სად და როდის შეხვდა ჩვენი სახეობა ნეანდერტალელებს
ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ოდესღაც ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთს შეხვდნენ. მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ იმას, თუ სად მოხდა ეს პირველად და, აი, ახლა მკვლევრებმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ შეისწავლეს.
მკვლევრები კარგად დააკვირდნენ ორივე სახეობის გეოგრაფიულ გავრცელებას სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მათ მოიცვეს ის პერიოდი, როდესაც ვიცით, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთს დაუკავშირდა.
ამან გამოავლინა მკაფიო ადგილი, სადაც ადამიანის ეს ორი სახეობა ერთმანეთთან გადაიკვეთა. საუბარია ზაგროსის მთებზე. ესაა გრძელი მთები სპარსეთის პლატოზე, რომელიც გადაჭიმულია ირანის, ჩრდილოეთ ერაყისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის თანამედროვე საზღვრებზე.
ეს მთები იდეალური ადგილი იქნებოდა ორი სახეობის შესახვედრად. რეგიონს აქვს ბიომრავალფეროვნებისა და ტოპოგრაფიის მრავალფეროვანი დიაპაზონი, რომელიც ადამიანების პოპულაციისთვის იდეალურია. გარდა ამისა, ეს რეგიონი შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი კორიდორი პლეისტოცენის კლიმატური ცვლილებების დროს, რადგან ის აკავშირებს უფრო გრილ პალეოარქტიკულ გარემოს თბილ აფროტროპიკულ გარემოსთან.
ეს ადგილი ასევე შეესაბამება არქეოლოგიურ ჩანაწერებსა და გენეტიკურ მტკიცებულებებს. ზაგროსის მთების რეგიონი მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით, რომლებიც შეიცავს როგორც ნეანდერტალელების, ასევე პრეისტორიული ჰომო საპიენსების ნაშთებს.
ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის შანიდარის გამოქვაბული ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონში, სადაც ნეანდერტალელის ყველაზე კარგად შემონახული ჩონჩხი აღმოაჩინეს.
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ამ რეგიონში ნეანდერტალელები იმყოფებოდნენ, ეს მნიშვნელოვანი კერა იყო ჰომო საპიენსებისთვისაც. სწორედ ამ დროს დაიწყო ჰომო საპიენსების ყველაზე დიდი მიგრაცია აფრიკიდან.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ზაგროსის მთები იყო ევროპის, აზიისა და აფრიკის გზაჯვარედინზე. შესაბამისად, ეს იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა ადამიანთა სახეობები შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ამ სახეობათაშორისი გადაკვეთის მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს. წლების წინ, სახეობების დნმ-ის გამოკვლევისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელი ერთმანეთთან წყვილდებოდა კიდევაც.
გაირკვა, რომ დღეს არააფრიკული ადამიანის გენომის 1-იდან 4-პროცენტამდე ნეანდერტალელზე მოდის. ეს გენები აგრძელებენ ჩვენი გარეგნობისა და ქცევის მრავალი ასპექტის ფორმირებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შედარებით დიდი ცხვირი და ტკივილის მიმართ ნაკლები რეზისტენტულობა.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები