შექმნეს ნანორობოტები, რომლებითაც ტვინის ანევრიზმის მკურნალობაა შესაძლებელი
მეცნიერებმა შექმნეს ნანორობოტები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ანევრიზმის კერაში პრეპარატის შეტანა და დაზიანებული სისხლძარღვის მკურნალობაა შესაძლებელი. ეს ინსულტის რისკის შემცირების საშუალებას გვაძლევს.
ახალი მეთოდი ჯერჯერობით მხოლოდ კურდღლებზე გამოცადეს, მაგრამ თუ ის ადამიანებშიც ეფექტიანი იქნება, შესაძლოა, სტენტირების ან სპეციალური ზამბარების ალტერნატივად იქცეს. ანევრიზმა სუსტი არტერიის კედლის გაბერვას ეწოდება, რასაც სწორედ სტენტის ან ზამბარის ჩანერგვით ეწინააღმდეგებიან. ეს იმპლანტანტები სისხლდენას აჩერებს, მაგრამ მაინც პრობლემურია, რადგან, არაა გამორიცხული, სისხლდენა ხელახლა დაიწყოს. ასევე, ზოგჯერ სისხლის გამათხელებლების მიღებაა საჭირო, რათა თრომბი არ ჩამოყალიბდეს.
"ჩვენ მიერ შექმნილი, დისტანციურად მართვადი, მაგნიტური ნანორობოტები ტვინის ანევრიზმების უფრო უსაფრთხოდ და მაღალი სიზუსტით მკურნალობის გზას გვთავაზობს, იმპლანტანტების გამოყენების გარეშე.
მათი მეშვეობით, ასევე, ქირურგების იმ დიდი ძალისხმევის დაზოგვაა შესაძლებელი, რომელსაც სისხლძარღვების რთულ სისტემაში გრძელი და წვრილი მიკროკათეტერის შეყვანას ახმარენ", — ამბობენ ავტორები.
ანევრიზმის წარმოქმნა სხეულის ნებისმიერ ნაწილშია შესაძლებელი. როცა ის ტვინში ჩნდება, მისი გასკდომის რისკი არსებობს, რაც ინსულტს იწვევს. ამასთან შესაწინააღმდეგებლად მეცნიერებმა შექმნეს ნანორობოტები, რომელთა დიამეტრიც მხოლოდ 295 ნანომეტრია, ანუ ბევრად პატარა ზომისაა, ვიდრე ბაქტერიების უმეტესობა.
თითოეული მათგანი მაგნიტური ბირთვისგან, ანევრიზმის სამკურნალოდ საჭირო თრომბინისგან და სპეციალური საფარველისგან შედგება, რომელიც სხეულისთვის უსაფრთხო მაღალ ტემპერატურაზე დნება და პრეპარატს გამოყოფს. ნანორობოტები სამიზნე ზონისკენ მაგნიტური ველის საშუალებით გადაადგილდება, ადგილზე მიღწევის შემდეგ კი მათზე სითბოთი მანიპულირებენ, რათა თრომბინები გამოთავისუფლდეს და ანევრიზმა სხვა სისხლძარღვებისგან დაბლოკოს.
ნანორობოტებს სისხლში ექიმები შეიყვანენ, რისთვისაც მიკროკათეტერს გამოიყენებენ, ანუ სისხლძარღვებში ღრმად ხელით შეყვანა არ დასჭირდებათ, განსაკუთრებით ტვინში. ეს მეთოდი მეცნიერებმა ჯერ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის უჯრედებზე გამოცადეს, ხოლო შემდეგ — სამ კურდღელზე. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რადგან ნანორობოტებმა ანევრიზმამდე მიაღწია და სტაბილური თრომბის წარმოქმნის გზით სრულად დაბლოკა (ის ტვინში სისხლის მიმოქცევას არ აფერხებს).
მომავალში ეს ნანორობოტები უფრო დიდი ზომის ცხოველებზე უნდა გამოცადონ და მათი ეფექტიანობა/უსაფრთხოებაც დაადასტურონ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Small გამოქვეყნდა.
კომენტარები