ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში დაქრის ქარი, რომელიც რკინის ატომებს შეიცავს — კვლევა
ეგზოპლანეტები მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს ეწოდება, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობს. დღემდე 5 200-ზე მეტი ასეთი ციური სხეულია დაფიქსირებული, რომელთა დიდი ნაწილიც იუპიტერისა და სატურნის მსგავსია, ანუ აირისგანაა შედგენილი, მცირე რაოდენობა კი დედამიწის მაგვარი მყარი, კლდოვანი, ობიექტია.
ერთ-ერთი აიროვანი ეგზოპლანეტა WASP-76b-ია, რომელიც მზეზე ოდნავ დიდი ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება და ჩვენგან დაახლოებით 640 სინათლის წლითაა დაშორებული. ის საკუთარ მნათობთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მისი ერთი წელი სულ რაღაც 1.8 დღეში გადის. განათებულ ნახევარსფეროში, რომელიც მუდმივად მნათობისკენაა მიბრუნებული, ტემპერატურა 2000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ასეთი სიცხე რკინის ასაორთქლებლად საკმარისია, რომელიც მის ღრუბლებსა და წვიმაში გვხვდება.
როცა ეგზოპლანეტა ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ მოძრაობს, სპეციალისტებს მისი ატმოსფეროს შედგენილობის შესწავლის საშუალება ეძლევათ. იქ რკინის გარდა ნატრიუმი, კალციუმი, ქრომი, ლითიუმი, წყალბადი, ვანადიუმი, მაგნიუმი, აზოტი, მანგანუმი, კალიუმი და ბარიუმია დაფიქსირებული.
ახალი კვლევის თანახმად, რკინის ატომების საკმაოდ დიდ რაოდენობას ციურ სხეულზე ძლიერად მქროლავი ქარიც შეიცავს, ხოლო ამ ლითონის ნაწილაკების ნაკადი ატმოსფეროს ქვედა ფენებიდან ზემოთ ადის.
მეცნიერებმა ეს მაშინ დაადგინეს, როცა WASP-76b-ს განათებულ მხარეს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის სპექტროგრაფით ESPRESSO აკვირდებოდნენ. ეს სტაბილური და მაღალი სპექტრული გარჩევადობის მქონე ხელსაწყოა, რომელიც ატმოსფეროს შემადგენელი სხვადასხვა ელემენტისთვის დამახასიათებელ სინათლეს აფიქსირებს.
მეცნიერებმა აღნიშნული მონაცემები გააანალიზეს მეთოდით, რომელსაც მაღალი გარჩევადობის ემისიური სპექტროსკოპია ეწოდება. ის ციური სხეულის აირად გარსში არეკლილ სინათლეში ამა თუ იმ ქიმიური ანაბეჭდის გამოვლენას გულისხმობს. სწორედ ასე აღმოაჩინეს სპეციალისტებმა რკინის კვალი და დაასკვნეს, რომ ის ქვედა შრეებიდან ზემოთ მიემართება.
მსგავსი კვლევები გვეხმარება, რომ შორეულ ეგზოპლანეტებზე მიმდინარე საინტერესო პროცესები შევისწავლოთ და წარმოვიდგინოთ, როგორი გარემოა თითოეულ მათგანზე. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები