედაპირზე არსებული მცირე ზომის წანაზარდები იღუნება, რაც დეფორმაციებს აჩენს და ძაბვას იწვევს. ასევე, შექმნეს ახალი მოდელი, რომელიც ელექტრულ დენს ზომავს და ექსპერიმენტების შედეგებთან თანხმობაშია.
ის "ელასტიკურ ჭრას" ეფუძნება, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როცა მატერია სრიალის მსგავს მოძრაობას ეწინააღმდეგება და ხახუნს განაპირობებს. ამის გამო ელექტრული მუხტები აქტიურდება და ის ხდება, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თმის დამუხტვისა და სხვა ასეთი მოვლენების გარდა, ამას პრობლემების გამოწვევაც შეუძლია, როგორიცაა ინდუსტრიული ხანძრები, აფეთქებები და სხვა. შესაბამისად, საკითხის უკეთ გაგება მსგავსი პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nano Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები