NASA-ს სატელიტმა უჩვეულო ღრუბელი გადაიღო, რომელიც ყოველთვის ერთ ადგილას ჩნდება
NASA-ს სატელიტმა უცნაური ფორმის ღრუბელი დააფიქსირა. იგი ახალი ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია და სტრატ-ტაიერის რეგიონს გადმოჰყურებს.
გამოსახულება ნასას სატელიტმა 7 სექტემბერს გადაიღო. სურათზე წაგრძელებული, უცნაური ფორმის, ღრუბელი ჩანს, რომელიც მთათა სისტემას გადმოჰყურებს. ეს ღრუბელი ხშირად ერთსა და იმავე ადგილას ფორმირდება, ამიტომ ადგილობრივები მას "ტაიერის შინაურ ცხოველს" უწოდებენ.
NASA-ს მიხედვით, ასეთ ღრუბელს მუდმივი მაღალგროვა ოსპისებრი ღრუბელი (ASLC) ეწოდება. მსგავსი სტრუქტურა მაშინ ფორმირდება, როცა ქარი ციცაბო ბარიერს, თუნდაც მთათა სისტემას, ეჯახება. ასეთ დროს ჰაერის ნაკადი აისხლიტება და მდგომარე ტალღა წარმოიქმნება; პარალელურად ტალღის ზედა ნაწილი იმდენად ცივდება, რომ წყლის ორთქლი იქმნება, მისი კონდენსაციის შედეგად კი ღრუბლებს ვიღებთ.
"როცა ამ ტალღის ზემოთ ღრუბელი ფორმირდება, იგი თითქმის უძრავადაა ცაში, ფორმას კი მასში გამავალი ძლიერი ქარების გავლენით იძენს", — NASA-ს განცხადებაში განმარტა ჯონ ლოუმ, ახალი ზელანდიის MetService-ის მეტეოროლოგმა.
ASLC ღრუბლებმა შეიძლება უფრო უცნაური ფორმებიც მიიღოს, იქნება ეს ერთმანეთზე დაწყობილი დისკებისა თუ — ცად აზიდული ვიწრო თასების მსგავსი.
ტაიერის ღრუბლის შემთხვევაშიც, გვერდიდან თუ შევხედავთ, ღრუბლების ერთმანეთზე დაწყობილ შრეებს დავინახავთ.
"ამ ღრუბლებში უნიკალური ისაა, რომ ისინი ძალიან მოძრავია; მაშინ, როცა ჰაერის თითოეული ნაკადი გაცივების, კონდენსაციის, გათბობისა და აორთქლების ციკლს გადის, ღრუბელი ვიზუალურად უძრავი რჩება", — განმარტა კარლ ფილიპოფმა, ამინდის სპეციალისტმა.
მკაფიო კონტურის მქონე ტაიერის ღრუბელი ბუნების ძალებმა წარმოქმნა. როგორც ლოუმ ახსნა, მისი გამოჩენა "კარგი ინდიკატორია ატმოსფეროში ძლიერი ქარების არსებობისა".
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, NASA-ს გაფრთხილებით, ღრუბელთან ახლოს ფრენა უსაფრთხო არაა. შესაძლოა, ამან ძლიერი ტურბულენტობა გამოიწვიოს.
კომენტარები