ტიბეტის მთიანეთში ადამიანები ევოლუციას ჩვენს თვალწინ განიცდიან
ადამიანის ევოლუცია არ დასრულებულა. ეს ახლაც გრძელდება, რადგან ჩვენი ორგანიზმი გარემოსთან ადაპტაციას არასდროს წყვეტს.
ვიცით, რომ მთამსვლელებს ხშირად სიმაღლის დაავადება ემართებათ, რადგან ატმოსფერული წნევა იცვლება და ფილტვებში ნაკლები ჟანგბადი ჩადის. ამის მიუხედავად, ტიბეტის მაღალ მთებში ადამიანები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, სადაც ჰაერში ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია.
უკვე 10 000 წელია, ეს რეგიონი დასახლებულია. ამ დროის განმავლობაში მოსახლეობის ორგანიზმი ტიბეტის მთიანეთისთვის დამახასიათებელ გარემოს იმგვარად მოერგო, რომ ჟანგბადის ნაკლებობას უძლებს. მათ ადგილზე ადამიანთა დიდ ნაწილს უბრალოდ ჰიპოქსია განუვითარდებოდა. ესაა მდგომარეობა, როცა სხეულში ჟანგბადის დეფიციტია.
"სიმაღლეზე ყოფნით გამოწვეულ ჰიპოქსიასთან ადაპტაცია გასაოცარია, რადგან მისი თანმდევი სტრესი საკმაოდ ძლიერია და მას კონკრეტულ სიმაღლეზე ყველა ერთნაირად განიცდის. ეს შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, თუ რატომაა ჩვენს სახეობაში ასეთი მრავალფეროვანი ბიოლოგიური ვარიაცია", — ამბობს ანთროპოლოგი სინტია ბელი.
ახალი კვლევის ფარგლებში მან, კოლეგებთან ერთად, ტიბეტის მთიანეთში მცხოვრები ადამიანების სიმაღლესთან ადაპტაცია შეისწავლა. მათ ყურადღება ქალებზე გაამახვილეს, რადგან ევოლუციურად ადაპტაციის ერთ-ერთი ინდიკატორი წარმატებული გამრავლებაა (ვინაიდან ქალის ორგანიზმი ამ დროს ძლიერ სტრესს უძლებს). რეპროდუქციულად აქტიური ქალები გადარჩენისთვის საჭირო "უნარებს" შვილებს გადასცემენ, ისინი კი — მომდევნო თაობებს. ეს ბუნებრივი გადარჩევაა.
მეცნიერებმა ნეპალში, დაახლოებით 3 500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მცხოვრები 417 ქალი გამოიკვლიეს, რომელთა ასაკიც 46-86 წელი იყო. მათ მთელი სიცოცხლე იქ ჰქონდათ გატარებული. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქალებში შობადობის მაჩვენებელი 0-დან 14-მდე მერყეობდა, საშუალოდ კი 5.2-ს შეადგენდა. გააანალიზეს ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიის შესახებ შეგროვებული ინფორმაციაც.
გაირკვა, რომ შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალების ორგანიზმში ჰემოგლობინი ზომიერ ფარგლებში ნარჩუნდებოდა, მაგრამ სისხლში ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია ჩვეულებრივზე მაღალი იყო. ეს მიანიშნებს, რომ ადაპტაციამ მათ მაქსიმალური ჟანგბადის ათვისების შესაძლებლობა სისხლის გასქელების გარეშე მისცა, რაც გულის მუშაობას გაართულებდა.
"ცოცხალი შობადობის რაოდენობა სარგებელს ზრდის", — აცხადებს სინტია ბელი.
ასევე, აღმოჩნდა, რომ რეპროდუქციული წარმატება ფილტვებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასთან და გულის უფრო განიერ მარცხენა პარკუჭთანაა დაკავშირებული. ის ჟანგბადით გაჯერებულ სისხლს სხეულის სხვადასხვა ნაწილისკენ ტუმბავს. ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ ორგანიზმი თუნდაც ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი აირი აითვისოს და გამოიყენოს.
"იმის გაგება, თუ როგორ ახერხებენ მსგავსი პოპულაციები ადაპტაციას, ადამიანის ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება", — ამბობს, ბელი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები