"უნდა გამოიძიონ" — NASA მასკისა და პუტინის სავარაუდო ფარულ კონტაქტს ეხმიანება
24 ოქტომბერს Wall Street Journal-მა ილონ მასკისა და ვლადიმირ პუტინის ფარული კომუნიკაციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ამ ცნობების თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი აქვთ როგორც პირადი, ისე გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ.
მასკს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო კრემლში ყველაფერს უარყოფენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მასკსა და პუტინს შორის მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც კოსმოსური ინდუსტრია და ამჟამინდელი/მომავლის ტექნოლოგიები განიხილეს.
მასკის ამ სავარაუდო კონტაქტს NASA-ს ხელმძღვანელი 25 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო ეკონომიკის სამიტზე გამოეხმაურა. ბილ ნელსონმა ეჭვების შესახებ ღიად ისაუბრა:
"არ ვიცი, ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა გამოიძიონ. თუ მასკსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია მართლაც არაერთხელ შედგა, ეს შემაშფოთებელი იქნება, განსაკუთრებით NASA-სთვის და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის", — განაცხადა მან.
საქმე ისაა, რომ ილონ მასკი კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის NASA-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რადგან რაკეტა Falcon 9-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთისა და ასტრონავტების გაგზავნას უზრუნველყოფს. ასევე, იქმნება ახალი რაკეტა Starship-იც, რომლითაც მთვარეზე ადამიანების გაშვება იგეგმება.
ფაქტობრივად, ილონ მასკის კომპანია NASA-ს უმნიშვნელოვანეს მისიებში უდიდეს როლს ასრულებს, პარალელურად კი რუსეთი კოსმოსურ ინდუსტრიაში აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ჯერ კიდევ განიხილება. ასეც რომ არ იყოს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსა და შტატებს შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა, რის გამოც პუტინთან მასკის კომუნიკაცია საყურადღებოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასკი ტრამპის მხარდამჭერია და ბაიდენის კრიტიკას არ ერიდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ თავად SpaceX-თან მჭიდრო საქმიან ურთიერთობას განაგრძობს.
კომენტარები