ვენერა უთანამგზავრო პლანეტაა — აი, რატომ
დედამიწის გარშემო მხოლოდ ერთი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს — მთვარე. ამის მიუხედავად, მზის სისტემის გიგანტური პლანეტების ირგვლივ ათობით ასეთი ობიექტია, მაგალითად, იუპიტერის შემთხვევაში ეს რიცხვი 90-ს აღემატება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა იფიქროთ, რომ ეულად არცერთი ციური სხეული გადაადგილდება, თუმცა ასე არაა.
მერკური და ვენერა — ისინი მზესთან ახლომდებარე პლანეტებია, რომელთა ორბიტაზეც სხვა კოსმოსური ობიექტი არ გვხვდება. პირველი მათგანი ვარსკვლავთან იმდენად მცირე დისტანციაზე მოძრაობს, რომ პოტენციური თანამგზავრის მიზიდვა-შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა, რადგან ამას მზის ძლიერი გრავიტაცია შეუშლიდა ხელს. მაგრამ რატომ დარჩა მარტო ვენერა? ან იყო კი სულ ასე?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ციურმა სხეულმა ბუნებრივი თანამგზავრი სამგვარად შეიძლება შეიძინოს. პირველი ე.წ. გრავიტაციული ჩაჭერაა, როგორც, მაგალითად, ნეპტუნმა ჩაიჭირა მისი უდიდესი თანმხლები ობიექტი, ტრიტონი. ვარაუდობენ, რომ ის კოიპერის სარტყელში მდებარე ჯუჯა პლანეტა იყო, როგორიც პლუტონია, მაგრამ შემდეგ ნეპტუნს ზედმეტად მიუახლოვდა და მის ორბიტაზე განლაგდა.
მეორე გზა თანაფორმირებაა, რაც ნიშნავს, რომ პლანეტაცა და მის გარშემო მოძრავი სხეულიც ერთდროულად წარმოიქმნება. მზის სისტემაში ასეთია იუპიტერი და მისი გალილეისეული თანამგზავრები — იო, კალისტო, განიმედი და ევროპა. თითოეული მათგანი აირის ამ გიგანტის მიერ მოგროვებულ მატერიაში ჩამოყალიბდა.
მესამე გზა კატაკლიზმური შეჯახებებია. სწორედ ეს მოხდა დედამიწაზე, რომელსაც 4.5 მილიარდი წლის წინ უფრო მომცრო ზომის პლანეტა თეია შეეჯახა. შედეგად, კოსმოსში გატყორცნილი ფრაგმენტები გაერთიანდა და მთვარე წარმოქმნა.
ახლა კი ვენერას დავუბრუნდეთ, რომელსაც დედამიწის მასის 80% აქვს. ერთი შეხედვით, მის შემთხვევაში თანამგზავრის შეძენის სამივე შესაძლებლობა გამორიცხული არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მის ორბიტაზე არაფერია.
მზის სისტემის ფორმირების თეორიების მიხედვით, ის ადრეულ ქაოსურ პერიოდში მასშტაბურ შეჯახებებს ვერ აიცილებდა თავიდან, რაც, დიდი ალბათობით, ახალი ობიექტის ჩამოყალიბებით უნდა დასრულებულიყო. სავარაუდოა, რომ ეს ჰიპოთეზური სხეული ვენერას ირგვლივ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდებოდა, შემდეგ კი მას ეტაპობრივად ჩამოშორდებოდა, რაც მზის გრავიტაციით იქნებოდა პროვოცირებული.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვენერამ მეორე დიდი შეჯახებაც განიცადა, რამაც მისი ბრუნვა შეცვალა (ის საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს). შესაძლოა, ამის გამო ჰიპოთეზური თანამგზავრი ისევ პლანეტას მიახლოებოდა და მას შენარცხებოდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვით ნამდვილად ასე მოხდა თუ არა, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ახსნაა, რომელიც ვენერას მახასიათებლებს შეესაბამება. რაც უფრო უკეთ შევისწავლით მას მომავალში, მეტის გაგების საშუალება მოგვეცემა.
კომენტარები