გაიცანით კაცი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ამით სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობს
იაპონელ სპორტსმენს დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ის ამით სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობს.
იაპონელი კაცი ამბობს, რომ თითქმის 12 წლის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ ნახევარი საათი ეძინა და თვლის, რომ ეს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას გააორმაგებს. მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ძილის ასეთმა რეჟიმმა მისი მუშაობის ეფექტიანობა გაზარდა.
დაისუკ ჰორი 40 წლისაა და ფიტნესით აქტიურადაა დაკავებული. მისი თქმით, სხეულსა და გონებას ისე ავარჯიშებს, რომ ამისთვის მინიმალურ ენერგიას ხარჯავს. სწორედ აქედან გამომდინარე, დაღლილობას თითქმის არასდროს გრძნობს. ჰორიმ ძილის შემცირება დაახლოებით 12 წლის წინ დაიწყო, რათა ყოველდღიურად უფრო მეტი აქტიური დრო ჰქონოდა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჭამამდე ერთი საათით ადრე არ ივარჯიშოს და არც ყავა დალიოს. ეს ძილიანობის თავიდან აცილებაში ეხმარება.
ჰორი მეწარმეა, რომელიც ყველაფერთან ერთად გატაცებულია მუსიკით, ფერწერითა და დიზაინით. მან 2016 წელს იაპონიის ძილის ასოციაციაც დააარსა, სადაც ადამიანებს ძილის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის.
მაღალი ხარისხის ძილი თუ დიდხანს ძილი
ჰორის დაკვირვებით, ადამიანები, რომლებსაც სამსახურში მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, ხშირად უფრო მეტ სარგებელს იღებენ მაღალი ხარისხის ძილით, ვიდრე ხანგრძლივი ძილით.
იაპონიის ტელეარხი ჰორის რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა და აღმოაჩინა, რომ მას დღეში მხოლოდ 26 წუთი ეძინა. ჟურნალისტის გასაკვირად, ჰორმა 26 წუთიანი ძილის შემდეგ ენერგიულმა გაიღვიძა.
როგორც წესი, მისი დღე მოიცავს საუზმეს, სამუშაოსა და ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს. ამ დროისთვის, ჰორს დაახლოებით 2 100 სტუდენტი ჰყავს და ისინიც ცდილობენ ძილის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას.
ერთმა სტუდენტმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მან 8 საათიანი ძილი 90 წუთამდე შეამცირა. ის ამისთვის ბევრს ვარჯიშობდა და ახლა უკვე ოთხი წელია რაც ასეა.
ექიმების გაფრთხილება
ჰორზე გაკეთებულ სიუჟეტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები წერდნენ, რომ ჰორის მსგავსად, არც მათ უნდათ ძილში დროის დაკარგვა. შესაბამისად, ბევრმა ჰორისგან ძილის კონტროლის სწავლის სურვილიც გამოთქვა.
თუმცა, ექიმების აზრით, ხანმოკლე ძილი ყველასთვის არ არის რეკომენდებული, რადგან მას თავისი გვერდითი ეფექტები აქვს. გუო ფეი, ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ნევროლოგი, ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად საშუალოდ7-იდან 9 საათამდე უნდა ეძინოს.
გუოს თქმით, ძილი გადამწყვეტია სხეულისა და ტვინის ფუნქციონირების აღსადგენად. ნევროლოგმა ასევე დასძინა, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების მკვეთრი დაქვეითება და იმუნიტეტის დასუსტება.
კომენტარები