ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას ეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული.

"რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება", — აცხადებენ ევროკომისიაში.

საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.

"ჩვენი ძალისხმევა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ წარმატების თანასწორუფლებიანობას უზრუნველვყოფთ და ყველა პლატფორმა, მათ შორის Temu, პატივს სცემს ყველა იმ კანონს, რომლებიც ევროპის ბაზარს უსაფრთხოსa და სამართლიანს ხდის", — ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი, მარგრეტ ვესტაგერი.

მართალია, Temu პლატფორმიდან აკრძალულ პროდუქტებს დროდადრო შლის, მაგრამ ისინი მალევე ისევ ჩნდება. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რაც უნდა გამოსწორდეს.

ევროპის ბაზარზე Temu 2024 წლის აპრილში შევიდა და ამ რეგიონში უკვე 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს პოპულარობა მას ვალდებულს ხდის, რომ ციფრული სერვისების კანონს დაემორჩილოს, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

ამის თავიდან ასაცილებლად Temu-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ეჭვები უსაფუძვლოა ან პლატფორმაში ეფექტიანი ცვლილებები შეიტანოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.