ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ქვაზე არსებული მწვანე "ლაქები" დააფიქსირა
თითქმის 4 წელია, რაც NASA-ს მავალი Perseverance მარსს იკვლევს. ის წითელი პლანეტის ზედაპირს აანალიზებს და გრუნტის ნიმუშებსაც აგროვებს, რომელთა შესწავლაც იმის გაგებაში დაგვეხმარება, იყო თუ არა იქ ოდესმე მიკრობული სიცოცხლე.
19 აგვისტოს, მისიის 1243-ე დღეს, მან მარსზე არსებულ ქვაზე უჩვეულო მომწვანო "ლაქები" დააფიქსირა. მოზაიკური სურათი აპარატზე დამონტაჟებულმა კამერა SHERLOC WATSON-მა გადაიღო.
ქვა Wallace Butte-ის სახელით ცნობილი ქანის აბრაზიული ნაწილია. მისი დიამეტრი 5 სანტიმეტრია, ზოლო დიდი მწვანე "ლაქის" ზომა მხოლოდ 2 მილიმეტრამდეა. მწვანე არეალები გამოსახულების ზედა მარცხენა კუთხეში მოჩანს.
მოწითალო ქანები, რომლებიც მარსზე გვხვდება, დედამიწაზეცაა გავრცელებული და მათში შემავალი რკინის ჟანგვას უკავშირდება. ჩვენს პლანეტაზე ასეთ ქანებში ზემოთ ნაჩვენების მსგავსი მომწვანო ნაწილებიცაა. აქ ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა წყალი დანალექში ჩაედინება, სანამ ის გამყარდება და ქვად იქცევა. ამ პროცესში ისეთი ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს, რომლებიც დაჟანგულ რკინას ცვლის და მომწვანო შეფერილობას აძლევს.
ზოგჯერ ამაში მიკრობებიც იღებენ მონაწილეობას. იგივე ხდება ორგანული მატერიის დაშლის ან რკინა-გოგირდის ურთიერთქმედების შემთხვევაშიც. ძნელი სათქმელია, აქედან რომელმა ფაქტორმა განაპირობა მარსის ქვაზე მწვანე "ლაქების" გაჩენა.
მავალმა ისინი საკმარისი სივრცის არქონის გამო უფრო ახლოდან ვერ გადაიღო. შესაბამისად, ქვის შედგენილობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ Perseverance იქ კიდევ ბევრ საინტერესო წარმონაქმნს გადააწყდება.
კომენტარები