ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის "მინი კვერცხები" აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის
2021 წელს პალეონტოლოგებმა ჩინეთში ძალიან მცირე ზომის განამარხებულ კვერცხებს მიაგნეს, რომლებიც დინოზავრს ეკუთვნის. ისინი სამშენებლო სამუშაოებისას გამოჩნდა და განადგურებას მხოლოდ ასე გადაურჩა. ნაჭუჭები ქვაშია შემონახული, რომელიც ცარცული პერიოდისაა, დაახლოებით 80 მილიონი წლის წინანდელი.
ყველაზე პატარა "მინი კვერცხის" სიგრძე მხოლოდ 2.9 სანტიმეტრია, რითაც მან პირველობა იაპონიაში მიკვლეულ 4.5-სანტიმეტრიან კვერცხს ჩამოართვა. ეს უკანასკნელი Himeoolithus murakamii-ს სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც 110 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
გამოცემა Historical Biology-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში სპეციალისტები წერენ, რომ ჩინეთში ნაპოვნი კვერცხები აქამდე უცნობი სახეობისაა, რომელსაც Minioolithus ganzhouensis ეწოდება. ეს ტირანოზავრის მსგავსი თეროპოდია, მაგრამ უცნობია რამდენად იზრდებოდა მათი სხეული გამოჩეკის შემდეგ.
მეცნიერები ამბობენ, რომ "მინი კვერცხები" დღემდე ძალიან კარგადაა მოღწეული, მიუხედავად იმისა, რომ 80 მილიონი წლისაა. ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით დადგინდა, რომ მათი შიდა სტრუქტურაც თითქმის მთლიანად დაუზიანებლადაა შემონახული. დამატებითმა კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს, როგორი რეპროდუქციული პროცესები მიმდინარეობდა გვიანი ცარცული პერიოდის თეროპოდებში.
უნდა ითქვას, რომ დინოზავრების კვერცხის ზომა და ფორმა განსხვავებული იყო და ცხოველთა სხეულის სიდიდეს არ განსაზღვრავდა. მაგალითად, ზოგიერთი ორნითოპოდი დაახლოებით 14 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხებს დებდა, გიგანტური ტიტანოზავრები კი — 15 სანტიმეტრისას.
კომენტარები